გიგა ბოკერია – არ ვიზიარებ წამმზომის ჩართვას, რას ნიშნავს „ან ახლა, ან არასდროს“? ხვალ თუ არ დაემხო ხელისუფლება, თავისუფლებისთვის აღარ ვიბრძოლებთ? ეს არის აბსურდი – ვიღაც რომ რაღაც მთავრობას გამოაცხადებს, არასერიოზულია

„ფედერალისტების“ თავმჯდომარე აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ ჩიხშია, თუმცა ჯერ „კედელთან არ არის მიყენებული“.
როგორც ბოკერიამ „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემაში „360 გრადუსში” განაცხადა, მთავარი ამოცანაა, მოხდეს საზოგადოების აზრის გარდატეხა და „რეჟიმის ჩამოცილება ქვეყნისთვის მინიმალური ზიანით“.
მან ასევე აღნიშნა, რომ ხვალ დაგეგმილი აქცია, მისი შეფასებით, ფართომასშტაბიანი უნდა იყოს და ნათლად უნდა აჩვენოს, რომ პროტესტი ძლიერდება და საზოგადოების დიდი ნაწილი მზად არის პროცესის გაგრძელებისთვის.
„ეს რეჟიმი ჩიხშია, ოღონდ კედელთან არ არის მიყენებული. ჩვენი ამოცანაა, ქვეყნისთვის ნაკლები ზიანით მოხდეს მათი ჩამოცილება. მთავარია საზოგადოების აზრის გარდატეხა. ჩვენ ამ გზაში ვართ, პროტესტი რამდენი ხანია გრძელდება, განსაკუთრებით საშუალო კლასში, ოღონდ საჭიროა გაფართოება. ჯერ არ ვართ ზღვარზე, მაგრამ იმის თქმა, ან ახლა ან არასდროს, არის შეცდომა. იმედი მაქვს, ხვალ დიდი აქცია იქნება, რომლის გზავნილი იქნება, რომ პროტესტი მზარდია და საზოგადოების უდიდეს ნაწილს ექნება განცდა, რომ ჩვენ ამ გზაზე სვლას ვაგრძელებთ, მოქალაქეების დარწმუნებას, რომ ქვეყნის წინსვლა რეჟიმის შეცვლის გარეშე, ვერ მოხერხდება“,- განაცხადა ბოკერიამ და დასძინა, რომ „ქართული ოცნება“ კრიზისს ვერ ამთავრებს.
ასევე, „ფედერალისტების“ თავმჯდომარემ განაცხადა, რომ არჩევნებში მონაწილეობა რეჟიმის ლეგიტიმაციას ხელს უწყობს, ხოლო დაბალი აქტივობა – დააჩქარებს დასუსტებას.
„რაც უფრო ნაკლები ადამიანი მივა ხვალ არჩევნებზე, მით უფრო მოახლოვდება იმ ამოცანის შესრულება, რასაც ამ რეჟიმის დამარცხება ჰქვია. მორალურად უფრო გარიყული იქნება ეს რეჟიმი. ამ მომენტში, სადაც დღეს ჩვენ ვიმყოფებით, უკეთესი რესურსი არ გაგვაჩნია. რაც უფრო მეტი ადამიანი მივა არჩევნებზე, ძალაუნებურად ხელს შეუწყობენ ამ ფსევდო ლეგიტიმაციას, ამიტომ ამ არჩევნებზე გამიჯვნა დაასუსტებს რეჟიმს. ყველა გაიგებს, რომ ცოტა ხალხი მივიდა არჩევნებზე“,- განაცხადა ბოკერიამ.
ამასთან, ბოკერიამ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის ის განცხადება შეაფასა, სადაც ამბობს, რომ არჩევნებზე არ მისვლა ნიშნავს, რომ თქვენს ხმას ნებაყოფლობით ჩუქნით „ქართულ ოცნებას“.
ბოკერიას თქმით, ხაზარაძის პარტიამ უკვე მიიღო „კატასტროფულად მცდარი გადაწყვეტილება“ და ახლა პასუხისმგებლობის თავიდან ასაცილებლად სხვებს აკისრებს ბრალს.
„აბა რას იტყვის , სხვა რა გზა აქვს. ამ პოლიტიკურმა ძალამ, რაც კატასტროფულად მცდარი გადაწყვეტილება მიიღო, სხვა რა უნდა თქვას? სხვისკენ უნდა გაიშვირონ ხელი. მათ იცოდნენ, რომ ასეთი ვითარება იყო. ახლა რომ წუწუნებს ამაზე, ეს მოცემულობა მან აქამდეც იცოდა. ეს არის გამოვლინება იმისა თუ როგორი უპასუხისმგებლო ნაბიჯი იყო ეს. პოლიტიკურ ჯგუფებს შორის შიდა დისკუსიებში ამ პარტიას, მის ლიდერებს არც კი უცდიათ მოესმინათ და გაეგოთ რა არგუმენტები იყო. არც თვითონ უცდიათ დაერწმუნებინათ“,- განაცხადა ბოკერიამ.
ამასთან, ბოკერიამ კრიტიკულად შეაფასა ოპოზიციის ნაწილის მოწოდება – „ან ახლა, ან არასდროს“, მისი თქმით, მსგავსი გზავნილი საზოგადოებაში იმედგაცრუებას იწვევს და ხელისუფლების პოზიციებს აძლიერებს.
„პირველ რიგში არ ვიზიარებ საკუთარი თავისთვის წამმზომის ჩართვას და იმის დემონსტრირებას, თითქოს წკიპზე ვართ – ახლა თუ არ ვქენით, მერე აზრი აღარ ექნება არაფერს. ეს არის ყველაზე დამაზიანებელი გზავნილი. სლოგანიც იყო – „ან ახლა, ან არასდროს“. რას ნიშნავს არასდროს? ხვალ თუ არ დაემხო ხელისუფლება, თავისუფლებისთვის აღარ ვიბრძოლებთ ქართული საზოგადოება? ეს არის აბსურდი და საზიანო. ეს არის იმედგაცრუების კვება, რაზეც დგას ეს რეჟიმი, ამიტომაც ვართ ამ განაცხადის მიმართ კრიტიკულები“,- განაცხადა ბოკერია.
კითხვაზე, მიდის თუ არა 4 ოქტომბერს, 16:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ აქციაზე, ბოკერიამ განმარტა, რომ 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე ტრადიციულ აქციას დაესწრება.
მისივე თქმით, მოწოდებას ხელისუფლების შეცვლის აუცილებლობის შესახებ ეთანხმება, თუმცა იმ მოსაზრებას, რომ აქციაზე შესაძლოა „მთავრობა გამოცხადდეს“, არასერიოზულად მიიჩნევს.
„მე მივდივარ რუსთაველის გამზირზე ტრადიციულ აქციაზე. ეს აქცია, მისი ორგანიზატორები და მათი გეგმები უცნობია. რაც ცნობილია ბუნდოვანია და მათი გზავნილები არის მცდარი, ამიტომ არ ვართ ამ აქციის ორგანიზატორები, მაგრამ იმის გამო, რომ ისინი პარლამენტის წინ აქციას ატარებენ, ამის გამო უარს არ ვიტყვი რუსთაველზე ვიყოთ, როგორც დავდივართ, ტრადიციულად. მოწოდება იმის შესახებ, რომ რეჟიმი უნდა შეიცვალოს, ვეთანხმები. მაგრამ მოწოდება იმის შესახებ, რომ ვიღაც რაღაც მთავრობას გამოაცხადებს, არასერიოზულად მივიჩნევ“, – განაცხადა ბოკერიამ.