ვფიქრობ, დღევანდელი სხდომა საინტერესო იქნება და კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ არსებობს ფაქტები, აღქმები და შეხედულებები გარკვეულ პოლიტიკურ სტრატეგიასთან დაკავშირებით, რომელიც ევროპას გააჩნია – ეს ჩვეულებრივი ამბავია, ამან არც უნდა გაგვაღიზიანოს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ გაფართოების ანგარიშზე და დღევანდელ სამიტზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, დასავლეთის მხრიდან მოვისმინეთ ბევრი ისეთი შეფასება, რომელიც აბსოლუტურად აცდენილია რეალობას.
როგორც ვოლსკი აღნიშნავს, გაფართოების ანგარიშში ვიზალიბერალიზაცია არ იქნება განხილული.
„ვიზალიბერალიზაცია არ იქნება განხილული. ვიზალიბერალიზაციის თემა ნოემბრის ბოლოს, დეკემბრის დასაწყისში იქნება განხილული, მაგრამ ეს განხილვა, რაც დღეს შედგება, რასაკვირველია, მნიშვნელოვანი იქნება შემდგომი განხილვებისათვის. ვიზალიბერალიზაციის თემა თუკი ვინმეს აინტერესებს, უნდა იცოდეს, რომ აქ ეს არ შედგება მხოლოდ იმ პოლიტიკური შეფასებებიდან, რომლებიც ჩვენ ბრიუსელიდან არა ერთი მოვისმინეთ, ევროპარლამენტი იქნებოდა, თუ სხვა ფორმატები. რასაკვირველია, ეს პოლიტიკური მდგენელი ამ ვიზალიბერალიზაციის თემის განხილვისას იქნება, მაგრამ აქ არის კიდევ მთელი რიგი საკითხები, რომლებიც ეხება ინტერპოლის შეფასებებს, თანამშრომლობას კრიმინალთან ბრძოლაში, თავშესაფრის მოთხოვნების რაოდენობა, საზღვრის კვეთის რაოდენობა, უამრავი ტექნიკური საკითხია, რომელიც ასევე გათვალისწინებული იქნება. აუცილებლად გათვალისწინებული იქნება რეიტინგები, მათ შორის, ევროკომისიის მიერ დაკვეთილი რეიტინგებიც იქნება მხედველობაში მიღებული. ჩვენ ამის იმედი გვაქვს. ვინაიდან შეკვეთა იმ ინსტიტუტებზე, რომელმაც ეს რეიტინგები შეადგინა, ფაქტობრივად, მივიდა იმ შედეგამდე, რომ საქართველო არის არა თუ მოწინავე, არამედ მთელ რიგ ევროპულ ქვეყნებს უსწრებს მთელი რიგი მაჩვენებლებით. მათ შორის, მართვის სისტემის მაჩვენებლებითაც და როცა ვამბობ “იმედი გვაქვს” ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს იმედი გამართლდება. რასაკვირველია, ჩვენ ბევრი მოვისმინეთ ისეთი შეფასებები, რომელიც აბსოლუტურად აცდენილია რეალობას, სინამდვილეს და რაც მთავარია, საფუძველი იმისა, რომ შემოტევა განხორციელდეს თბილისზე არანაირ დამატებით არგუმენტებს არ საჭიროებს, ვინაიდან ექვემდებარება გარკვეულ პოლიტიკურ მიზანს. მე ვფიქრობ, რომ ამ თვალსაზრისით, დღევანდელი სხდომა იქნება საინტერესო და კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ არსებობს ფაქტები, აღქმები და შეხედულებები გარკვეულ პოლიტიკურ სტრატეგიასთან დაკავშირებით, რომელიც ევროპას გააჩნია. ეს ჩვეულებრივი ამბავია. არც უნდა გაგვაღიზიანოს ამან,” – განაცხადა ვოლსკიმ.




