საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ პოლიტიკის ანალიტიკოს,გია ხუხაშვილსესაუბრა.
– ბატონო გია, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ოპოზიციონერ ლიდერებს ციხეში უშვებს. იურისტებისთვის სასამართლოს გადაწყვეტილებების საფუძველი, რბილად რომ ვთქვათ, უსამართლოა და მოქმედ კანონმდებლობასაც კი არ შეესაბამება.
ციხეში აღმოჩნდნენ ის ოპოზიციონერებიც კი, ვინც აქტიურად ეწინააღმდეგებოდა ადგილობრივ არჩევნებზე ოპოზიციის ბოიკოტს. გუშინ ციხეში გაუშვეს ხაზარაძე-ჯაფარიძე, დღეს გიორგი ვაშაძე. როგორც ამბობენ, ასეთივე ბედი ელის გიორგი გახარიას.
სავარაუდოდ, რატომ დგამს ასეთ ნაბიჯებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება?
– სრულიად ცხადია, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ავტორიტარულ რეჟიმს აშენებს. ავტორიტარული მმართველობის პირობებში არ იგულისხმება პოლიტიკური კონკურენცია. ქვეყანაში უნდა არსებობდეს ერთი დომინანტური პარტია, რომელსაც ეყოლება თავისი სატელიტები. არჩევნები უნდა ტარდებოდეს მშვიდ, წყნარ გარემოში, მუდმივად უნდა იმარჯვებდეს მმართველი პარტია, რომელსაც უნდა ჰყავდეს ხელის ოპოზიცია.
ასე შენდებოდა რუსეთში რუსული ტიპის ავტორიტარული მმართველობა. ვინც რუსული მმართველობის ქართულ ავტორიტარულ სისტემაში არ ჯდება, ისინი გასაყვანი არიან ლეგალური პოლიტიკური სივრციდან.
ხელისუფლებას არანაირი მიზანი არ ჰქონდა რომ ოპოზიციას არჩევნებში მონაწილეობა მიეღო. ხელისუფლება არ დაუშვებდა არჩევნებისთვის კონკურენტული გარემოს შექმნას და ისეთი პოლიტიკური ძალების მონაწილეობას, რომლებსაც კონკურენციისა და კვალიფიციური პოლემიკის უნარი აქვს.
„ქართულ ოცნებას“ არ ჰქონია იმის ამოცანა, რომ ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკური ჯგუფები არჩევნებში მონაწილეობაზე დაეთანხმებინა. ხელისუფლების ამოცანა იყო ადგილობრივი არჩევნები ჩატარდეს ისეთი ტიპის პარტიებთან ერთად, რომლებიც უკვე მოთვინიერებულნი არიან. ისინი დათანხმდებიან თამაშის იმ წესებზე, რასაც მათ ხელისუფლება შესთავაზებს.
ვინც ხელისუფლების თამაშის ამ წესებს არ მიიღებს, ისინი უნდა წავიდნენ ლეგალური საჯარო სფეროდან. ზოგი უნდა წავიდეს ციხეში, ზოგი უცხოეთში უნდა წავიდეს. ვიღაცა სამზარეულოში უნდა დაბრუნდეს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ასეთი იყო თავიდანვე ხელისუფლების ამოცანა.
აქედან გამომდინარე უხერხული იყო ის რიტორიკა, რომელიც გვესმოდა, – თითქოს ხელისუფლების ამოცანა იყო არჩევნებში ჩაეთრია ოპოზიციური სპექტრი. ამ თემაზე ბოლო დღეების განმავლობაში აბსურდული პოლემიკა მესმოდა.
ვხედავთ სურათს, ვიღაც კომისიაზე მივიდა, ვიღაც არ მივიდა, ვიღაცამ გირაო გადაიხადა. ვიღაც დაიჭირეს, ვიღაცას დაჭერით ემუქრებიან მიუხედავად იმისა, თუ როგორ მოიქცა. გახარია კომისიაზე მივიდა, რასაც ჰქვია, ითანამშრომლა, მაგრამ, შედეგი ასეთია – ისეთ საქმეს უკერავენ, რომ არაა გამორიცხული 15 წლით მიუსაჯონ თავისუფლების აღკვეთა.
ჩვენ უნდა გვესმოდეს, ჩვენს ოპონენტს რა უნდათ და აქედან გამომდინარე ვაგებდეთ პოლიტიკას. ხელისუფლება აკეთებს იმას, რაც დამახასიათებელია ავტორიტარული მმართველობისთვის. ხელისუფლებას გადაწყვეტილება აქვს მიღებული, ადგილობრივი არჩევნების დასრულების დღიდან ქვეყანაში ავტორიტარული რეჟიმი უნდა იყოს დამკვიდრებული.
დიდ სურათში მარტო პარტიებზე არ არის შეტევა. საზოგადოებრივი მოძრაობები და არასამთავრობო სექტორზე არ ხორციელდება შეტევა? მედიასთან ვითარების დალაგება არ მიდის? ხელისუფლება ყველა მიმართულებით მოქმედებს. თუ ყველაფერს ერთ მთლიანობაში დავინახავთ, ყველაფერი ცხადი გახდება.
– როგორც ჩანს, ამის გაგრძელებაა, „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონით რიგი უფლებების და პრივილეგიების გაუქმება. ვხედავთ, რომ ამ კანონში ცვლილებებზე პარლამენტი დაჩქარებული წესით მუშაობს.
სასამართლოების შენობაში დარბაზებსა და ეზოებში ფოტო-ვიდეო გადაღება და ტრანსლაცია დაუშვებელი იქნება. გადაღების უფლება სასამართლოს ან სასამართლოს მიერ უფლებამოსილ პირს ექნება.
ასეთმა კანონმდებლობამ სამართლებრივად სანამდე შეიძლება მიგვიყვანოს?
– აქ სამართლებრივ კანონმდებლობაზე უკვე აღარაა საუბარი. ავტორიტარიზმის დამკვიდრება ასე ხდება, – ჯერ უკანონობა უნდა დაამკვიდრო, შემდეგ იმ კანონის მეშვეობით დაიწყო განუკითხაობა.
ოპოზიციონერების დაკავებისას ხელისუფლება კანონის დარღვევით აპელირებს. მოსამართლე იტყვის – მე კანონს ვასრულებო, მაგრამ, თავად კანონი რომ უკანონოა და ცივილიზებული სამყაროსათვის მიუღებელი ეს უკვე აღარავის აინტერესებს. უკანონობის დაკანონების გზით კანონზე აპელირება, ავტორიტარული მმართველობის სისტემისთვისაა დამახასიათებელი.
„სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანას მხოლოდ სათავისოდ გამოიყენებენ. აბსურდამდე ვართ მისული – ჟურნალისტური გამოძიებით კითხვები რომ დასვას ჟურნალისტმა და აღმოაჩინოს რომ მრავლადაა კორუფციული თემები, მტკიცების ტვირთი ჟურნალისტზეა და პროკურატურის ნაცვლად მან უნდა ამტკიცოს ჩადენილია თუ არა დანაშაული. თუ ამის დამადასტურებელი ფაქტები ვერ მიიტანა, ასეთ შემთხვევაში ჟურნალისტი ისჯება.
მაშინ პროკურატურა რაში გჭირდება? პროკურორის ფუნქციებს აკისრებენ ჟურნალისტს. არა კორუმპირებულ ჩინოვნიკს, არამედ ჟურნალისტს, რომელმაც თურმე კორუმპირებულ ჩინოვნიკს უნდა დაუმტკიცოს მისი კორუმპირებულობის ფაქტი.
მეორე მხარის მიმართ არაფერი არ მუშაობს. ყველაზე მეტი ცილისწამება საიდან მოდის? ხელისუფლებასთან აფილირებული ჯგუფებისგან. ეს მე ჩემს თავზე არა ერთხელ მაქვს გამოცდილი.
– ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალმა საქართველოსთან დაკავშირებით „დამატებით შემზღუდველი ზომების“ მიღება ივლისისთვის გადადო.
როგორც ჩანს, არაა გამორიცხული, ვინც ამის წინააღმდეგია, იმ ქვეყნებს ხმაც კი შეიძლება შეუჩერონ. ისეთი პირი უჩანს, ევროკავშირის მხრიდან ხელისუფლების წარმომადგენლებზე სანქციების დაწესება საქმეს არ უშველის, არა და ისევ ამ სანქციებზეა საუბარი?
– ევროკავშირმა საქართველოს მიმართ ყოვლისმომცველი სანქციები რომ მიიღოს, გარედან ხელისუფლებაზე ზეწოლა არ იქნება საკმარისი. გარედან ზეწოლა პროცესს მხოლოდ ხელს უწყობს. დასავლელი პარტნიორები ჩვენი ქვეყნის ინტერვენციას ხომ არ დაიწყებენ?
ჩვენ არ უნდა გვქონდეს იმის ილუზია, რომ მთელი ქართული ოცნების“ ხელისუფლება მკაცრი სანქციების ქვეშ რომ აღმოჩნდეს, სიტუაცია ქვეყანაში შეიცვლება. დასავლეთის მხრიდან ხელისუფლებაზე ზეწოლა კი იქნება, მაგრამ, ხელისუფლებაზე ზემოქმედება ქვეყნის შიგნით ხალხმა უნდა განახორციელოს და ეს ხელისუფლება სახლში გაუშვას.
ილუზიაა იმაზე ფიქრი, რომ დასავლეთი „ქართულ ოცნებას“ ძალაუფლებას წაართმევს და ოპოზიციას ხონჩით მიართმევს. ასე არ ხდება. დასავლეთს შეუძლია მხოლოდ დაგეხმაროს, მეტს ვერაფერს ვერ გააკეთებს.
– გერმანიის ელჩმა საქართველოში პეტერ ფიშერმა რიტორიკული კითხვა დასვა – „საით მიდიხარ საქართველო“? ევროკავშირის მინისტერიალის შედეგების კომენტირებისას მანვე ასევე განაცხადა – „საქართველოს ევროპული მომავალი საფრთხეშია“.
იმის ფონზე, რაც საშინაო პოლიტიკაში ხდება, თქვენი პასუხი ელჩ ფიშერის რიტორიკულად დასმულ კითხვაზე როგორი იქნება?
– რუსეთში მივდივართ. ეს ხომ იმდენად აშკარაა, რომ სხვა გზას ეს ხელისუფლება არც იტოვებს. „
ქართული ოცნების ხელისუფლება დასავლეთს ეუბნება – მიმიღე ისეთი, როგორიც ვარ, თუ არადა მაშინ წავალ რუსეთში. ამას ამბობენ დიდი ხანია და თან ლამის ყოველ დღე, და მეტს არც არაფერს ამბობენ.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი