სამართლებრივად დასჯადი ადამიანი, ვისაც ჩადენილი აქვს მძიმე დანაშაულები და ამ დროს ჯანმრთელია, საავადმყოფოში არ უნდა იწვეს – ეს ელემენტარული ფორმულირებაა, რომელიც შესაბამისმა სტრუქტურამ განახორციელა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის კლინიკიდან პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, სააკაშვილის ბრალის სიმძიმე შესაბამის სტრუქტურებს ავალებს, რომ მაქსიმალურად სამართლიანი იყოს, მათ შორის იმ ადამიანების მიმართ, „ვინც ციხეებში იტანჯებოდა სააკაშვილის პერიოდში“.
„რა საკვირველია, ამ გადაყვანის თემას პოლიტიკური პოზიციაც ახლდა თან, მაგრამ, რეალურად, არსებობს გარკვეული წესები და ამ წესს უნდა დაემორჩილო ვისი მთავრობაც არ უნდა იყოს. არსებობს გარკვეული პერიოდი. სააკაშვილი განსაკუთრებული პატიმარია, ყოფილი პრეზიდენტია, მაგრამ იმ ბრალის სიმძიმე შესაბამის სტრუქტურებს ავალებს, რომ მაქსიმალურად სამართლიანი იყოს, მათ შორის იმ ადამიანების მიმართ, ვინც ციხეებში იტანჯებოდა სააკაშვილის პერიოდში. ამ ადამიანების პოზიციაც გასათვალისწინებელია. სახელმწიფოში, სადაც არსებობს ადამიანი, იმყოფება პრივილეგირებულ პირობებში, ყოველ დღე თუ არა ორ დღეში აკეთებს განცხადებებს, მოწოდებებს რევოლუციისკენ და საკმაო რესურსი გააჩნია იმისთვის, რომ მისნაირად დესტრუქციული ადამიანები წინ წამოწიოს, ხელში აიღოს რევოლუციის სადავეები და ამაზე მუდმივად ილაპარაკოს – ეს პოლიტიკურადაც სერიოზული ზიანის მომტანია და სამართლებრივად დასჯადია. სამართლებრივად დასჯადი ადამიანი, ვისაც ჩადენილი აქვს მძიმე დანაშაულები და ამ დროს ჯანმრთელია, საავადმყოფოში არ უნდა იწვეს – ეს ელემენტარული ფორმულირებაა, რომელიც შესაბამისმა სტრუქტურამ განახორციელა”, – განაცხადა ვოლსკიმ.
ამავე თემაზე საუბრისას ვოლსკიმ აღნიშნა, რომ ჯანმრთელი ადამიანი იყო პრივილეგირებულ მდგომარეობაში და მის მიერ ნაწამები ადამიანების „უშველებელი რაოდენობა“ მის ციხეში გადაყვანას მოითხოვდა.
„არის შეკითხვა – რატომ ახლა? ხომ არ არის დაკავშირებულ იმასთან, რომ სააკაშვილი განსაკუთრებით გააქტიურდა და გამოვარდა პოლიტიკური ბრძოლის წინა ხაზზე? რევოლუციური მოწოდებები, კანონის დარღვევა, „ნაცმოძრაობის“ ნარჩენების მობილიზება, რომელიც აგრესიით, ექსტრემიზმით გამოირჩევა, – ეს ხომ არ განაპირობებს მის მიმართ გადაწყვეტილებას? სიტუაციას რომ გადახედო, ეს ერთობლიობაა, მაგრამ ეს არ არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. პოლიტიკურად ასე ვაფასებთ, მაგრამ ამის იქით კონკრეტული ბრალდება დევს, რომ მან თავისი მდგომარეობა თავისი მოქმედებებით დაიმძიმა. რომ გადავხედოთ სიტუაციას, რა მდგომარეობაა, რასაკვირველია ჩვენ შეგვიძლია დავასკვნათ რომ ჯანმრთელი ადამიანი იყო პრივილეგირებულ მდგომარეობაში, მის მიერ ნაწამები ადამიანების უშველებელი რაოდენობა მოითხოვს მის ციხეში გადაყვანას.
გითხარით ჩემი შეფასება – ამ თავისი პოლიტაქტიურობით დაიმძიმა მდგომარეობა, გამოძიება დაიწყო მის მიმართ, ბრალდება წაეყენა ამ საკითხებში, მაგრამ როცა მოიკითხა მავანმა, რომ ეს კაცი დგას, დანაშაულებს ჩადის, ამისთვის ყველა პირობა აქვს შექმნილი – ზის კაბინეტში და ხელმძღვანელობს რევოლუციას, რასაკვირველია, შესაბამისმა სტრუქტურამ თქვა, რომ ამ ადამიანს არც ეს პრივილეგია ეკუთვნის, რომელსაც ბოროტად იყენებს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გვაძლევს წინაპირობას, რომ იგი საავადმყოფოში დარჩეს”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
ცნობისთვის, გუშინ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედიდან“ N12 პენიტენციურ დაწესებულებაში დააბრუნეს, სადაც საერთო წესით გააგრძელებს სასჯელის მოხდას.პენიტენციური სამსახური განმარტავს, რომ ვინაიდან, მიხეილ სააკაშვილის „ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი და მას აღარ ესაჭიროება სტაციონარული მკურნალობა“, კლინიკიდან გამოწერეს.




