სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ადმინისტრაცია, როგორც ასეთი, არ შეესაბამება კონსტიტუციურ მოთხოვნას – სამხრეთ ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკა, ფაქტობრივად, არ არსებობს და არც ადმინისტრაცია შეიძლება არსებობდეს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა გადაწყვეტილებას, რომ ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაცია გაუქმდეს.
მისი თქმით, ხელისუფლების ვალდებულებაა, კანონი და საკონსტიტუციო მოთხოვნები იყოს შესაბამისობაში მოყვანილი.
„სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ადმინისტრაცია, როგორც ასეთი, არ შეესაბამება კონსტიტუციურ მოთხოვნას. რასაკვირველია, მე ძვირს ვერ ვიტყვი ვერცერთზე, ვინც იქ მუშაობდა, განსაკუთრებით თამაზ ბესტაევზე – კარგი, ჩამოყალიბებული, პროფესიონალი, პატრიოტი ადამიანები არიან, თავისი ქვეყნის და კონსტიტუციის ერთგულები, მაგრამ სტრუქტურაა თვითონ ანტიკონსტიტუციური. ამ თემაზე დიდი ხანია საუბარი მიმდინარეობს. ჩვენ შევინარჩუნებთ და ხელს შევუწყობთ ადმინისტრაციებს, რომლებიც ადგილობრივი არჩევნების დროს ჩამოყალიბდა. რეალურად, ის რომ ყველაფერი კონსტიტუციის შესაბამისობაში მოვიყვანოთ, სავალდებულოა. სავალდებულოა, ვინაიდან სამხრეთ ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკა, ფაქტობრივად, არ არსებობს და არც ადმინისტრაცია შეიძლება არსებობდეს, მით უმეტეს, კონსტიტუციაში არ არის გაწერილი. მადლობა ყველას, ვინც იქ იმუშავა. დარწმუნებული ვარ, ქვეყანა მათ ინტელექტუალურ რესურსს მომავალშიც გამოიყენებს, მაგრამ ვალდებულება, რომ კანონი და საკონსტიტუციო მოთხოვნები იყოს შესაბამისობაში მოყვანილი, ამ გადაწყვეტილების მიღების დროს ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა“, – განაცხადა ვოლსკიმ.
ცნობისთვის, „ქართულმა ოცნებამ“ ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო.აღნიშნული გადაწყვეტილების თაობაზე პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ბრიფინგიდან გახდა ცნობილი.ამასთან, როგორც პაპუაშვილმა განაცხადა, ფუნქციონირებას განაგრძობენ ახალგორის, ქურთის, თიღვისა და ერედვის მუნიციპალიტეტები, რომლებიც მისივე თქმით, კონსტიტუციის სრული დაცვით არჩეულ იქნენ 2006 წელს.




