ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, ჩვენი ინტერესებით ვმოქმედებთ და არანაირ სასჯელს არ ვიმსახურებთ, მათ შორის, რაც ამ „MEGOBAR აქტშია“ ჩამოყალიბებული – არ ველოდებით, რომ ეს აქტი საბოლოოდ დამტკიცდება – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს „MEGOBAR აქტთან“ დაკავშირებით განუცხადა.
მისივე თქმით, საქართველოში ისეთი არაფერი ხდება, რამაც ამ აქტის მიღება უნდა გამოიწვიოს.
„ჩვენ არ ველოდებით ესეთ ნეგატიურ განვითარებას, იმიტომ, რომ უსამართლობის ეს ხარისხი, რომელიც ამ აქტშია გამოხატული, რასაკვირველია, დამაზიანებელია არამარტო ქართული საზოგადოებისთვის, არამედ საერთოდ საზოგადოებისთვის. ასევე, მსოფლიოში მიმდინარე პროცესები ზიანდება ასეთი უსამართლო შეფასებებისგან. ხშირ შემთხვევაში, გაურკვევლობას იწვევს და ხშირ შემთხვევაში ხელს უშლის პოზიტიური პროცესების განვითარებას, მითუმეტეს, ორმხრივ ურთიერთობაში. აქედან გამომდინარე, არ ველოდებით, რომ ეს აქტი საბოლოოდ დამტკიცდება და იქნება მიღებული, განსაკუთრებით, ახალი ადმინისტრაციის პირობებში.
საქართველოში არანაირი ისეთი არ ხდება, მაგალითად: ირანთან პოლიტიკური ურთიერთობების დაბრალება… ჩინეთთან ურთიერთობის განვითარება შერაცხილია რაღაც დანაშაულთან, მაშინ როცა ამერიკაც საკმაოდ ინტენსიურ მოლაპარაკებას აწარმოებს ჩინეთთან და ევროკავშირის ქვეყნებს გაცილებით უფრო დიდი ეკონომიკური ურთიერთობები აქვთ ჩინეთთან.
ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, ჩვენი ინტერესებით ვმოქმედებთ და არანაირ სასჯელს არ ვიმსახურებთ, მათ შორის, რაც ამ აქტშია ჩამოყალიბებული. ის, რომ წინა ადმინისტრაციის მოთხოვნის დროს ომში არ ჩავერთეთ, ეს არ არის მიზეზი, რომ რაიმენაირად საქართველოს ინტერესებს ჩრდილი მიადგეს. უბედურება ისაა, რომ ქართველებად წოდებული ადამიანები, მათ შორის თავისი დეზინფორმაციული საშუალებებით, მოხარულები იქნებიან თუ საქართველოს რაიმე პრობლემები შეექმნება, მათ შორის ამერიკასთან ურთიერთობაში“,-განაცხადა გია ვოლსკიმ.
ცნობისთვის, „MEGOBARI აქტი“ რესპუბლიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის, მიერ საქართველოსთან დაკავშირებული წარდგენილი კანონპროექტია, რომელიც ერთი მხრივ ითვალისწინებს საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობების გაღრმავებას, ხოლო მეორე მხრივ სანქციების დაწესებას საქართველოს დემოკრატიისთვის ძირგამომთხრელ საქმიანობაში შემჩნეული პირებისთვის. 2025 წლის 5 მაისს აშშ-ის კონგრესის ქვედა, წარმომადგენელთა პალატამ, მეგობარი აქტს კენჭი უყარა და ორპარტიული მხარდაჭერით მიიღო.
ამასთან, როგორც Kyiv Post-ის ვაშინგტონის კორესპონდენტი ალექს რაუფოღლუ სოციალურ ქსელში 23 ივლისს წერდა, სენატში აქტის მიღებას სენატორების რენდ პოლის, მაიკ ლისა და მარკუეინ მალინის პოზიცია აჭიანურებდა. მოგვიანებით კი მანვე გაავრცელა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ სწორედ „ეს სამი სენატორი შეცდომაში შეიყვანეს იმგვარი მტკიცებით, თითქოს MEGOBARI აქტი სანქციებს საქართველოს უწესებდა“.
დღეს კი ვრცელდება ინფორმაცია, რომ სენატორებმა პოზიცია შეიცვალეს და აქტის დაჩქარებული წესით მიღებას კვლავ მხარს უჭერენ.
