ვფიქრობ, ბევრი ისეთი თემა წამოიწევა, რომელიც მათი აზრით, საჭიროა, რომ საფუძვლად დაედოს სანქციებს თუ არა, რაიმე პოლიტიკური შეტევის გაგრძელებას – არ გამოვრიცხავ, რომ ეს სტატიაც სწორედ ამ მიზნით არის გამოშვებული, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა BBC-ის მიერ გავრცელებულ მასალას, სადაც საუბარია, რომ „საქართველოში მომიტინგეების წინააღმდეგ, სავარაუდოდ, პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენეს“.
ვოლსკის თქმით, BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა.
„თავად BBC მიუთითებს, რომ ასეთი იარაღი 1930 წლამდე არსებობდა, შემდეგ გაქრა და მისი კვალი არავის უნახავს. ახლა, როცა ეს ექსტრემისტული პროცესები შენელდა და ენერგია დააკლდა, უცებ აღმოჩნდა, რომ თურმე საქართველოში არსებობს ასეთი იარაღი. რასაკვირველია, ეს არანაირი გამოვლინებით, შედეგით არ არის დამტკიცებული – ამ საკითხებთან დაკავშირებით არც ჯანმრთელობის თემაზე არ მიუმართავთ, რომ მოწამვლის ნიშნები არსებობდეს და არც საერთაშორისო საკმაოდ ფხიზლად მყოფ საერთაშორისო ორგანიზაციების რაიმე რეპორტში ან გამოძიებაში დაფიქსირებულა.
პროფესიონალები მუშაობენ ყველა თემაზე, რაც ნებისმიერი გინდ ქიმიური და გინდ ნებისმიერი იარაღს და მითუმეტეს მის გამოყენებას შეეხება. რასაკვირველია, სიცრუეა, მაგრამ არ შეიხლება მთლიანად BBC-ის დავაბრალოთ ეს. არსებობს გარკვეული მიმართულება და სტრუქტურა, რომელიც ლამობს, რომ ამ ქსელში როგორმე ჩაერთოს – ამას ზოგი პროპაგანდისტულს და ძალისმიერ შერეულს, დაგეგმილს, რევოლუციური პროცესების განვითარების ხელშეწყობას ეძახის. საქართველოს წინააღმდეგ მთელი რიგი სისტემები მუშაობს, მათ შორის, ერთ-ერთი ეს სიცრუეა შემადგენელი ნაწილი საქართველოს წინააღმდეგ იმ შეთქმულების, რასაც უნდა გავუძლოთ”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
კითხვაზე, BBC-ის ეს სტატია შეიძლება თუ არა დიდი ბრიტანეთისთვის სანქციების მიზეზი გახდეს, ვოლსკიმ უპასუხა, რომ არ გამორიცხავს, რომ ეს სტატია ამ მიზნით გამოქვეყნდა, თუმცა ვოლსკის შეფასებით, სტატია არ შეესაბამება იმ რეალობას, რომელიც საქართველოშია.
„ვფიქრობ, რომ ბევრი ისეთი თემა წამოიწევა, რომელიც მათი აზრით, საჭიროა, რომ საფუძვლად დაედოს სანქციებს თუ არა რაიმე პოლიტიკური შეტევის გაგრძელებას. არ გამოვრიცხავ, რომ ეს სტატიაც სწორედ ამ მიზნით არის გამოშვებული, რომ საფუძველი შეუქმნას განვითარებას, თუმცა არანაირი არათუ მამტკიცებელი საბუთი, არამედ ზოგადად მიახლოება იმ რეალობასთან, რომელიც საქართველოში არსებობს, არ აქვს არც ამ სტატიას და არც სხვა პროპაგანდისტულ შემოტევებს, რომელიც მათ შორის, ჩვენი ზოგიერთი მედიასაშუალების მხრიდან არსებობს”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, BBC-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათ მიერ შეგროვებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ჩასახშობად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა.როგორც BBC-ი წერს, „საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების წინააღმდეგ მებრძოლი დემონსტრანტები სხვადასხვა სიმპტომებს უჩიოდნენ მათ შორის თვალების წვას, ქოშინს, ხველასა და ღებინებას, რომელიც კვირების განმავლობაში გაგრძელდა“.BBC-ის ცნობითვე, ესაუბრნენ World Service-ი ქიმიური იარაღის ექსპერტებს, საქართველოს სპეცრაზმის წარმომადგენლებსა და ექიმებს და აღმოაჩინეს, რომ „მტკიცებულებები მიუთითებს იმ აგენტის გამოყენებაზე, რომელსაც საფრანგეთის სამხედროებმა „კამიტი“ უწოდეს“.




