კორუფციასთან ბრძოლის პროცესი კი არა, ახლა მიმდინარეობს ქონების გადანაწილების პროცესი. მე საერთოდ მგონია, რომ ქონების გადანაწილების პროცესის კატალიზატორი გახდა ლევან ჯანგველაძის ქეისი. ანუ აქ უკვე შემოვიდა კრიმინალური დაჯგუფებების დაპირისპირება და ჯანგველაძის მკვლელობის თემამ დიდი აფეთქების როლი ითამაშა, დიდი კრიმინალური დაპირისპირება დაიწყო, ტრანსნაციონალური. მე ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი არის ამ დიდი გადანაწილების მნიშვნელოვანი ელემენტი. საბოლოო ჯამში, შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ეს ყველაფერი ბიძინა ივანიშვილისთვის იქნება კატასტროფული, რადგან ვიღაც უკვე მის წინააღმდეგ თამაშობს, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.
ხუხაშვილმა ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის საქმის გარშემო არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს არის კრიმინალური გარჩევების ისტორია, რადგან, პოლიტოლოგის თქმით, ყველამ იცოდა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ისედაც კორუფციაში იყო ჩართული და მთელი სისტემა კორუფციაზე დგას.
„ხელისუფლებამ გადაწყვიტა არა კორუფციასთან ბრძოლა, არამედ სალაროს შევსება იმ ადამიანებისგან, ვინც თავის დროზე ფულის საკეთებლად მიუშვეს. მიიღეს პოლიტიკური გადაწყვეტილება, დაიწყეს მოლაპარაკებები ამ ადამიანებთან, ალბათ კონკრეტული რიცხვები დაუსახელეს, რამდენი უნდა მიეტანათ, მათ არ მიიტანეს და ამის შემდეგ, ფაქტობრივად, იძულებული გახდა ხელისუფლება, რომ მუქარა აღესრულებინა და დაეწყო სისხლის სამართლებრივი დევნა.
ჩვენ ახლა სამართლის ისტორიაზე არ ვლაპარაკობთ, ეს არის კრიმინალური ისტორია. ეს ხალხი კორუმპირებული რომ იყო და უკანონო ბიზნესში იყო, ეს ხომ საყოველთაოდ ცნობილი იყო. ჩვენ ახლა სამართლებრივ პროცესში არ ვართ, რომ ვიმსჯელოთ იმაზე, ვიღაცას დაიჭერენ თუ არ დაიჭერენ. დაიჭერენ, თუ ვერ შეუთანხმდებიან და არ დაიჭერენ, თუ შეუთანხმდებიან. ეს არის კრიმინალური ქურდული გარჩევის მაგვარი პროცესი, რასაც ჩვენ დღეს ვხედავთ.
ყველამ იცოდა, რომ ღარიბაშვილი კორუფციაში იყო ჩართული, ყველამ იცოდა, რომ უკანონო ბიზნესში იყო ჩართული და მარტო ის კი არ იყო ჩართული, მთელი სისტემა ამაზე დგას. კორუფციასა და უკანონო შემოსავალზე დგას ნებისმიერი ავტორიტარული რეჟიმი იმიტომ, რომ ავტორიტარიზმი უკანონო შემოსავლებისა და კორუფციის გარეშე ვერ იარსებებს. ეს არის ერთგვარი ურჩხული სისტემა, რომელსაც სჭირდება მუდმივი კვება, სხვანაირად სტაბილურობას ვერ შეინარჩუნებს“, – აღნიშნა ხუხაშვილმა.
მისივე თქმით, ღარიბაშვილსა და „ქართულ ოცნებას“ შორის მოლაპარაკებების პროცესი ფინალურ ეტაპზეა გასული და თუ წარმატებით დასრულდება, მსუბუქ სასჯელს მიუსჯიან, ან მიხეილ ყაველაშვილს შეაწყალებინებენ.
„ჩვენ არ ვიცით ჯერ, რა აღიარა. თავისთავად, კორუფციაზე აღიარების ფაქტი ძალიან სასაცილოა. აღიარა რომ კორუმპირებულია?
ღარიბაშვილს უკანონო შემოსავლების მიღების რა შანსი ჰქონდა, პრემიერი რომ არ ყოფილიყო? ამას არ აღიარებენ. კორუფციაა, ჩინოვნიკი რომ ბიზნესების წილში ჩაჯდება ან „ქოლცენტრებს“ რომ დააარსებს და ხელშეუხებელი იქნება.
ხელისუფლების ამოცანა არც ადრე ყოფილა და არც ახლა არის კორუფციასთან ბრძოლა და ღარიბაშვილის, ლილუაშვილისა თუ სხვების დაჭერა – ეს არ არის ამოცანა. ამოცანაა ფულის ამოღება, რომელიც ვერ მოახერხეს და ამიტომ დაიწყეს ახლა სამართლებრივი დევნა. რით დასრულდება ისტორია, იმაზეა დამოკიდებული, რაზე მოილაპარაკებენ. მოლაპარაკებების პროცესი უკვე ფინალურ ეტაპზეა, მაგრამ გრძელდება, ჯერ არ დასრულებულა. სამართალი აქ კორუფციასთან ბრძოლისთვის კი არ არის გამოყენებული, გამოყენებულია ისევ ფულის ამოღების იძულებისთვის. მოლაპარაკებები გრძელდება, რადგან ადამიანი შევიდა, აღიარა მრავალმილიონიანი უკანონო შემოსავლების ლეგალიზება და ის გამოუშვეს გარეთ, გაუშვეს სახლში. ეს ნიშნავს, რომ მოლაპარაკებები გრძელდება. გასაგებია, რომ მთლად სუფთად ვერ გამოიყვანენ, მაგრამ პირობითი სასჯელები არსებობს, საპროცესო შეთანხმება არსებობს, ბევრი ფორმა არსებობს, რის ბაზაზეც შეუძლიათ… ან ყაველაშვილი აქ ჰყავთ, შეაწყალებინებენ რაღაც პერიოდის შემდეგ, თუ მოილაპარაკეს, რა თქმა უნდა“, – განაცხადა ხუხაშვილმა.
