გიგა ავალიანის დედა – ვიდრე ყველა პროკურორი არ დაჯდება საბრალდებო სკამზე, მკვლელებთან ერთად, უკან არ დავიხევ

ვიდრე ყველა პროკურორი არ დაჯდება საბრალდებო სკამზე, მკვლელებთან ერთად, მე მანამდე არ დავიხევ უკან, – ამის შესახებ მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედამ, გენერალურ პროკურატურასთან გამართულ აქციაზე განაცხადა.
ეკატერინე კუპატაძის განცხადებით, 8 იანვრამდე აძლევს პროკურატურას ვადას, რათა „შეუძლებელი შეძლონ“, საქმე გამოიძიონ და დამნაშავეები დასაჯონ.
„გიგა ავალიანის სიცოცხლე არ იყიდება. მე ვიბრძოლებ სიცოცხლის ბოლო წამამდე და ყველას დავსვამ საბრალდებო სკამზე, ვისაც რამე გადაცდომა აქვს გიგას მკვლელობასთან მიმართებაში. არ დავზოგავ არავის არც სრულწლოვანს, არც არასრულწლოვანს, მიუხედავად სქესისა, ვისაც იოტისოდენა შემხებლობა მაინც აქვს, ყველა დაჯდება საბრალდებო სკამზე. პროკურატურის წამმზომი ჩართულია. 1-ელ ოქტომბერს მკვლელებმა მარტო მე და გიგას კი არ გამოგვიტანეს განაჩენი, ამათაც გამოუტანეს განაჩენი“, – განაცხადა ეკატერინე კუპატაძემ.
ცნობისთვის, გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცავებმა ჯამში 4 პირი დააკავეს. მათგან ალექსანდრე გაბაშვილს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინა ბრალდება, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა, ხოლო გიორგი რიკაძეს და კიდევ ორ არასრულწლოვანს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ მზადდება და ჩადენილია მძიმე დანაშაული.