ხაბეიშვილის დაპირება, რომ „ქვეყანაში სისხლს დავღვრით და დედას გიტირებთ ყველას“, არის სხვა და ბიძინა ივანიშვილის დაპირება, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი შესრულდა სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით, არის აბსოლუტურად სხვა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის დაკავებას გამოეხმაურა.
მისივე თმით, მარტო რევოლუციისკენ მოწოდება არ არის ცალკე დანაშაული, თუკი მას არ ახლავს კონკრეტული ქმედებები, თუმცა განცხადება, რომ იქნება დიდი ფულადი ანაზღაურება მათთვის, ვინც სახელმწიფოს დაუპირისპირდება ძალოვანი სტრუქტურებიდან, ქმნის გარკვეულ წინაპირობას, რომ ხაბეიშვილს პასუხი მოეთხოვოს.
როგორც ვოლსკი ამბობს, ხაბეიშვილის ქმედებებს პოლიტიკური სარჩული აქვს, მაგრამ პირდაპირ უკავშირდება კონსტიტუციას და კონკრეტულ კანონებს, რის გამოც მას პოლიტიკურ პატიმარს ვერ დაარქმევ.
„რასაკვირველია, როცა მარტო განცხადებებით არ შემოიფარგლები და კონკრეტულად მოქმედებ იმისათვის, რათა შეჯახებას ჰქონდეს მუდმივი ხასიათი, სისხლის დაღვრის მცდელობისკენ იყოს ეს ყველაფერი მიმართული, შემდეგ განაცხადო, რომ თუ ამაში დაეხმარებიან სამართალდამცავები, არ შეასრულებენ თავის მოვალეობას და გარკვეულ ანაზღაურებას მიიღებენ, ეს ერთობლიობა ქმნის იმის წინაპირობას, რომ ვიღაცამ ამისთვის პასუხი მოსთხოვონ. ამას რომ გამვლელი ლაპარაკობდეს ერთია, მაგრამ მეორეა, როდესაც ლაპარაკობს ადამიანი, რომელიც ამავე დროს კონკრეტულ ქმედებებს ჩადის. როგორ შეაფასებს ამას გამოძიება და სასამართლო ამასთან დაკავშირებით განცხადებას ვერ გავაკეთებ, არ ვარ კომპეტენტური .
რა პოლიტიკურ პატიმარზე შეიძლება იყოს ლაპარაკი, როდესაც ადამიანი ჩადის კონკრეტულ დანაშაულს და ეს დანაშაული ემუქრება არა “ქართულ ოცნებას”, ან რომელიმე პარტიას, რომელიმე სუბიექტს, ადამიანს, თუ გაერთიანებას, არამედ სახელმწიფოს?! რასაკვირველია, ეს მოქმედებები, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ არის ის, რომელსაც სათავეში უდგას ხაბეიშვილი. მარტო რევოლუციისკენ მოწოდება არ არის ცალკე დანაშაული, თუკი მას არ ახლავს კონკრეტული ქმედებები. ამასთან დაკავშირებით განცხადება, რომ იქნება დიდი ფულადი ანაზღაურება მათთვის, ვინც სახელმწიფოს დაუპირისპირდება ძალოვანი სტრუქტურებიდან, რასაკვირველია, ეს ერთობლიობა, ქმედებები, განცხადებები ქმნის გარკვეულ წინაპირობას, რომ პასუხი მოეთხოვოს. პოლიტიკური სარჩული მის ქმედებებს, რასაკვირველია, აქვს, მაგრამ პირდაპირ უკავშირდება კონსტიტუციას და კონკრეტულ კანონებს, აქედან გამომდინარე, ვერ დაარქმევ პოლიტიკურ პატიმარს.
რაც შეეხება ივანიშვილის დაპირებებს – სოფლებმა საკმაოდ სერიოზული დაფინანსება მიიღეს, სოფლის პროგრამები საკმაოდ წარმატებით მიმდინარეობდა. რაც შეეხება უფასო ფულს – თქვენ ეტყობა არ იცნობთ სახელმწიფო პროგრამებს, რომლებიც მოქმედებს, რომელიც ათასობით ფერმერს და მეწარმეს დაეხმარა, მათ შორის, ისეთ ხალხს, ვინც ოპოზიციაში მოიაზრება, იმის გამო, რომ პროექტები ჰქონდათ. ასი ქარხანა კი არა, ათასზე მეტია საწარმო, რომელიც სახელმწიფო დაფინანსებით არის გაკეთებული, რომელმაც შეუმსუბუქა ფინანსური ვალდებულებები ბანკის მიმართ და რასაკვირველია, ეს არის სწორედ ის იაფი ფული, რომელზეც იყო საუბარი. ასე რომ, ხაბეიშვილის დაპირება იმასთან დაკავშირებით, რომ „ქვეყანაში სისხლს დავღვრით და დედას გიტირებთ ყველას“, არის სხვა და ბიძინა ივანიშვილის დაპირება, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი შესრულდა სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით, არის აბსოლუტურად სხვა,“ – განაცხადა ვოლსკიმ.
