როდესაც კამერას ხედავენ, სასამართლოს მიმდინარეობა, პრაქტიკულად, რაღაც ბრძოლის ველად არის ხოლმე გადაქცეული – მედიის ყოფნა სასამართლოში, ისევე როგორც ფოტო/ვიდეო გადაღების დაშვება, ემსახურება ერთ მთავარ მიზანს – სასამართლოს დისკრედიტაცია მოახდინონ და პროცესზე განხილული საკითხი პერფორმანსით გადაფარონ, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, სასამართლოში ფოტო/ვიდეო გადაღებასთან დაკავშირებით მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები მართებულია.
„მედიის ყოფნა სასამართლოში, ისევე როგორც ფოტო/ვიდეო გადაღების დაშვება, უფრო მეტად, ვიდეო გადაღების, ემსახურება ერთ მთავარ მიზანს – დისკრედიტაცია მოახდინოს სასამართლოსი და სასამართლოს პროცესზე განხილული საკითხი გადაფაროს პერფორმანსით. ამის იმდენი მაგალითი იყო უკვე, იმდენი ემოცია დაიხარჯა ამაში და ისეთი რაოდენობის პროპაგანდისტული, არასწორი ინფორმაცია გავრცელდა, იძულებული გახდა სახელმწიფო, საკანონმდებლო ორგანო, რომ მიეღო შესაბამისი გადაწყვეტილება სწორედ ისეთი, რომელიც არა ერთ დემოკრატიულ სახელმწიფოში მოქმედებს. მთავარია, მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელსაც უნდა დაუპირისპირდეს ბრალმდებელი და ადვოკატი. ამ საკითხებთან მიმართებაში ინფორმაციის გავრცელების არანაირი პრობლემა არ არსებობს. პრობლემა არის ერთი, როდესაც კამერას ხედავენ, სასამართლოს მიმდინარეობა პრაქტიკულად, რაღაც ბრძოლის ველად არის ხოლმე გადაქცეული. ასე რომ გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით მართებულია. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ინფორმაცია არ უნდა გავრცელდეს, კომენტარები არ უნდა გააკეთონ ბრალდების მხარემ და დაცვის მხარემ. ყველაფერს სჭირდება გარკვეული სტანდარტის ფორმატში მოყვანა,” – განაცხადა ვოლსკიმ.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესებზე მედიის წარმომადგენლებს ფოტო-ვიდეო გადაღების და ასევე, აუდიო ჩაწერის უფლება არ ეძლევათ. ჟურნალისტები ფიზიკურად სასამართლოს დარბაზში იმყოფებიან, თუმცა მათ ჩამწერი და დამაღები ტექნიკური საშუალებების გამოყენება არ შეუძლიათ. ამის მიზეზი გასულ კვირას პარლამენტის მიერ დაჩქარებული წესით განხილული და მიღებული კანონია, რომელიც ძალაში უკვე შევიდა. დღეიდან სასამართლოში – სასამართლოს შენობაში, სხდომის დარბაზში და სასამართლოს ეზოში ფოტო, კინო, ვიდეოგადაღება და ტრანსლაცია დაუშვებელია გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამას სასამართლო ან სასამართლოს მიერ უფლებამოსილი პირი ახორციელებს. „ქართული ოცნების“ ახალი კანონით სასამართლო სხდომის ვიდეო და აუდიო ჩაწერა, ასევე ტრანსლაცია, შეიძლება დაშვებულ იქნეს მხოლოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით.
