დარწმუნებული ვარ, რომ „MEGOBARI აქტი“ იქნება მიღებული. საკანონმდებლო დონეზე გაფორმდება ის, რომ „ქართული ოცნება“ არის საერთაშორისო კეთროვანი, რომ„ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობა არ შეიძლება – ეს იქნება ძალიან დიდი ნაბიჯი ჩვენი ბრძოლის საბოლოო წარმატების საქმეში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გია ჯაფარიძემ „ინტერპრესნიუსს“ თბილისში მიმდინარე აქციაზე განუცხადა.
მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რაც ხდება, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარეთ.
ჯაფარიძის თქმითვე, „იმისთვის, რომ ბრძოლა წარმატებით დასრულდეს, მას ორი განზომილება აქვს – შიდა და გარე განზომილება“.
„შიდა განზომილება არის უწყვეტი პროტესტი. ეს პროტესტი ხან არის ძალიან ხალხმრავალი, ხან შეიძლება არ იყოს ხალხმრავალი. მთავარი არის ის, რომ პროტესტი არსად წასულა. პროტესტი აქ არის. მე თუ მკითხავთ, პროტესტი, საერთოდ მზარდია და გარე განზომილება ეს არის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა. ეს მხარდაჭერა ბევრნაირად შეიძლება იყოს გამოხატული და მათ შორის, ერთ-ერთი არის იმ ადამიანების სანქცირება, ვინც მიიტაცა ქართული სახელმწიფო, ქართველი ხალხის ნება, გააყალბა საპარლამენტო არჩევნები, მიტაცებული აქვს ძალაუფლება, ვინც აწამა და არაჰუმანურად მოექცა ადამიანებს. სანქცირება არის მნიშვნელოვანი კომპონენტი ამ ბრძოლაში. ავტორიტარიზმისგან განსხვავებით, დემოკრატია შედგება პროცედურებისგან, ეს პროცედურები აშშ-ში დაწყებულია, 27 მარტს კიდევ ერთი პროცედურული ნაწილი იქნება. რა თქმა უნდა, 27 მარტს არაფერი დასრულდება, ეს ერთ-ერთი ეტაპია. ყველა პროცედურის დასრულების შემდეგ, რასაც გარკვეული დრო დასჭირდება. დარწმუნებული ვარ, რომ „ MEGOBARI აქტი“ იქნება მიღებული. საკანონმდებლო დონეზე გაფორმდება ის, რომ „ქართული ოცნება“ არის საერთაშორისო კეთროვანი, რომ „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობა არ შეიძლება. ეს ყველაფერი საკანონმდებლო დონეზე მიიღება. რასაკვირველია, ეს იქნება ძალიან დიდი ნაბიჯი ჩვენი ბრძოლის საბოლოო წარმატების საქმეში. ამას ძალიან დიდი ოპტიმიზმით ვუყურებ“, – განაცხადა გია ჯაფარიძემ.
