როდესაც კონგრესმენები შენ ასე გიტევენ და MEGOBARI-ის სახელს არქმევენ აქტს, რომელშიც ყველა პუნქტი არის უსამართლო, რასაკვირველია, რთულ სიტუაციას გვიქმნის, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვითარება არ ექვემდებარება გარკვეულ კონტროლს და გამოსწორების პერსპექტივა არ არსებობს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ „MEGOBARI აქტზე“ საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ქართული მხარე იმედს იტოვებს, რომ მოვა ის დრო, როდესაც საქართველო ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობას მართლაც სუფთა ფურცლიდან დაიწყებს და სტრატეგიულ პარტნიორობას რეალური შინაარსი ექნება.
„რთული სიტუაციაა. როდესაც კონგრესმენები შენ ასე გიტევენ და MEGOBARI-ის სახელს არქმევენ აქტს, რომელშიც ყველა პუნქტი არის უსამართლო, რასაკვირველია, რთულ სიტუაციას გვიქმნის, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვითარება არ ექვემდებარება გარკვეულ კონტროლს და გამოსწორების პერსპექტივა არ არსებობს. ახლახან, ამხელა ვიზიტი ჰქონდა ვიცე-პრემიერს ამერიკის შეერთებულ შტატებში. საუბრები ჰქონდა როგორც ეკონომიკურ საკითხებზე, ასევე პოლიტიკურ საკითხებზე. ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ მოვა ის დრო, როდესაც მართლაც სუფთა ფურცლიდან დავიწყებთ ურთიერთობას და რაც შეეხება სტრატეგიულ პარტნიორობას, ამას ექნება რეალური შინაარსი და არა მხოლოდ სათაური და დასახელება. მეორე მხრივ, ნახეთ ამერიკის შეერთებულ შტატებსაც აქვს პარტნიორული ურთიერთობები, სტრატეგიული პარტნიორობა გააფორმა ჩვენს მეზობელ, მეგობარ სომხეთთან. წარმატებებს ვუსურვებთ ამ მიმართულებით, მაგრამ ახლახან სომხეთმა ირანთან ერთად სამხედრო წვრთნები ჩაატარა. ანუ, ინტერესებიდან გამომდინარეობს ყველა ქვეყნის დამოკიდებულება და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში, ინტერესები დადგება წინ, მათ შორის, აშშ-ის ინტერესები და არა კონკრეტული ცალკეული კონგრესმენების მოსაზრება, რომ აუცილებლად “ნაცმოძრაობა” უნდა იყოს ქვეყნის სათავეში,” – განაცხადა ვოლსკიმ.
ცნობისთვის, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში დღეს „MEGOBARI აქტს“ განიხილავენ.
