გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდებული 3 არასრულწლოვნის განაჩენი გამოცხადდა. ალექსანდრე გაბაშვილი, გიორგი რიკაძე და დემეტრე ჩიქოვანი მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა დამნაშავედ 5 აპრილს ცნო, თუმცა, სასჯელის განსაზღვრის სხდომა დღეს, 8 აპრილს გაიმართა.
სამივე არასრულწლოვანს წარდგენილი მუხლით გათვალისწინებული უმაღლესი სასჯელი შეეფარდა, თუმცა, არასრულწლოვანთა კოდექსის თანახმად, მათ სასჯელის ვადა 1/4-ით შეუმცირდათ.
კერძოდ, ალექსანდრე გაბაშვილსა და გიორგი რიკაძეს 14- 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ, თუმცა, არასრულწლოვანთა კოდექსის მიხედვით, მათ პატიმრობის ვადა 10 წელსა და 6 თვემდე შეუმცირდათ.
დემეტრე ჩიქოვანს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. არასრულწლოვანთა კოდექსის მიხედვით, ის საპატიმროში 6 წელსა და 9 თვეს გაატარებს
მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა სამივე არასრულწლოვანი მათთვის ბრალად წარდგენილ სამივე მუხლში ცნო დამნაშავედ. პროკურატურა არასრულწლოვნებს ედავებოდა: ჯანმრთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმე დაზიანებას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ასევე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობას.
ახალგაზრდა მასწავლებელს თავს პირველ ოქტომბერს დაესხნენ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა და სამკვირიანი კომის შემდეგ კლინიკაში გარდაიცვალა. თავდაპირველად, საქმეზე ორი არასრულწლოვანი დააკავეს. ა.გ-ს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ედავებიან, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ხოლო გ.რ-ს – დანაშაულის შეუტყობინებლობას.
“დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 1-ელ ოქტომბერს, თბილისში, ზღვის უბნის დასახლებაში, ბრალდებულმა მეგობარ გოგონასთან არასასურველი კომუნიკაციის და ეჭვიანობის გამო, დაზარალებულს სახის არეში მუშტი დაარტყა, რის შედეგადაც იგი წაიქცა და სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე დაზიანება მიიღო.
დაზარალებული 24 ოქტომბერს სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა. მძიმე დანაშაულის ჩადენის მომენტში შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა კიდევ ერთი პირი, რომელმაც აღნიშნული ფაქტის ამსახველი ვიდეო გადაიღო და მომხდარი მძიმე დანაშაულის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა” – წერდა პროკურატურა.
გიგა ავალიანის ოჯახმა პროკურატურასთან რამდენიმე აქცია გამართა, ისინი ბრალდების კვალიფიკაციის შეცვლას და სხვა პირების დაკავებასაც ითხოვდნენ. დეკემბრის ბოლოს დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით კიდევ ორი არასრულწლოვანი დააკავეს, მათ შორის, ზემოთხსენებული დ.ჩ.
ამის შემდეგ, გიგა ავალიანის ოჯახმა კიდევ რამდენიმე აქცია გამართა, მათ შორის, საქმის მასალების გადაცემის და გენერალური პროკურორის გადადგომის მოთხოვნით. 17 იანვარს ეკა კუპატაძე შიმშილობის დაწყებასაც აანონსებდა, თუმცა, 14 იანვარს დაწერა, რომ საქმის მასალები გადაეცა და დაგეგმილ აქციას დროებით აუქმებდა.
პროკურატურამ გიგა ავალიანის მკვლელობის საქმის ფარგლებში დაკავებულ 3 არასრულწლოვანს ალექსანდრე გაბაშვილს, გიორგი რიკაძესა და დემეტრე ჩიქოვანს ბრალი 10 თებერვალს დაუმძიმა. გამოძიება მათ ავალიანის საქმის გარდა ედავება ჯგუფური ძალადობის 4 სხვადასხვა ეპიზოდს.
4 მარტს, სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ, პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ განაცხადა, რომ ექსპერტების თქმით, გიგა ავალიანს დაზიანება მიყენებული ჰქონდა წინ, მარჯვენა შუბლის მიდამოში.
16 მარტს, პროკურორმა განაცხადა, რომ ავალიანის საქმეზე მაღალჩინოსნის მერაბ მალანიას შვილი, გიორგი მალანია გამოიკითხა.
27 მარტს, პროკურატურის განცხადებით, გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე, ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტზე არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინეს.