გია ჯაფარიძე: 26 ოქტომბერი უნდა გახდეს შემობრუნების წერტილი, ხვალ ვიმარჯვებთ ჩვენი შვილებისთვის, ჩვენი სახელოვანი წინაპრებისთვის, ჩვენი თავისთვის, ჩვენი თავისუფლებისთვის

“საარჩევნო კამპანია დასრულდა.
ეს იყო სრულიად განსხვავებული გამოცდილება, რაც მანამდე არასდროს არ მქონია.
მადლობა მინდა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, ვისაც შევხვდი და ხელი ჩამოვართვი, ვინც სიხარულით გვხვდებოდა, თუ ვერ ან არ გამოხატავდა სიხარულს, ვინც იმედით გვხდებოდა, თუ არ ჰქონდა ჩვენი იმედი. მადლობა ყველას, საქართველოს ყველა კუთხეში, სადაც ჩასვლა მოვასწარი.
მადლობა ჩვენი კამპანიის უხილავ გმირებს, ვინც კამპანიის ლოჯისტიკას უზრუნველჰყოფდა, დაგვყვებოდა მთელ საქართველოში, გვერდიდან არ გვშორდება და გვიტანდა ხშირად ისეთს, როგორიც ვართ. მადლობა ჩვენს სტაფს.
მადლობა საარჩევნო კომისიის წევრებს და დამკვირვებლებს. ხვალ მათ მოუწევთ საარჩევნო უბნებზე საქართველოს ევროპული მომავლის დაცვა.
მადლობა ემიგრანტებს, ვისაც რუსულმა შეშინებულმა მთავრობამ არ მისცა კონსტიტუციური უფლების განხორციელების საშუალება თავიანთ ქალაქებში, არ გაუხსნა საარჩევნო უბნები და ისინი ხვალ შორ მანძილს გაივლიან და მაინც მისცემენ ხმას საქართველოს ევროპულ მომავალს. მადლობა იმ წერილებისთვის, რასაც ვიღებ, მადლობა თბილი სიტყვებისთვის და სიყვარულისთვის, მადლობა, რომ ამდენი წლის შემდეგ გახსოვართ. განსაკუთრებული მადლობა ჩვენს ემიგრანტებს საბერძნეთსა და კვიპროსზე.
მადლობა ჩემს სტუდენტებს, ყოფილებს და ამჟამინდელს, მადლობა, რომ მენდეთ, მადლობა, რომ დაიჯერეთ, მადლობა, რომ იბრძვით, მადლობა, რომ არ დაიღალეთ, მადლობა, რომ არ გეშინიათ, მადლობა, რომ იცავთ თავისუფლებას და საქართველოს. მადლობა ყველა ახალგაზრდას. გამარჯვება არის თქვენში.
მადლობა ჩემს კოლეგებს უნივერსიტეტებსა და არასამთავრობო სექტორში. მადლობა გამხნევებისთვის, გვერდში დგომისთვის.
მადლობა ჩვენი კოალიციის ლიდერებს, თითოეულ წევრს, რომ მენდნენ და მხარი დამიჭირეს.
მთელი კამპანიის მანძილზე ყველგან, სადაც ვიყავი, ხალხი ითხოვს ქართულ ოცნებად წოდებული რუსული კოშმარის შეცვლას. მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობა არის ყველაზე ანტიქართული, ყველაზე ანტიეროვნული მთავრობის წინააღმდეგ. ყველას განწყობა არის ოპტიმისტური და ყველა მზად არის ცვლილებისთვის. 26 ოქტომბერს მოქალაქეთა თვითორგანიზებული ჯგუფები შესაბამის პასუხს გასცემენ საქართველოს ისტორიული არჩევანისა და ქართველი ხალხის ურყევი ნების ღალატს – ასე მჯერა.
26 ოქტომბერი უნდა გახდეს შემობრუნების წერტილი, ხვალ ვიმარჯვებთ ჩვენი შვილებისთვის, ჩვენი სახელოვანი წინაპრებისთვის, ჩვენი თავისთვის, ჩვენი თავისუფლებისთვის. როცა ერთად ვართ, ვიგებთ” – წერს გია ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ