არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის თქმით, ბოლო ინფორმაციით, საჯარო სამსახურებიდან 400-მდე ადამიანი გათავისუფლდა.
გიგაურის ცნობით, მათი გათავისუფლების მიზეზი იმ უკანონობასთან გამიჯვნაა, რაც საქართველოში ხდება.
“ბოლო პერიოდში ძალიან ბევრ საჯარო სამსახურის უწყებაში ხდება რეორგანიზაცია. აბსოლუტურად უმიზეზოდ ძალიან ბევრი ადამიანი სამსახურიდან გაუშვეს […] ბოლო ინფორმაციით, საჯარო სამსახურებიდან უკვე 400-მდე ადამიანი გათავისუფლდა. ეს პროცესი გრძელდება. ჩვენ საჯარო მოსამსახურეებისგან ზარებს ყოველდღიურად ვიღებთ […]
მათი გათავისუფლების მთავარი მიზეზი ის არის, რომ ისინი საქართველოს კონსტიტუციას იცავენ და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ იმ უკანონობას გაემიჯნონ, რაც დღეს საქართველოში ხდება. ისინი ჩვენი ქვეყნის სიყვარულისთვის ისჯებიან. ჩვენ ამ ადამიანების დახმარებას გავაგრძელებთ”, – თქვა გიგაურმა.
