გია ხუხაშვილი – ვიღაც 4 ოქტომბერს რომ დაიწყებს და დაამთავრებს, პროვოკატორი და ბიძინას სასარგებლო ბრიყვია – „ოცნებაში“ კი კრაზანების ბუდეა, კობახიძე ცდილობს, არ დატოვოს ალტერნატივა, არ ვიცი, რას მოუგონებს ქვრივიშვილს, ჯობია ის გოგო ფრთხილად იყოს

პოლიტოლოგი აცხადებს, რომ ხელისუფლებას სჭირდება „პროტესტის გატეხვა“, რისთვისაც სჭირდება ძალისმიერი აქცია.
ხუხაშვილის თქმით, ის არავის ურჩევს, რომ ‘ამ პროვოკატორის როლი ითამაშოს“, ამასთან, ხუხაშვილის განცხადებით, ვიღაც რომ „4 ოქტომბერს რაღაცას დაიწყებს და დაამთავრებს“, ის არის „პროვოკატორი და ბიძინას სასარგებლო ბრიყვი“.
მისი თქმით, პროტესტი უნდა დარჩეს მშვიდობიანი და არ უნდა შეიქმნას ილუზია, რომ შესაძლებელია ერთ დღეში რაიმეს დაწყება და დასრულება:
„ივანიშვილს სჭირდება რეჟიმის ჩაბეტონება, რისთვისაც მას სჭირდება ძალისმიერი მოქმედება. გარდა ამისა, სჭირდება პროტესტის საბოლოოდ გატეხვა, ანუ ძალისმიერი აქცია სჭირდება. ძალისმიერი აქცია რომ ჩაატაროს, ამას პროვოკატორი სჭირდება. ოპოზიციაში არავის ვურჩევ ამ პროვოკატორის როლი ითამაშოს. ვიღაც რომ 4 ოქტომბერს რაღაცას დაიწყებს და დაამთავრებს, ის ადამიანი არის პროვოკატორი და ბიძინას სასარგებლო ბრიყვი.
ძალიან ბევრი ადამიანი უნდა გამოვიდეს ქუჩაში, მაგრამ „დავიწყებთ და დავამთავრებ“, ამ პროვოკაციულ ილუზიებს თავი დავანებოთ. ვერ ვხედავ სცენარს, რაღაც დაიწყოს და დამთავრდეს. მე ვხედავ მშვიდობიან სცენარს, რაც არის ძალიან კარგი. არის მძიმე სცენარიც, რომ ვიღაცამ ცხელმა თავებმა სისულელე არ გააკეთონ და ახალგაზრდებს თავზე არ გადაიაროს რაღაც უბედურებამ“, – განაცხადა ხუხაშვილმა.
პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ბოლო პერიოდში კორუფციის ბრალდებით დაკავებებს ხელისუფლების მხრიდან „აგრესიულ რეკეტად“ აფასებს.
მისივე თქმით, ივანიშვილმა თავად მისცა საშუალებას ამ ადამიანებს კორუფციით გამდიდრებულიყვნენ, ახლა კი მათგან ფულის დაბრუნებას ითხოვს.
“სახელმწიფოს მხრიდან მიმდინარეობს აგრესიული რეკეტი. სახელმწიფო სტრუქტურები ასე ღიად, გარყვნილი სახით იყოს გამოყენებული, რუსეთშიც კი არ გამიგია.
გადაწყვიტეს სალარო შეავსონ. ეს ხალხი ბიძინამ ჯერ საძოვარზე მიუშვა, რადგან კორუფცია არის ამ სისტემის მდგრადობის შენარჩუნების ერთადერთი საშუალება, თავის ფულს ხომ არ გადაიხდის ეს ხალხი?! მიუშვა საძოვარზე, კარგად გამოძღნენ, ახლა დაიწყო მათი„პარსვა“. უთხრა, „მოიტანეთ ფული“, მათ დაიწყეს ჭოჭმანი. მ უთხრა, „ამ ფულს მე ამოვიღებ“. ბიძინამაც დანიშნა პრემიერ-მინისტრად. როგორც ჩანს, მთავარი მიზანია იყო, კობახიძეს ამოეღო ამ ხალხისგან ფული. დაიწყო ფულის ამოღება, მაგრამ ვერ ამოიღო. ჯერ რიჟვაძეს დაეტაკნენ, რომელმაც თვითმკვლელობა სცადა. მოსალოდნელია ვიღაც სიმამრის ბინიდან გამოხტება, ფეხს მოიტეხავს და მასაც სამკურნალოდ გაუშვებენ. სიმამრი ყველას, მაგრამ ვიღაცებს განსაკუთრებული სიმამრებიც ჰყავს“, – განაცხადა ხუხაშვილმა.
ხუხაშვილი აცხადებს, რომ ყოფილი თანამდებობის პირებისგან ფულის „ამოღებას“ ვერ ახერხებს, რის გამოც პანიკაშია და პასუხისმგებლობის თავიდან ასაცილებლად ოპოზიციას ადანაშაულებს.
მისი თქმით, ხელისუფლების მიზანი კორუფციასთან ბრძოლა კი არა, ფინანსური რესურსების ამოღებაა:
„ეს პასუხისმგებლობა რომ აიღო, გაიჭედა ვერ ამოიღო ფული. ვერ იღებს ფულს, დაპანიკდა კობახიძე. ისედაც იცის,რომ არჩევნებში შემდეგ ბიძინას ჩასარეცხად ჰყავს გამზადებული. ახლა მოიგონა ის, რომ თურმე ისინი ოპოზიციას აფინანსებენ და ამიტომ ვერ იღებს ფულს. რეალურად ეს არის იმისათვის, რომ თავი იმართლოს, თორემ ღარიბაშვილის რა ოპოზიციასთან აქვს კავშირი, ვინ დაელაპარაკება ღარიბაშვილს. მიზანი ვინმეს დაჭერა კი არ არის, ფულის ამოღებაა.
ბაჩიაშვილის მშობლები ალბათ, წესიერი ცხოვრებით ცხოვრობდნენ. მოხუცებულები არიან, გული გაუსკდებათ, შეიძლება ცოცხლები ვეღარ გამოვიდნენ. ფულის გამო ამხელა ცოდვას კიდებენ შვილს ფულის გამო. რამე რომ გადაეხადა, არც თვითონ იქნებოდა ციხეში. ეს არის სადიზმი“, – განაცხადა ხუხაშვილმა.
ხუხაშვილი ამბობს, რომ ირაკლი კობახიძეს იყენებს, რათა მას დააკისროს ყველა შესაძლო ნეგატიური შედეგი მიმდინარე პროცესებიდან და შემდეგ შეცვალოს სხვა ფიგურით.
ხუხაშვილის თქმით, თავის მხრივ კობახიძე ცდილობს ძალაუფლების შენარჩუნებას და ივანიშვილის გარემოცვაში ალტერნატივების მოცილებას:
„კობახიძე არის რესურსი. ღარიბაშვილი კი არ არის, რომელიც შვილივით უყვარდა. ეს არის ადამიანი, რომელსაც ყველა უბედურება უნდა აკიდოს, რაც 5 ოქტომბრამდე მოხდება. ბიძინა ივანიშვილის გეგმაა, ჩარეცხოს კობახიძე და მოიყვანოს ვინმე სხვა. კობახიძე პარალელურად ცდილობს, ამ სპეცოპერაციის კვალდაკვალ ბიძინას ირგვლივ არავინ დატოვოს ალტერნატივა, არ ვიცი [მარიამ] ქვრივიშვილს რას მოუგონებს, ჯობია ის გოგო ფრთხილად იყოს… სისტემის შიგნით კრაზანების ბუდეა”, – განაცხადა ხუხაშვილმა.