გია ხუხაშვილი ოპოზიციაზე – ერთიან სიაზე საუბრით დრო დაკარგეს, როცა ყველამ იცოდა, რომ ერთიანი სია ვერ შედგებოდა – რაში დაიკარგა ორი თვე?

საჭიროა ამომრჩეველთან ფიზიკურად მისვლა და დიალოგი – რეგიონებში საკუთარ აქტივთან სურათების გადაღებაზე არ ვსაუბრობ და შემდეგ ამის სოციალურ ქსელებში გავრცელებაზე, – ამის შესახებ ექსპერტმა, გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
ხუხაშვილის მოსაზრებით, პოლიტიკურმა ცენტრებმა პოზიტიური დღის წესრიგი უნდა ჩამოაყალიბონ.
„ოპოზიციას დრო ცოტა აქვს, ამიტომ ხალხში უნდა იარონ. ამომრჩეველსაც ასარჩევი აქვს, ის აკეთებს ეგზისტენციალურ არჩევანს. საჭიროა პოლიტიკურმა ცენტრებმა პოზიტიური დღის წესრიგი ჩამოაყალიბონ. ოპოზიციამ ისიც კი ვერ მოახერხა, რომ მოსახლობას აუხსნას თუ რატომ არის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონი რუსული. საჭიროა ამომრჩეველთან ფიზიკურად მისვლა და დიალოგი. რეგიონებში საკუთარ აქტივთან სურათების გადაღებაზე არ ვსაუბრობ და შემდეგ ამის სოციალურ ქსელებში გავრცელებაზე. ეს არ უნდა მოხდეს, რეალურ ამომრჩეველს უნდა ესაუბრონ, რომლებიც დაბნეულები არიან და კითხვები აქვთ. სიბრძნეები კი არ უნდა აფრქვიონ, უნდა ელაპარაკონ თავის ენაზე – გლეხს გლეხის ენაზე უნდა ელაპარაკონ, მუშას მუშის და მასწავლებელს მასწავლებლის ენაზე“,- განაცხადა ხუხაშვილმა.
მისივე მოსაზრებით, ოპოზიციამ ერთიან სიაზე საუბრით დრო დაკარგა, მაშინ, როდესაც ყველამ იცოდა, რომ ერთიანი სია ილუზია იყო.
ექსპერტის თქმით, არჩევნებში ხელისუფლების მთავარი პროპაგანდული გზავნილია “ყალბ მშვიდობაზე“ საუბარი.
„ჯერ კიდევ ერთი და ორი თვის წინ ამ ოთხ ცენტრზე იყო საუბარი – „ლელო“, „ახალი“ „გირჩი-მეტი თავისუფლება“ და ელენე ხოშტარია. ამ მხრივ, „ნაციონალურ მოძრაობას“ ზრდის პოტენციალი, რომ არ ჰქონდა გასაგები იყო. ერთიანი სია ილუზია, რომ იყო ესეც ჩანდა.
ერთიან სიაზე საუბრით დრო დაკარგეს, როცა ყველამ იცოდა, რომ ერთიანი სია ვერ შედგებოდა. რაში დაიკარგა ორი თვე? იმედი მაქვს, რომ ცენტრები დაიწყებენ აქტიურ მოქმედებებს. ეს უნდა ვაქციოთ არა ხელისუფლების არჩევნებად, არამედ რეფერენდუმად. რეალური რეფერენდუმია. ქვეყანა გზაჯვარედინზე დგას: მივდივართ დასავლეთისკენ ან ვბრუნდებით ს იმპერიაში.
ხელისუფლების გეგმა გასაგებია, ისინი ცდილობენ საზოგადოებას პროპაგანდით გამოურეცხონ ტვინი, ილაპარაკონ ყალბ მშვიდობაზე. ილაპარაკონ იმაზე, რომ დედა დედაა და მამა მამაა, თითქოს საქართველოში არ იციან დედა ვინ არის და მამა ვინ. ამ მარაზმში არიან. ამისთვის საჭიროა კონტრპროპაგანდა. ოპოზიცია სოფელ-სოფელ უნდა დადიოდეს და ხალხზე უნდა მუშაობდეს“,- განაცხადა მან და აღნიშნა, რომ ოპოზიციის საარჩევნო კამპანიის მთავარი ლოზუნგი უნდა იყოს – არცერთი ხმა „ქართულ ოცნებას“.
„გამანადგურებლად უნდა დამარცხდეს „ოცნება“. როგორ დავიჯერო, რომ ამომრჩევლის ნახევარს რუსეთში უნდა.
თუ ოპოზიციამ არ იმუშავა და ისე გააგრძელეს, როგორც დღემდე იყვნენ, რა თქმა უნდა, შეიძლება რაღაც მოხდეს. არსებობს „ქართული ქარტია“ სადაც ყველაფერი გაწერილია რა და როგორ უნდა იყოს. გაწერილია, თუ რისთვის მოდიან ხელისუფლებაში. საზოგადოებას დიალოგის რეჟიმში უნდა ელაპარაკონ, მონოლოგის დრო დამთავრდა“,- განაცხადა ხუხაშვილმა.
ამასთან, ხუხაშვილმა წინასაარჩევნო კონფიგურაციებზე საუბრისას აღნიშნა, რომ თუკი ანა დოლიძის პარტიას “ხალხისთვის“ და ს პარტია „მოქალაქეებს“ სურს რომელიმე ცენტრთან გაერთიანება, ერთადერთი გიორგი გახარიას პარტია „გახარია საქართველოსთვის“ რჩება, რადგან სხვა ორბიტა მათთვის არ არსებობს.
„ძალიან გული დამწყდება თუ ან ალეკო ელისაშვილი მომავალ პარლამენტში არ იქნებიან. ისინი თავიანთი ბიოგრაფიით და განვლილი გზით ნამდვილად იმსახურებენ ამ ყველაფერს. აქედან გამომდინარე, სასურველია, რომ ისინი ვიღაცას შეუერთდნენ. „ქართულ ოცნებას“ ვერ შეუერთდებიან, გამორიცხულია. ამასთან, არც „ნაციონალურ მოძრობასთან“ იქნებიან ერთად. რაც შეეხება „ახალი-ლელოს“ ალიანსს, მათაც ვერ შეუერთდებიან ერთი მარტივი მიზეზის გამო, რადგან იქ იმდენი ცნობადი სახეა, რომ სია გადავსებულია. ერთადერთი რჩება გიორგი გახარიას პარტია. სხვა ორბიტა მათთვის არ არსებობს. ან თვითონ უნდა შექმნან და ისე უნდა გაძლიერდნენ, რომ 5%-იანი ბარიერი გადალახონ. შეიძლება გახარიასთანაც ვერ გამონახონ საერთო ენა, უბრალოდ სხვებთანაც გამორიცხულია. თუ მათ უნდათ რომელიმე ცენტრთან გაერთიანება, ერთადერთი გახარია რჩება, სხვაგან ადგილს ვერ იპოვიან“,- აღნიშნა ხუხაშვილმა.