ეს არის არა მხოლოდ რომელიღაც პოლიტიკოსების და, ამ შემთხვევაში, პოლიტპატიმრების, არამედ მთელი საზოგადოების მიმართ უტიფარი, ცინიკური დამოკიდებულება იმ რეჟიმის, რომელიც შიგნით კრიზისშია, – ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ მიხეილ ყაველაშვილის შეთავაზებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც დაპატიმრებული პოლიტიკოსების მიმართ გაკეთდა.
ბოკერიას თქმით, ხვალ რომ მართლაც გაათავისუფლონ დაკავებული პოლიტიკოსები, ამით შეცდომაში არავინ უნდა შევიდეს, რადგან, მისი განმარტებით, ეს ხალხის დაბნევის მცდელობა იქნება.
„ეს, ისევე როგორც ყველა ნაბიჯი ამ რეჟიმის, არის არა მხოლოდ რომელიღაც პოლიტიკოსების და, ამ შემთხვევაში, პოლიტპატიმრების, არამედ მთელი საზოგადოების მიმართ უტიფარი, ცინიკური დამოკიდებულება იმ რეჟიმის, რომელიც შიგნით კრიზისშია, წნეხის ქვეშ არის ჩვეულ მეთოდს მიმართავენ – საზოგადოების დეზორიენტაციისა და დემორალიზაციის მცდელობას.
როცა ასეთ რეჟიმთან გვაქვს საქმე, როგორიც ივანიშვილის რეჟიმია, სადაც ყველაფერი შეიძლება თქვა, ურთიერთგამომრიცხავი რაღაცები, რთულია ხოლმე, თან როცა იმ კაცის (ბიძინა ივანიშვილის) ინსტინქტებიდან გამომდინარე მოქმედებენ. ერთადერთი, რაც შემიძლია, ვთქვა, ეს განცხადება არაფერს არ ცვლის. მეტსაც გეტყვით, ყველა პოლიტპატიმრის ციხეში ჯდომა არის პრობლემა ზოგადად ქვეყნისთვის და ნებისმიერი მათგანის გათავისუფლება არის სრულიად ლეგიტიმური მოთხოვნა, მაგრამ ესეც კი ვერ შეცვლიდა ვერაფერს. აი, ხვალ რომ რაღაც ასეთი გააკეთოს, რათა კიდევ უფრო დააბნიოს ხალხი, ამითაც არავინ არ უნდა შევიდეს შეცდომაში.
არსებითად ეს კაცი, მისი გარემოცვა შეუთავსებელია საქართველოს ეროვნული ინტერესებთან, ჩვენს დამოუკიდებლობასთან, ჩვენს სიმშვიდესთან, უსაფრთხოებასთან, ქვეყნის ამ ჩიხიდან გამოსვლასთან – ეს არის ის, რის გარშემოც საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი არის გაერთიანებული“, – განაცხადა ბოკერიამ.
ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა თვითმმართველობის არჩევნების საკითხზეც ისაუბრა და გიორგი გახარიას პარტია და „ლელო – ძლიერი საქართველო“ გააკრიტიკა.
ბოკერიას თქმით, იმის ნაცვლად, რომ „ლელოს“ პარტიებთან ესაუბრა, იმ განცხადების საწინააღმდეგო კამპანია დაიწყეს, რომელსაც მანამდე თავადვე ეთანხმებოდნენ.
„შეიძლება მე ვცდები და ეს არჩევნები იყოს ტაქტიკურად სწორი ინსტრუმენტი, როგორ უნდა მოქცეულიყო პოლიტიკური ძალა, რომელიც თვლის, რომ ასეთ ვითარებაში, მას შემდეგ, რაც თვითონ აქვთ ნათქვამი, რომ არჩევნებს საერთოდ აზრი აღარ აქვს ამ ქვეყანაში? ეს ვითარება ხომ უნდა შექმნა, ამ ვითარების შექმნისთვის საჭიროა ერთიანობა და საზოგადოების მხარდაჭერა. ასეთ დროს როგორ იქცევი?! – ცდილობ, რომ გაესაუბრო ყველა პოლიტიკურ აქტიურ ძალას და მარტო პარტიებს კი არა, სამოქალაქო აქტიურ ჯგუფებს. როგორ მოიქცა ჯერ გახარია, შემდეგ „ლელო“ – ყველაზე უფრო ოლიგარქიული მიდგომით, ჩვენ ამას ვაკეთებთ და ფეხებზე გვკიდიხართო – ეს არის, რასაც ასხივებენ ყველგან.
კი ამბობენ, ლაპარაკი გვინდაო, მაგრამ ლაპარაკი თუ უნდოდათ, იმ სივრცეში, სადაც პარტიებთან ერთად იყვნენ ერთი ქოლგის ქვეშ, პრეზიდენტ ზურაბიშვილის პლატფორმაში, როგორ შეიძლება წინა დღეს ამის საპირისპირო განცხადებას დაეთანხმო და ორ დღეში დაიწყო კამპანია ამის წინააღმდეგ, გამოაცხადო, არჩევნებში უნდა შევიდეთო, ისე, რომ არავისთან არც კი გისაუბრია“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
