პოლიტოლოგი, გია ნოდია:
„ვახუშტი მენაბდის სკანდალი“ ერთდღიანი ფეისბუქ-ქარიშხალია, რომელიც თავისთავად ბევრს არაფერს ნიშნავს. მაგრამ ის ავლენს ზოგად პრობლემას: ბუნდოვანებას საკვანძო ცნებების და ღირებულებების გაგებაში.
გავიგეთ, რომ მემარცხენე ოპოზიციონერი აქტივისტის, ვახუშტი მენაბდის მამა (1) მდიდარია და (2) რეგულარულად იგებს მოზრდილ სამთავრობო ტენდერებს გურიაში რაც, ჩვენს პოლიტიკურ სისტემაში, სულ მცირე, ხელისუფლების მიმართ ლოილურობას ნიშნავს.
მაგრამ ბევრი მკაფიოდ ვერ აყალიბებს, ზუსტად რა არის პრეტენზია თავად ვახუშტი მენაბდის მიმართ. თითქოს გულისხმობენ, რომ ზემოთნახსენები ორი პუნქტი თავისთავადაა ვახუშტის მიმართ „კომპრომატი“. მაგრამ კონკრეტულად რატომ?
პირველ რიგში, როგორც ჩანს, „ლიბერალური ბაბლს“ არა აქვს კარგად შეთვისებული მარტივი აზრი, რომ ზრდასრული ადამიანები პასუხს არ აგებენ მათი ასევე ზრდასრული მშობლების, შვილების, დედმამიშვილების და ა.შ. ქმედებებზე.
ბევრ ანტისამთავრობო აქტივისტს ჰყავს ქოცი მშობლები ახლობლები და ა. შ. რა მერე? მათ რიტუალურ საჯარო დაგმობას ვითხოვთ? როგორც ბრძენი ქართველი ხალხი იტყოდა, ყველამ თავის ქოც მამიდას მოუაროს.
მაგრამ არც ვახუშტი მენაბდის რეაქცია იყო დამაჯერებელი. მან აღიარა, რომ მამამისი ტენდერებს იგებს, მაგრამ ისე, თითქოს ამას პოლიტიკური განზომილება არ ჰქონდეს. ჩვეულებრივი ამბავია: კარგ ბეტონს აკეთებ დაბალ ფასად და ტენდერებს იგებ. რაზეა ლაპარაკი? ბუნებრივია, ასეთი პასუხი დამაკმაყოფილებელი ვერ იქნება. ჩვენი რეჟიმის ხელში ტენდერების რეგულარული მოგება ნიშნავს ხელისუფლების მიმართ (სულ მცირე) გაცხადებულ ლოიალობას, შეიძლება აქტიურ თანამშრომლობასაც. „დიდი რამე, მამაჩემი ტენდერებს იგებს“ პასუხი მის მიმართ ეჭვებს მეტ საფუძველს სძენს, ვიდრე თავისთავად მამის მოგებული ტენდერები.
გავიმეორებ: აბსოლუტურად არავითარი პრობლემა არაა იმაში, რომ ხელისუფლებასთან ჰარმონიაში მყოფი (სხვა იტყვის – „გარიგებული“) ბიზნესმენის შვილი ოპოზიციონერი აქტივისტი იყოს. პრობლემა მისი პოზიციის ბუნდოვანებაა.
ამას ემატება სხვა მომენტიც. ჩვენ შეიძლება ვიცოდეთ, რომ ზრდასრული ადამიანი ოჯახის წევრის ქმედებებზე პასუხს არ აგებს, მაგრამ იცის ეს ქოც-მთავრობამ? მენაბდის ბევრი კრიტიკოსი გულისხმობს, რომ თუ მენაბდე „ნამდვილი“ ოპოზიციონერია, მთავრობა მამამისზე ზეწოლას მოახდენდა შვილის გასაჩუმებლად. ეს ჩვენში ჩვეულებრივი პრაქტიკაა. რატომ აქ არ იქცევა ასე?
სულაც არ გამომაქვს დასკვნა, რომ ვახუშტი მენაბდეც ხელისუფლებასთან გარიგებულია. შეიძლება ხელისუფლება არ ხედავდეს მას განსაკუთრებულ საფრთხედ და მამამისის „მიჯირყვნა“ საჭიროდ არ ჩათვალოს. მე რა ვიცი. მაგრამ თავად მენაბდეს უნდა ესმოდეს, რომ იმ ქვეყანაში, სადაც ცხოვრობს, ასეთმა გარემოებამ შეიძლება ეჭვები დაბადოს.
დაბოლოს, ძალიან მოკლედ, სიმდიდრესა და სოციალისტობაზე. გასაგებია, რომ სოციალისტები ღარიბი ხალხის დამცველებად ასაღებენ თავს (არავის გულწრფელობაში ეჭვი არ შემაქვს) მაგრამ მცდარია მოლოდინი, რომ თავად ისინი მუშურ-გლეხური წრიდან გამოსულები უნდა იყვნენ. ასეთიც ხდება, მაგრამ ეს გამონაკლისია. ყველა ეპოქაში სოციალისტები, როგორც წესი შეძლებული (საშუალო და მდიდარი) კლასებიდან მოდიან და ხშირად თავადაც კარგად ცხოვრობენ. ფრიდრიხ ენგელსი მეწარმე “კაპიტალისტი” იყო, მაგრამ კაპიტალიზმს ებრძოდა და მთავარ სოციალისტს, კარლ მარქსს, არჩენდა. თანამედროვე დასავლეთში, მათი მხარდამჭერებიც ძირითადად შეძლებული ფენებიდან არიან (ღარიბები უფრო მემარჯვენე პოპულისტებს აძლევენ ხმას). ამაში გასაკვირი არაფერია. სოციალიზმი იდეოლოგიაა, მრწამსია და მისი გაზიარება ეკონომიკურ ინტერესს პირდაპირ არ უკავშირდება (რას ფიქრობენ ამაზე თავად სოციალისტები, სხვა თემაა). ამ მხრივ მდიდარი მამის შვილის და წარმატებული ბიზნესმენის, ვახუშტი მენაბდის მაგალითი ახალს არაფერს გვეუბნება.