წყალმომარაგება წალენჯიხის ნომერ პირველი პრობლემა იყო. დიდ ნაწილში, 6000-მდე ოჯახში, პრობლემა მერიამ უკვე გადაჭრა და ახლა ვმუშაობთ, რომ მთლიანად მთელ მუნიციპალიტეტში გადაიჭრას პრობლემა – ეს ყველაფერი კი ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერით ხორციელდება, – ამის შესახებ წალენჯიხის მერმა, გია ხარჩილავამ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს პარტნიორების მხარდაჭერით უამრავი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება.
„დღეს გავაკეთეთ გარკვეული ანგარიში წყალმომარაგების პროცესთან და არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით. მინდა გითხრათ, რომ ამ ორი წლის განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვანი შედეგები დაიდო. ჩვენ უამრავ პრობლემები „ლოკაციაზე“ გვხვდებოდა, ხშირ შემთხვევაში თანხები იხარჯებოდა, მაგრამ შედეგები არ იყო. ჩვენ განვაახლეთ პროექტები, დავდეთ შედეგი, მოსახლეობას უკვე აქვს წყალი. თურმე მოკლე დროში ამდენი საკითხის მოგვარება შესაძლებელი ყოფილა, თუ ადგილზე გვაქვს კვალიფიკაცია და მხარდაჭერა ჩვენი მოსახლეობის მიმართ. დღეს მოსახლეობა სულ სხვანაირად შეგვხვდა სოფლებში, რადგან რეალურად ამ უამრავ ადამიანთან თითქოს 21-ე საუკუნეში არ სათქმელი პრობლემა ჩვენ ძალიან სწრაფად გადავჭერით. 6000-მდე ოჯახს მიეწოდება წყალი, მათ შორის დაწყებულია ქალაქის წყალმომარაგება, დიდი პროექტია და მინდა გითხრათ, რომ ბევრ დიდ პროექტში, განსაკუთრებით წყალმომარაგების კუთხით, ჩვენი დასავლელი პარტნიორები მონაწილეობენ და როცა ვკითხულობთ სად არის დასავლეთი, მინდა ჩვენმა მოქალაქეებმა იცოდნენ, რომ ყოველდღიურ რეჟიმში მათი მხარდაჭერით უამრავი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება. წყალმომარაგება გახლდათ წალენჯიხის ნომერ პირველი პრობლემა და დიდ ნაწილში ეს მერიამ უკვე გადაჭრა და ახლა ვმუშაობთ, რომ მთლიანად მთელ მუნიციპალიტეტში ეს პრობლემა გადაიჭრას“, – განაცხადა გია ხარჩილავამ.
პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის ცნობით, წალენჯიხაში, საკრებულოს დარბაზში, წალენჯიხის მერმა გია ხარჩილავამ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა და წალენჯიხის მერის პირველმა მოადგილემ, ვანო ბურდულმა წყალმომარაგების პრეზენტაცია გამართეს და მოსახლეობას მერიის მიერ განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნეს.