გია ცაგარეიშვილი – ზოგიერთი პარტია მხოლოდ იმიტომ ერთიანდება, რომ ერთი, ორი ან სამი მანდატი მოიპოვოს, მაგრამ ამომრჩეველი მანიპულაციებით აღარ ტყუვდება – ხელისუფლებისადმი სიძულვილით გაერთიანება კარგ შედეგს ვერ მოიტანს

ვხვდები, რომ ზოგიერთი პარტია მხოლოდ იმიტომ ერთიანდება, რომ როგორმე ერთი, ორი ან სამი მანდატი მოიპოვოს გამსვლელ სიაში, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ამ ყველაფერს გადაწყვეტს ჩვენი ამომრჩეველი, რომელიც ასეთი მანიპულაციებით აღარ ტყუვდება დიდი ხანია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ცაგარეიშვილმა პარტიების გაერთიანებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ზოგადად პატარა პარტიების გამსხვილება ხელს შეუწყობს პარტიული დემოკრატიის განვითარებას, თუმცა როგორც მან აღნიშნა, ასევე მნიშვნელოვანია რა იდეოლოგიის ქვეშ ხდება მათი გაერთიანება, რადგან როგორც ცაგარეიშვილი მიიჩნევს, მხოლოდ ხელისუფლებისადმი სიძულვილის ნიშნის ქვეშ გაერთიანება კარგ შედეგებს არ მოიტანს.
„როცა ბარიერი დადგინდა ეს ყველაფერი მიმართული იყო იქითკენ, რომ პატარა პარტიები გაერთიანებულიყვნენ მსხვილ გაერთიანებებში, მსხვილ პარტიებში. მგონი,ეს მათაც წაადგებათ და ზოგადად, წაადგება ქართულ დემოკრატიას, მის გაჯანსაღებას და მე ამაში ვერავითარ საფრთხეს ვერ ვხედავ ქვეყნისთვის. პირიქით, რაც უფრო მძლავრი პარტიები იქნება მით უკეთესი, რაც უფრო მძლავრი პარტიები იქნება, მით უფრო ძლიერად შევლენ ისინი კონკურენციაში სახელისუფლებო პარტიასთან და შესაბამისად, უკვე ამომრჩეველი გადაწყვეტს, რომელს დაუჭიროს მხარი. ბარიერის არდაწევა ბიძგი იყო – წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ვტოვებდით ხოლმე დაბალ ბარიერს, ვტოვებდით დაბლოკვის საშუალებას, ამიტომ ეს წვრილი პარტიები არ უქმდებოდა, ისინი ამ დათქმებით იხანგრძლივებდნენ პოლიტიკურ ცხოვრებას, შედიოდნენ პოლიტიკურ გარიგებებში სხვა წვრილ პარტიებთან და ცდილობდნენ დაბალი ბარიერი გადაელახათ. შემდეგ შემობრძანდებოდნენ პარლამენტში და იქ იშლებოდნენ სხვადასხვა ჯგუფებად და მე ვფიქრობ, ეს იყო არა მხოლოდ ფუჭად დახარჯული ხმები, არამედ ფრაგმენტული პოლიტიკური ნაბიჯები, მოქმედება, განზრახვები, რომელიც ვერავითარ გავლენას ქვეყანაში პოლიტიკურ ცხოვრებაზე ვერ ახდენდა და ეს გრძელდებოდა დან არჩევნებამდე. ამიტომ, ჩვენ ვიფიქრეთ, რომ შედარებით მაღალი ბარიერი, რომელიც აპრობირებულია ევროკავშირის ქვეყნების თითქმის 80%-ში და დაბლოკვის შესაძლებლობის გაუქმება ხელს შეუწყობს წვრილ მოთამაშეებს, გამსხვილდნენ, გაერთიანდნენ ერთი იდეოლოგიის ქვეშ და შეეცადონ კონკურენციაში შევიდნენ საქართველოს ხელისუფლებას. მე მგონია, რომ ეს უფრო წაადგება პარტიული დემოკრატიის განვითარებას ამ ქვეყანაში. რამდენად შეძლებენ ისინი იდეოლოგიების ქვეშ გაერთიანებას, ეს საკითხავია, ჯერჯერობით ძალიან რთულად ამოსაცნობია ჩვენთან, სად მთავრდება მემარცხენეობა, სად იწყება მემარჯვენეობა ან სად არის ამ ორს შორის გაჩხირული ცენტრიზმი. ამას ვერ გაიგებს ვერავინ, სამწუხაროდ. ვნახოთ, რა იდეოლოგიის ქვეშ გაერთიანდებიან პარტიები. თუკი გაერთიანდებიან მხოლოდ ხელისუფლებისადმი სიძულვილის ნიშნის ქვეშ, ეს კარგ შედეგს ნამდვილად ვერ მოიტანს. იმასაც ვხვდები, რომ ზოგიერთი პარტია მხოლოდ იმიტომ ერთიანდება, რომ როგორმე ერთი, ორი ან სამი მანდატი მოიპოვოს გამსვლელ სიაში, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ამ ყველაფერს გადაწყვეტს ჩვენი ამომრჩეველი, რომელიც ასეთი მანიპულაციებით აღარ ტყუვდება დიდი ხანია“,- განაცხადა ცაგარეიშვილმა.