გია ხუხაშვილი – როცა რეჟიმი ასე გიტევს, ის ბოლომდე წავა, გაჩერდება იმ შემთხვევაში, თუ მის ძალადობას დაუპირისპირდება გადაულახავი ძალა, რომელიც მას დააფრთხობს – ძალას ახლა კი ვხედავ, მაგრამ ეს ძალა დაქსაქსულია

რეჟიმი არ გაჩერდება, ყველაფერზე ბოლომდე წავა, იმოქმედებს იქამდე, სანამ ჩვენ სადღაც არ გავაჩერებთ. გაჩერდება იმ შემთხვევაში, თუ მის ძალადობას დაუპირისპირდება გადაულახავი ძალა, რომელიც მას დააფრთხობს და შეაშინებს, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა, გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონის გამკაცრებასთან დაკავშირებით განაცხადა.
ხუხაშვილის თქმით, ქვეყანაში არ არიან იმ წონის პოლიტიკური ავტორიტეტები, რომლებიც პროტესტში მყოფი ხალხის ძალის კონსოლიდაციას მოახდენს.
„ეს არის რეჟიმის თვისება, ერთგვარი პოლიტიკური ბულიმია ახასიათებს რეჟიმს, უნდა შეჭამოს ყველაფერი, რისი შეჭმაც შეიძლება და ჭამენ… ვერ ძღებიან ძალაუფლებით. გასაგებია ის შეტყობინება, რომელიც ამ კანონშია, დანარჩენი ჩვენზეა დამოკიდებული.
როდესაც რეჟიმი ასე გიტევს, ის ბოლომდე წავა. ჩვენ არ უნდა გვქონდეს იმის ილუზია, რომ ის სადღაც გაჩერდება. არ გაჩერდება, ის სულ უნდა ვითარდებოდეს, სულ უფრო და უფრო მეტი შეზღუდვები უნდა შემოჰქონდეს იმიტომ რომ თუ გაჩერდა, მას უჩნდება შიში, რომ გაჩერების შემთხვევაში შეიძლება ყველაფერი ჩამოიშალოს. იმოქმედებს იქამდე, სანამ ჩვენ სადღაც არ გავაჩერებთ. გაჩერდება იმ შემთხვევაში, თუ მის ძალადობას დაუპირისპირდება ძალა, გადაულახავი ძალა, რომელიც მას დააფრთხობს და შეაშინებს.
ძალას ახლა კი ვხედავ, მაგრამ ეს ძალა არის დაქსაქსული. ძალიან დიდი ძალაა, მაგრამ სხვადასხვა სოციალურ და პროფესიულ ჯგუფებშია დაქსაქსული. პოლიტიკური ხელმძღვანელობა არ ჰყავს, რომ ამის კონსოლიდაცია მოახდინოს. სამწუხაროდ, არ გვყავს იმ ტიპის პოლიტიკური ავტორიტეტები, რომელსაც შეუძლია, ეს ყველაფერი შეაგროვოს და ერთიან დინებაში მოაქციოს“, – განაცხადა ხუხაშვილმა.
პოლიტოლოგმა BBC-ის დოკუმენტური ფილმის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბრიტანულ მედიას საქმის 90% გამოძიებული ექნება, თუმცა, ბევრ გარემოებას არ ასაჯაროებენ.
კითხვაზე, შეიძლება თუ არა „ქართულ ოცნებაში“ ეძებდნენ განტევების ვაცს, ხუხაშვილმა უპასუხა, რომ მანკიერ სისტემაში მარტივი არ არის ვინმეს გაწირვა, რადგან ის აუცილებლად ალაპარაკდება.
„თეორიულად მათ იფიქრეს, რომ განტევების ვაცი ეძებნათ, მაგრამ საქმე იმაშია, რომ საერთოდ, მანკიერ სისტემებში ძალიან რთულია ვინმეს გაწირვა, თუ რაღაც კატასტროფა არ მოხდა. ჯერჯერობით, ამათ, თავისი მოკლე ჭკუით, ჯერ კიდევ აქვთ იმედი, რომ ამ თემას გადააგორებენ. გაწირვა ასე ადვილი არ არის იმიტომ, რომ ვიღაცას რომ გაწირავ, ის შეიძლება მერე ალაპარაკდეს, ხელი სადღაც გაიშვიროს, მერე იმ სხვამაც გაიშვიროს და ა.შ.
რა მნიშვნელობა აქვს, ბრძანებას მანქანის მძღოლს ვინ აძლევს. ასეთი გადაწყვეტილებები ყოველთვის არის პოლიტიკური გადაწყვეტილებები. თუ გადაწყვეტილება პოლიტიკური იყო, რომ გამოეყენებინათ ნებისმიერი საშუალება, ეს უკვე არის დანაშაული, შესაბამისად, „ხარებაზე“ (ზვიად ხარაზიშვილზე) ჯოხის გადატეხა რანაირად ხურავს ამ საქმეს?! კი ბატონო, შეიძლება საჭორაოდ ძალიან საინტერესო იყოს, მაგრამ ჩემთვის ხარაზიშვილი არავინ არ არის, არც გომელაური. გომელაური ს დაცვის უფროსიც არ იყო, მოადგილე იყო და შემთხვევით, გაუგებრობაში მოყოლილი შინაგან საქმეთა მინისტრი იყო.
პოლიტიკური პასუხისმგებლობა სულ სხვაგან მიდის. აბა, თქვენ გგონიათ, ხარაზიშვილი სადისტია, ბრძანება არ მიუღია ყველა საშუალების გამოყენებაზე, ადგა და თვითონ ჩაყარა თავისი სურვილით?
ამას სჭირდება საერთაშორისო გამოძიება. მე ვფიქრობ, რომ 90% უკვე გამოძიებული აქვს BBC-ის და რაღაცებს არ აქვეყნებენ ჯერ იმიტომ, რომ მათ აქვთ მოწმის გაუთქმელობის ვალდებულება. მათ ათობით ჩვენება ექნებათ, მათ შორის, მოქმედი მაღალჩინოსნების“, – განაცხადა ხუხაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კირცხალია ALDE-ზე – „მოლოტოვის“ მსროლელ ლაზარე გრიგორიადისს გმირად გვირაცხავ, შემდეგ, ზრდასრული ლაზარე რომ გამოჩნდა, რომელიც ტერორიზმს გეგმავდა, ამას ახალისებ, აქ გასაკვირი და ახალი არაფერია