გია ჯაფარიძე – მარნეულის იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც ოპოზიცია დიდი უპირატესობით იგებს, ცდილობენ ფიზიკური შეხლა-შემოხლის პროვოცირებას და ძალადობენ კომისიის წევრებსა თუ დამკვირვებლებზე

იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც ოპოზიცია დიდი უპირატესობით იგებს, ცდილობენ ფიზიკური შეხლა-შემოხლის პროვოცირებას და ძალადობენ კომისიის წევრებსა თუ დამკვირვებლებზე, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა გია ჯაფარიძემ განაცხადა, რომელიც მარნეულში კოალიციის სხვა ლიდერებთან ერთად ჩავიდა.
ჯაფარიძის თქმით, ყველა დარღვევა აღრიცხული იქნება. მისივე განცხადებით, მთავარია, საქართველოს მოქალაქეებმა არ დაიზარონ და გამოვიდნენ სახლებიდან.
„პირველ რიგში, მადლობა თავისუფალ მედიას იმ მყისიერი რეაგირებისთვის, რაც გაქვთ. ვფიქრობ, დღეს მედიის როლი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რადგან იმ მოვლენებს, რასაც ვაკვირდებით, ასეთი ტენდენცია იკვეთება: იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც ოპოზიცია დიდი უპირატესობით იგებს, ცდილობენ ფიზიკური შეხლა-შემოხლის პროვოცირებას და ძალადობენ კომისიის წევრებსა თუ დამკვირვებლებზე. როგორც ჩანს, მსგავსი დავალება აქვთ მიღებული.
ამჟამად მარნეულში ვიმყოფებით. ამ მომენტში ვართ მარნეულის 69-ე უბანზე, რომელიც გახსნილია. პრობლემები იყო ასევე 18-ე უბანზეც, სადაც ცდილობდნენ პირადობის მოწმობის გარეშე ხმის მიცემას. 64-ე უბანზეც დაფიქსირდა დარღვევები. როგორც ჩანს, მარნეულის ყველა საარჩევნო უბანზე ხელოვნურად ცდილობენ პრობლემების შექმნას.
ჩვენ აქ ჩამოვედით სწორედ ამ საკითხებზე რეაგირებისთვის. ჩვენს წარმომადგენელს ერთ-ერთ უბანზე ფიზიკურად დაესხნენ თავს, რის გამოც ის ახლა საავადმყოფოშია. აქ იმყოფებიან უცხოელი დამკვირვებლები და საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებიც. ეს ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ “ქართული ოცნება” აგებს ამ არჩევნებს და ასეთ მეთოდებით ცდილობს ხელი შეუშალოს ოპოზიციის გამარჯვებას.
ჩვენ ყველა დარღვევას ვაფიქსირებთ და აღვრიცხავთ. ყველაფერი ჩვენს მიერ მონიშნული და აღრიცხულია. ახლა მთავარი ის არის, რომ საქართველოს მოქალაქეებმა არ დაიზარონ, გამოვიდნენ სახლიდან, მივიდნენ საარჩევნო უბნებზე და მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში. ეს აუცილებელია, რომ საქართველოში დავასრულოთ რუსული გავლენები და ქვეყანა დავაბრუნოთ ევროპის კავშირში გაწევრიანების გზაზე. რაც უფრო მაღალი იქნება აქტივობა, მით უფრო დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს ოპოზიცია ამ არჩევნებში”, – განაცხადა გია ჯაფარიძემ.
დარღვევებზე კომენტარი გააკეთა ამავე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა დიმიტრი შაშკინმაც.
„მარნეულის ეს კონკრეტული, 69-ე უბანი იყო ჩვენი ერთ-ერთი საუკეთესო უბანი და ჩვენ ყოველთვის ვიგებდით დიდი სხვაობით, ეს კარგად იცოდა „ქართულმა ოცნებამ“ და დემონსტრაციულად ჩაყარა ბიულეტენები, რათა გაუქმებულიყო ეს უბანი, უბანს ვერ გააუქმებენ და იგივე ელოდებათ ყველგან, ანუ ჩვენი გამარჯვება”, – განაცხადა „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დიმიტრი შაშკინმა.