მათ ერთხელ საკუთარი საცხოვრებელი ოჩამჩირეში ოკუპანტების გამო დროებით დაკარგეს, დღეს, რუსული ხელისუფლება, ოკუპაციის აქტს აგრძელებს და მათ საცხოვრებელი ფართის გარეშე ტოვებს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, გია თევდორაძემ ქუთაისში დევნილების გამოსახლებასთან დაკავშირებით საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც თევდორაძე აღნიშნავს, მოქალაქეებს, რომელთაც არანაირი ფინანსური კომპენსაცია არ მიუღიათ, „რუსული ხელისუფლება“ საცხოვრებელი ფართის გარეშე, ღია ცის ქვეშ ტოვებს.
მისივე თქმით, გამოსახლებული დევნილების უფლებებისთვის ბრძოლა და მათი მხარდაჭერა კვლავ გაგრძელდება.
„ხელთ მაქვს დოკუმენტი, რომელიც „ქართული ოცნების“ უნამუსობის, უპასუხისმგებლობის პირობებშიც კი, უპრეცედენტო ფაქტს ადასტურებს. აქ არის დევნილთა უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ მოცემული წერილობითი პასუხი, რომ მოქალაქეებს არანაირი ფინანსური და საარსებო ფართის კომპენსაცია არ მიუღიათ და მიუხედავად ამისა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ამ ადამიანებს საცხოვრებელი ფართის გარეშე, ღია ცის ქვეშ ტოვებს.
ხელისუფლება, რომლის მთავარი ლოზუნგიც იყო, რომ უმთავრესი ღირებულება არის ადამიანი, აღმოჩნდა, რომ უმთავრეს ღირებულებას საკუთარი ჯიბე და ბიძინა ივანიშვილის ინტერესები წარმოადგენს, სხვა შემთხვევაში, ამ ფსკერის გახვრეტის ფაქტს ვერანაირად ვერ წარმოვიდგენდით.
ეს ადამიანები, ფაქტობრივად, ღია ცის ქვეშ არიან, მათ ერთხელ საკუთარი საცხოვრებელი ოჩამჩირეში ოკუპანტების გამო დროებით დაკარგეს და დღეს, რუსული ხელისუფლება, ოკუპაციის აქტს აგრძელებს, მათ საცხოვრებელი ფართის გარეშე ტოვებს.
მინდა ვთქვა სრული პასუხისმგებლობით, რომ ყველანაირად შევეცდებით დახმარება და თანადგომა აღმოვუჩინოთ ამ ადამიანებს”, – განაცხადა თევდორაძემ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.