ეს არ არის მხოლოდ სისხლის სამართლის დანაშაული, ეს იმ ბოროტი სცენარის შემადგენელი ნაწილია, რასაც ჰქვია ხელისუფლების ძალადობრივი დამხობისათვის წინაპირობების მომზადება, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი, პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი იმ ფაქტს, რომ ცესკოში „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა, დავით კირთაძემ ცესკო-ს თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს შავი საღებავი შეასხა.
ვოლსკის განმარტებით, აღნიშნული ქმედება „რევოლუციური სცენარის ნაწილია“.
„რასაკვირველია, ეს არ არის მხოლოდ სისხლის სამართლის დანაშაული, ეს არის იმ ბოროტი სცენარის შემადგენელი ნაწილი, რასაც ჰქვია ხელისუფლების ძალადობრივი დამხობისათვის წინაპირობების მომზადება. რევოლუციური სცენარის ნაწილია, რასაკვირველია, წინასწარ განზრახვით მოხდა“, – განაცხადა ვოლსკიმ.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობაში მიმდინარე არჩევნების შემაჯამებელი სხდომის დროს, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, დავით კირთაძემ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს სითხე შეასხა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.