პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, აქვს მოლოდინი, რომ ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების თაობაზე 29 იანვარს დაგეგმილ სამუშაო შეხვედრას ოპოზიციაც დაესწრება, თუმცა არ ფიქრობს, რომ მათი მხრიდან კონსტრუქციული მსჯელობა იქნება.
როგორც ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნულ შეხვედრაზე რაიმე თემაზე საგნობრივი მსჯელობა არ შედგება და მხოლოდ ჩამოყალიბდება გეგმა-გრაფიკი, როგორ და რა საკითხებზე უნდა იმსჯელონ.
„მოლოდინი არის ის, რომ მათ შორის რადიკალური ოპოზიციაც დაესწრება, მაგრამ [არ მაქვს] არანაირი მოლოდინი იმასთან დაკავშირებით, რომ კონსტრუქციული მსჯელობა იქნება, თავს დაანებებენ ულტიმატუმების დაყენებას (ყველა პრინციპულ საკითხთან დაკავშირებით აქვთ ულტიმატუმი) და ერთხელ და სამუდამოდ გაიგებენ, რომ ჩვენ ვართ ევროკავშირის კანდიდატი სტატუსის მქონე ქვეყანა და უნდა ვიმსჯელოთ ევროსტანდარტებით და არა იმ სტანდარტებით, რომელსაც რადიკალური ოპოზიცია გვთავაზობს. გნებავთ მოსამართლეების არჩევა დანიშვნის საკითხებში, გნებავთ ცესკო-ს შემადგენლობის არჩევის საკითხებში. ამ თემებს აქვს მნიშვნელობა და არა იმას, მოვლენ თუ არა შეხვედრაზე. ისედაც მძიმე მაგალითები იხილეთ იმის, თუ როგორი ორგანიზება შეიძლება გაუკეთო საბოტაჟს და ამ პირობებში ცხოვრობს საქართველო საკმაოდ დიდი ხანია“,- განაცხადა ვოლსკიმ.
მისივე თქმით, მმართველი გუნდის მიერ შედგენილ სამოქმედო გეგმაში ყველა საკითხზეა საუბარი, მათ შორის დეოლიგარქიზაციასა და სასამართლო რეფორმაზეც და ამ თემებზე საპარლამენტო კომიტეტებზე უნდა იმსჯელონ.
„გეგმაში ყველაფერია მოცემული, საუბარია დეოლიგარქიზაციაზეც, სასამართლო რეფორმაზეც. იმ ფორმატებში უნდა გადავიდეს საუბარი, რომელიც პარლამენტშია. ესაა საპარლამენტო კომიტეტები თუ რამე სამუშაო ჯგუფების შექმნა იქნება აუცილებელი, რომელიც პანაცეად გააცნეს საზოგადოებას, თურმე თუ სამუშაო ჯგუფი არაა, ისე რეკომენდაცია არ შესრულდება – ეს არასწორია. მაგრამ თუ იქნება რაიმე საკონსულტაციო ჯგუფის ან ფორმატის შექმნის საკითხი, რასაკვირველია, კომიტეტს შეუძლია ასეთი რამ გააკეთოს და გადაწყვეტილების მიღებამდე სამუშაო ფორმატში მოხდეს შეხვედრები. ოპოზიცია და ადამიანები, რომლებიც რადიკალური ფრთაში მოიაზრებიან, ცდილობენ „6 პუნქტით, 7 დათქმით, 2 წინადადებით“ – ამ ციფრებში გახვიონ საზოგადოება“,- განაცხადა გია ვოლსკიმ.