გაფართოების საკითხებზე მსჯელობისას საქართველოს დადანაშაულება რაიმე არგუმენტირებული პოზიციით ძალიან რთული იქნება – თუ ამ უსაფუძვლო ბრალდებებს გაჰყვნენ და კუბილიუსს, იუკნევიჩიენეს და კოსის პირად მოსაზრებებზე დაყრდნობით მიიღეს გადაწყვეტილება, რასაკვირველია, უნდა ვიგულისხმოთ, რომ ეს სერიოზული ჩანაფიქრია და საქართველოში არსებულ რეალურ ვითარებასთან არანაირი კავშირი არ აქვს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ საქართველოსთან დაკავშირებით ევროკავშირის გაფართოების შესახებ ანგარიშის მოლოდინებზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, „საქართველოს დანიშნულება მათი მოსაზრებით, არის საზარბაზნე ხორცი“.
„გაფართოების საკითხებზე მსჯელობისას საქართველოს დადანაშაულება რაიმე არგუმენტირებული პოზიციით ძალიან რთული იქნება. ცარიელი სიტყვების ლაპარაკი, რომ დემოკრატიისგან უკან დახევაა, საგარეო კურსი შეიცვალა და არჩევნები გაყალბდა – ეს არაფერი არ არის. თუ ამ უსაფუძვლო ბრალდებებს გაჰყვნენ და კუბილიუსს, იუკნევიჩიენეს და კოსის პირად მოსაზრებებზე დაყრდნობით მიიღეს გადაწყვეტილება, რასაკვირველია, უნდა ვიგულისხმოთ, რომ ეს სერიოზული ჩანაფიქრია და საქართველოში არსებულ რეალურ ვითარებასთან არანაირი კავშირი არ აქვს. ეს ჩანაფიქრი ძალიან მძიმე და აშკარაა. საქართველოს დანიშნულება მათი მოსაზრებით, არის საზარბაზნე ხორცი. დარწმუნებული ვარ, რომ გაიხსენებენ 4 ოქტომბრის მოვლენებს და უამრავ ფაქტს, რომელიც მათივე მხარდაჭერილი აქციების ორგანიზებას უკავშირდება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
ვოლსკის თქმით, ევროკავშირის მხრიდან შეიძლება გამოყენებული იქნეს „შანტაჟის“ მექანიზმი და „იმ საზოგადოების დასჯაზე დაიწყონ საუბარი, რომელიც ექსტრემისტულ ჯგუფებს არ დაეთანხმა და ხმა „ქართულ ოცნებას“ მისცა.
„ევრონესტის კრიტიკაზე ცალკე კითხვა ქმნის განცდას, თითქოს საქართველოს მიმართ ცეცხლი სხვადასხვა მიმართულებებიდან არის გახსნილი. ყველა სტრუქტურა ექვემდებარება სახალხო პარტიას. ყველა სტრუქტურას ჰყავს ერთი ხელმძღვანელი. ბრიუსელის ბიუროკრატია მართავს დღეს სიტუაციას, რომელშიც საქართველო ჩამოყალიბებული სამიზნეა იმისთვის, რომ მათი დიდი გლობალური ამოცანები შესრულდეს. საქართველო პროქსი ომში არ ერთვება და ყველა მიმართულებიდან უნდა მოველოდეთ საკმაოდ ინტენსიურ შეტევას. ეს შეტევები ბოლო პერიოდში გაძლიერდა და ფიზიკური დაპირისპირებების სახე მიიღო 4 ოქტომბერს. თუ ამას არ გაითვალისწინებენ და გადაწყვეტილებას მიიღებენ, ხელისუფლების წარმომადგენლებთან არავის გაუკვირდება. მაგრამ არის კიდევ ერთი სერიოზული თემა – მათ შეიძლება საზოგადოების დასჯაზე დაიწყონ საუბარი, რომელიც ამ ექსტრემისტულ ჯგუფებს არ დაეთანხმა და ხმა „ქართულ ოცნებას“ მისცა. ეს სასჯელი არის პრაქტიკულად, შანტაჟის მექანიზმი. აქამდე დაცემას ვერ წარმოვიდგენ, რომ საზოგადოებას „ქართული ოცნების“ მხარდაჭერისთვის დაუპირისპირდნენ“, – აღნიშნა ვოლსკიმ.
ცნობისთვის, საქართველოსთან დაკავშირებით ევროკავშირის გაფართოების შესახებ ანგარიში 4 ნოემბერს გამოქვეყნდება.ევროკომისარი გაფართოების საკითხებში, მარტა კოსი ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრებს 2025 წლის გაფართოების პაკეტს წარუდგენს. ევროპარლამენტის ინფორმაციით, ამ საკითხზე გაიმართება დებატებიც, რომელიც ფოკუსირებული იქნება კანდიდატი და პოტენციური კანდიდატი ქვეყნების მიერ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მიღწეულ პროგრესზე. კომისიის მიერ აღნიშნულ ქვეყნებში ევროკავშირთან დაკავშირებული რეფორმების შეფასების შემდეგ, კომიტეტის მომხსენებლები შეიმუშავებენ რეზოლუციებს, თითოეული ქვეყნისთვის პარლამენტის დასკვნებით და რეკომენდაციებით.




