გია ხუხაშვილი – ჩანს არა 3, არამედ 4 ოპოზიციური ცენტრის კონტურები, რაც კრიტიკულად მაღალი რისკის შემცვლელი კონფიგურაციაა – თუ ამ ოთხიდან ერთიც ვერ გადალახავს 5%-იან ბარიერს, ეს ნაშთი მიდის ხელისუფლების ბეღელში

უკვე ჩანს არა 3, არამედ 4 ოპოზიციური პოლიტიკური ცენტრის კონტურები. 4 უკვე არის კრიტიკულად მაღალი რისკის შემცვლელი კონფიგურაცია. თუ ამ ოთხიდან ერთიც ვერ გადალახავს 5%-იან ბარიერს, ეს ნაშთი მიდის ხელისუფლების ბეღელში, – ამის შესახებ ექსპერტმა, გია ხუხაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.
მისივე თქმით, 26 ოქტომბერს არჩევნებზე მოქალაქეები არამხოლოდ ხელისუფლებას ირჩევენ, არამედ ირჩევენ ქვეყნის გრძელვადიანი განვითარების ვექტორს.
„როგორც ვითარდება მოვლენები, ეს არ არის ბუნებრივი განაწილება. თუ ჩვენ ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩეველს სეგმენტებად დავყოფთ და სრულ დაფარვაზე ვიფიქრებთ, რა სურათიც დღეის მდგომარეობით გვაქვს, ეს არ არის ბუნებრივი განაწილება. ბუნებრივი განაწილება იქნებოდა სამი ძირითადი ოპოზიციური ცენტრის ფორმირება. ეს გახლავთ „ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“ და „ახალი“ და მესამე ესაა გახარია, როგორც მესამე ოპოზიციური ცენტრი. ეს იქნებოდა ოპტიმალური განაწილება, იმისთვის, რომ ნაშთების პრობლემა მოგვარებულიყო და მისი მინიმიზაცია მომხდარიყო, პარტიები კი ამ სამი ძირითადი პოლიტიკური ცენტრის ორბიტაზე განთავსებულიყვნენ. რატომღაც ჩემთვის გაუგებარი მიზეზებით ვერ შედგა „ლელოსა“ და “ახალის“ გაერთიანება, ეს გარკვეულწილად, ოპოზიციურ ფლანგზე რისკებს ზრდის. იმიტომ, რომ უკვე ჩანს არა სამი, არამედ 4 ოპოზიციური პოლიტიკური ცენტრის კონტურები და 4 უკვე არის კრიტიკულად მაღალი რისკის შემცვლელი კონფიგურაცია. თუ ამ ოთხიდან ერთიც ვერ გადალახავს 5%-იან ბარიერს, ეს ნაშთი მიდის ხელისუფლების ბეღელში. ისე უცნაურად მიდის პროცესი, არ არის გამორიცხული მე-5 ცენტრიც გაჩნდეს. ვფიქრობ, ოპოზიცია პირადი ამბიციებით და უცნაური მოლაპარაკებებითაა დაკავებული მაშინ, როცა ქარტიის სახით გამაერთიანებელი დოკუმენტი მაგიდაზეა და არსებობს. ეს ბუნდოვანება, ამომრჩეველში ნიჰილისტურ დამოკიდებულებას იწვევს, რაც ლაიტმოტივად გასდევს უახლეს ისტორიას. ამით მხოლოდ ხელისუფლება ისარგებლებს. მე მაინც ვისურვებდი რაღაცნაირად განახლდეს მოლაპარაკებები „ლელოსა“ და „ახალს“ შორის იმისთვის, რომ მათ შეძლონ ერთობა. მათ გასაყოფი ჯერ არაფერი აქვთ. დღეს ამოცანაა ძალაუფლებიდან „ქართული ოცნების“ ჩამოშორება. ეს არის ფუნდამენტური ამოცანა, სახელმწიფოს გრძელვადიანი განვითარების თვალსაზრისით. ჩვენ ამ არჩევნებზე ხელისუფლებას ხომ არ ვირჩევთ, ჩვენ ვირჩევთ ქვეყნის გრძელვადიანი განვითარების ვექტორს.
ამომრჩეველი 26 ოქტომბერს არჩევნებზე რომ წავა, ის, პირველ რიგში, ირჩევს არა პარტიებს, არამედ ირჩევს ქვეყნის მომავალს. დასავლეთი თუ ? – რეფერენდუმზე მიდის. ამ დიდ არჩევანთან ერთად გვაქვს კიდევ ქვეარჩევანი. კი ბატონო, დასავლურ პარტიას უნდა მივცე ხმა და ამ დასავლურ პარტიებშიც მას აქვს ქვეარჩევანი, არასტანდარტული არჩევნებია. თუ „ლელო“ ახალთან გაერთიანდებოდა, იქნებოდა იდეალური კონფიგურაცია. სამი პოლიტიკური ცენტრი რომ იყოს, კარგი იქნება,“- განაცხადა გია ხუხაშვილმა.