გია ჯაფარიძე – ევროპის კავშირში საქართველოს გაწევრიანების გზაზე არსებობს ერთადერთი წინაღობა, მას ჰქვია “ქართულ ოცნებად” წოდებული რუსული კოშმარი – ეს წინაღობა 26 ოქტომბერს უნდა მოვხსნათ გზიდან

ევროპის კავშირში საქართველოს გაწევრიანების გზაზე არსებობს ერთადერთი წინაღობა, მას ჰქვია “ქართულ ოცნებად” წოდებული რუსული კოშმარი და ეს წინაღობა 26 ოქტომბერს უნდა მოვხსნათ ამ გზიდან , – ამის შესახებ “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა გია ჯაფარიძემ პარტიის შემაჯამებელ ღონისძიებაზე განაცხადა.
“ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა გია ჯაფარიძემ ევროკავშირის სიკეთეებზე ისაუბრა.
“მოგესალმებით, არ ვიღლებით, ბოდიშს არ ვუხდით და ქედს არ ვუხრით ოკუპანტებს! ჩვენ მივდივართ გამარჯვებისკენ, ჩვენ უნდა აღვასრულოთ ქართველი ხალხის ნება და საქართველო უნდა გავაწევრიანოთ ევროპის კავშირში, საქართველოს ყველა მოქალაქეს უნდა ჰქონდეს ევროკავშირის პასპორტი! ევროპის კავშირში საქართველოს გაწევრიანების გზაზე არსებობს ერთადერთი წინაღობა და ამ წინაღობას ჰქვია “ქართულ ოცნებად” წოდებული რუსული კოშმარი! 26 ოქტომბერს ჩვენ ამ გზიდან ეს წინაღობა უნდა მოვხსნათ!
რა მოიტანა “ქართული ოცნების” 12-წლიანმა მმართველობამ: საერთაშორისო იზოლაცია.
საქართველოს ჰყავს მთავრობა, რომელმაც ქვეყანა მოაქცია იზოლაციაში, საქართველოს ჰყავს მთავრობა, რომლის წევრები არიან სანქციების ქვეშ. ვის უნახავს, სანქცირებულ მთავრობას ქვეყანა შეეყვანოს ევროპის კავშირში? საქართველოს ჰყავს პოლიტპატიმრები; ვის უნახავს ქვეყანა, რომელსაც პოლიტიკური პატიმრებით შესძლებია ევროკავშირში გაწევრიანება? შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი არის პოლიტიკური პატიმარი: პოლიტიკური პატიმრებით ევროკავშირში ვერ წევრიანდებიან!
საქართველოს ჰყავს მთავრობა, რომელიც მიუღებელია ცივილიზებული სამყაროსთვის, მთავრობა რომელსაც აგდებენ სამთავრობო მიღებებიდან, ჩვენ ეს მთავრობა უნდა მოვიშოროთ შემდეგ შაბათს.
12-წლიანმა მმართველობამ მოიტანა სიღარიბე საქართველოში, როცა მოქალაქეები ცხოვრობენ გაჭირვებაში და ამის გამო გარბიან ქვეყნიდან: მილიონამდე საქართველოს მოქალაქე ემიგრაციაშია, უცხო ქვეყნებში შრომობს და იქ შრომით ინახავს ოჯახებს. სკოლებში ვერ ტარდება მშობელთა კრებები იმის გამო, რომ მოსწავლეების მშობლები იმყოფებიან ემიგრაციაში. ვერ ხერხდება კრებების ჩატარება თუნდაც ონლაინ რეჟიმში, რადგან ისინი იმყოფებიან სხვადასხვა საათობრივ სარტყელში.
„ქართული ოცნების“ 12-წლიანმა მმართველობამ მოიტანა გაყოფილი ოჯახები. ჩვენ გპირდებით, რომ ჩვენ გავაერთიანებთ ქართულ ოჯახებს, რომ ის ემიგრანტები, რომლებსაც ძალიან სურთ საქართველოში დაბრუნება, დაბრუნდებიან სამშობლოში, რადგან ჩვენც გვექნება ევროპული პასპორტი.
რა არის ევროკავშირი? ევროკავშირი – ეს არის 500 მილიონიანი კეთილდღეობის სივრცე. არ არსებობს მსოფლიოში სხვა წერტილი, არ არსებობს კონტინენტი, სადაც 500 მილიონი ადამიანი ცხოვრობს კეთილდღეობაში. ევროპის კავშირი ეს არის ხელმისაწვდომი ჯანდაცვა, სადაც ადამიანს არ ეშინია ავად გახდომის და სადაც არჩევანი არ არის მედიკამენტებსა და საკვებს შორის, როგორც ეს საქართველოშია. ევროპის კავშირის ყველა მოქალაქესთან მიდის კომფორტული გზა, აქვს 24-საათიანი წყლით მომარაგება, ელექტროენერგია, გაზი და ასე შემდეგ.
ევროკავშირი არის უსაფრთხოების სივრცე, რომელსაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ ახსოვს კონფლიქტი და ეს არის უნიკალური შემთხვევა, როცა ამდენი ხნის მანძილზე, ევროპის კონტინენტზე, არის უწყვეტი მშვიდობა.
ევროკავშირი არის უკეთესი განათლება და ეს გვინდა ჩვენ ჩვენი შვილებისთვის, საქართველოსთვის. ჩვენც გვინდა, რომ გვქონდეს ისეთი პასპორტი, რომელიც არის ყველაზე ღირებული პასპორტი მსოფლიოში.
ჩვენ უნდა მივიდეთ შაბათს არჩევნებზე, უარი უნდა ვუთხრათ “ქართულ ოცნებად” წოდებულ რუსულ კოშმარს, გავისტუმროთ ისინი ხელისუფლებიდან და გავაფერადოთ ხუთიანი!
26 ოქტომბერს ჩვენ ვაფერადებთ ხუთიანს და მოგვაქვს საქართველოსთვის ევროპის პასპორტი, რაც ნიშნავს ყველა იმ სიკეთეს, რაც ზემოთ ჩამოვთვალე”, – განაცხადა გია ჯაფარიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ბიძინა ივანიშვილი – ადამიანმა არ უნდა იცოდეს, ვინ არის, ეს არის დამონების უახლესი იარაღი – 5 წუთის წინ კაცი ხარ და შეგიძლია თქვა: არა, მე უკვე ქალი ვარ, შენ უკვე არ იცი ვინ ხარ – მამაკაცების საპირფარეშოებში ჰიგიენურ ხელსახოცებს დებენ, ის, რომ მამაკაცის რძე იგივეა, რაც დედაკაცის