კორუფცია იმ დონეზე უნდა იქნას განხილული, როგორიც არის ქვეყნის ღალატი – რა გვარის და რა წარმომავლობის ადამიანიც არ უნდა იყოს, ქვეყნის წინაშე ღალატის ეს დონე, რასაც მასშტაბური კორუფციის ხელშეწყობა და მასში ჩართულობა ჰქვია, დაუსჯელი არ დარჩება! – ეს განცხადება პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების დაპატიმრებაზე დასმული კითხვის პასუხად გააკეთა.
ვოლსკიმ ამავე კონტექსტში ხაზგასმით აღნიშნა, რომ მნიშვნელობა არა აქვს არც ერთ გვარსა და თანამდებობას, თუკი სახელმწიფოს ინტერესებს უპირისპირდება.
“რასაკვირველია, ვინმეს დაჭერა-დაკავება თვითმიზანი არ არის. კორუფცია, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს, ის საკითხია, რაც ქვეყანას ანგრევს. ეს იმ დონეზე უნდა იქნას განხილული, როგორიცაა ქვეყნის ღალატი და პასუხისმგებლობას უნდა გრძნობდეს ნებისმიერი ადამიანი რა წარმომავლობისაც არ უნდა იყოს და რომელ პოლიტიკურ გუნდშიც არ უნდა იყოს. ეს პასუხისმგებლობა ოპოზიციაში ითარგმნება, როგორც კლანებს შორის დაპირისპირება. არის არა კლანების დაპირისპირება, არამედ საქართველოს ინტერესების დაპირისპირება იმასთან, რასაც კორუფცია ჰქვია. აქ სხვა არაფერი არ არის. ვის გვართანაც არ უნდა მიდიოდეს – რა გვარისა და რა წარმომავლობის ადამიანიც არ უნდა იყოს, ქვეყნის წინაშე ღალატის ეს დონე, რასაც მასშტაბური კორუფციის ხელშეწყობა და მასში ჩართულობა ჰქვია, დაუსჯელი არ დარჩება! გადახედეთ რეიტინგებს – კორუფციასთან ბრძოლაში საქართველო მათ შორის ევროკავშირის არაერთ ქვეყანას მნიშვნელოვნად უსწრებს წინ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
ჟურნალისტის კითხვაზე, მის მიერ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის გარემოცვის პასუხისმგებლობაზე საუბარი ნიშნავს თუ არა იმას, რომ ამ მიმართულებით ჯუანშერ ბურჭულაძის და ირაკლი ღარიბაშვილის პასუხისმგებლობაც არის საკვლევი, ვოლკიმ განაცხადა, რომ “უყურადღებოდ არავინ დარჩება“.
“მე გამომძიებელი არა ვარ, მაგრამ კლასიკა იმას მოითხოვს, რომ ყველაფერი შეფასდება. რასაკვირველია, არავინ უყურადღებოდ არ დარჩება, მაგრამ ირაკლი ღარიბაშვილის მიმართულებით კითხვების დასმა, გვარების წამოწევა, რასაკვირველია, გარკვეულ პოლიტიკურ მიზანს ემსახურება. ეს რაიმე მზაკვრული გეგმა არ არის – ეს ჩვეულებრივი ამბავია და კრიტიკულმა მედიამ ასე უნდა ისაუბროს, მაგრამ ამის უკან არის გარკვეული აზრი და გეგმა, რომ როგორმე ხელისუფლების მიმართ უნდობლობა შეიქმნას.
ჩვენთვის არც ერთ გვარს, არც ერთ თანამდებობას მნიშვნელობა არა აქვს, თუკი ეს სახელმწიფოს ინტერესებს უპირისპირდება.
საერთოდ, არასდროს არაფერი არ უნდა გამორიცხო! პირადად მე გამოვრიცხავ, რომ ამაში კიდევ ვიღაც ადამიანები შეიძლება იყვნენ ჩართული, მაგრამ ჩემი გამორიცხვა იმას არ ნიშნავს, რომ გამოძიება ამ მიმართულებით უნდა გაჩერდეს. ჩემი პირადი განწყობა და ის, რომ გამოვრიცხავ იმას, რომ ირაკლი ღარიბაშვილი შეიძლება რაიმე ცუდ საქმეში იყოს ჩართული, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ გამოძიებამ წესები უნდა დაარღვიოს. თუკი საჭიროა გია ვოლსკის, ირაკლი ღარიბაშვილის თუ ვისიც გინდა, გამოკითხვა, ამაზე გამოძიება უკან არ დაიხევს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
