ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის იდეაა, როგორმე საქართველო რუსეთის აგრესიის ქვეშ მოჰყვეს და ბალტიისპირეთის ქვეყნების მიმართულებით საფრთხეები შემცირდეს – ეს არის სცენარი! – ასე ხსნის პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ლიეტუვის მიერ საქართველოს ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენლებისთვის სავიზო სანქციების დაწესების გადაწყვეტილებას.
როგორც ვოლსკი აცხადებს, “ძალიან ცუდი იქნება, თუ ტენდენციას ცალკეული ქვეყნები აჰყვებიან“.
„მთავარია შენ იყო მართალი საკუთარი ქვეყნისა და ხალხის წინაშე, მათ შორის იმ ხალხის წინაშეც, ვინც მხარს არ გიჭერს. საქართველო უნდა გადარჩეს – ეს არის ჩვენი იდეა! ლიეტუვის, ლატვიის და ესტონეთის იდეაა, რომ საქართველო როგორმე რუსეთის აგრესიის ქვეშ მოჰყვეს და ბალტიისპირეთის ქვეყნების მიმართულებით საფრთხეები შემცირდეს. ეს არის სცენარი! ამ სცენარში ხან სანქციებს დააწესებენ, ხან როყიო განცხადებებს გააკეთებენ, ხანაც ჩამოვლენ და ჩვენს ახალგაზრდებს სისხლისღვრისკენ მოუწოდებენ – ჩვენ ამას ვხედავთ. არ ვფიქრობ, რომ ლიეტუვას რაიმე მიზეზი გააჩნია, გარდა ამ ბნელი სტრატეგიული გეგმებისა, რასაც არც მალავენ და ხმამაღლა აცხადებენ“, – განუცხადა ჟურნალისტებს გია ვოლსკიმ.
ლიეტუვამ სავიზო სანქციები საქართველოს კიდევ 10 მოქალაქეს დაუწესა. აღნიშნულ პირებს ლიეტუვაში შესვლა ეკრძალებათ. ლიეტუვის მიგრაციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, სანქციები დაუწესდათ: მოსამართლე ნინო გალუსტაშვილს, მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიას, მოსამართლე ირაკლი შვანგირაძეს, მოსამართლე ვიქტორ მეტრეველს, პროკურორ მარი მეშველიანს, პროკურორ ნათია ტატიაშვილს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს სულხან თამაზაშვილს, პარლამენტის წევრ მარიამ ლაშხს, პარლამენტის წევრ ნინო წილოსანს, ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელ რაჟდენ კუპრაშვილს. საერთო ჯამში, ლიეტუვის მიგრაციის დეპარტამენტის ვებგვერდის საძიებო სისტემაში ამ დროისთვის საქართველოს 112 მოქალაქე იძებნება, რომელთა წინააღმდეგაც სავიზო შეზღუდვები მოქმედებს.
