გია ჯაფარიძე – 12 წელია საქართველოს მოქალაქეები ებრძვიან უმუშევრობას, სიღარიბეს, მაღალ ფასებს, ამ დროს ხელისუფლება წყვეტს იმ სასიცოცხლო კავშირებს, რომელიც ჩვენ აშშ-სთან გვქონდა

12 წელია საქართველოს მოქალაქეები ებრძვიან უმუშევრობას, სიღარიბეს, მაღალ ფასებს, ამ დროს საქართველოს ხელისუფლება წყვეტს იმ სასიცოცხლო კავშირებს, რომელიც ჩვენ გვქონდა საქართველოს მრავალწლიან პარტნიორთან ამერიკის შეერთებულ შტატებთან,- ამის შესახებ „ერთიანობის“ერთ-ერთმა ლიდერმა გია ჯაფარიძემ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, მაშინ როდესაც შეჩერებულია ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაცია, ამერიკის შეერთებული შტატები ოფიციალურ თბილისთან ურთიერთობის სრულმასშტაბიანი გადახედვის პროცესშია, რაც მოსახლეობას კიდევ უფრო მეტ სიღარიბეს მოუტანს.
„საქართველოს ხელისუფლება თავს ესხმის ამერიკის შეერთებულ შტატებს, უყენებს ცრუ ბრალდებებს. მაშინ როდესაც შეჩერებულია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, ამერიკის შეერთებული შტატები არის საქართველოსთან ურთიერთობების სრული, ფართომასშტაბიანი და ღრმა გადახედვის პროცესში. ეს ნიშნავს, რომ იქნება კიდევ უფრო მეტი სანქცია საქართველოს ხელისუფლების მიმართ, ეს ნიშნავს, რომ საქართველო მოექცევა უფრო მეტ საერთაშორისო იზოლაციაში, რაც თავის მხრივ ითარგმნება უმუშევრობის, სიღარიბის გაზრდაში. საქართველოს მოქალაქეები „ქართლი ოცნების“ მხრიდან არიან განწირული სიღარიბისთვის. ჩვენ ეს უნდა დავასრულოთ 26 ოქტომბერს! 26 ოქტომბერს უნდა გადავწყვიტოთ, როგორ ქვეყანაში გვინდა ცხოვრება – გვინდა ცხოვრება სიღარიბეში, უპერსპექტივობაში, თუ გვინდა ვიცხოვროთ კეთილდღეობაში და გვინდა ვიცხოვროთ მშვიდობაში. 26 ოქტომბერს ჩვენ ჩვენი არჩევანით გამოვიყვანთ საქართველოს საერთაშორისო იზოლაციიდან და აღვადგენთ იმ პარტნიორულ ურთიერთობებს ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რომელიც გვქონდა წლების განმავლობაში. ჩვენ დავაბრუნებთ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე”, – განაცხადა ჯაფარიძემ.