გრიგორი კარასინი მაღალი დონის ჩინოვნიკი და გამოცდილი დიპლომატია – მას კარგად უნდა ესმოდეს, რომ საქართველოში [რუსეთის] სამი დიპლომატიური მისია ვერ იქნება, – ასე უპასუხა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კომისიის ხელმძღვანელმა გია ვოლსკიმ გრიგორი კარასინთან დაკავშირებით დასმულ კითხვას, რომელიც აცხადებს, რომ რუსეთი საქართველოსთან დიპლომატიურ ურთიერთობებს სიამოვნებით აღადგენს.
ვოლსკის თქმით, ჯერჯერობით რაიმე პოზიტიური პერსპექტივის საფუძველი არ არსებობს.
„რასაკვირველია, გრიგორი კარასინი მაღალი დონი ჩინოვნიკი და გამოცდილი დიპლომატია. მას კარგად უნდა ესმოდეს, რომ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა იმ პირობებში, როცა საქართველოში რუსეთის დიპლომატიური მისიები უკვე არსებობს (მათ რასაკვირველია, მსოფლიო არ სცნობს, მაგრამ აფხაზეთსა და ცხინვალში ელჩები არიან) სამი დიპლომატიური მისია ვერ იქნება.
ისე, სხვათა შორის, არა მხოლოდ საქართველოსთვის, ძალიან დიდი ქვეყნებისთვისაც, მათ შორის აშშ-ისთვის ძალიან ხელსაყრელი იქნებოდა, რომ რუსეთს ნორმალური ურთიერთობები ჰქონოდა. ჩვენც გვაწყობს, რომ დიდი ქვეყნები მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით ერთმანეთში მოლაპარაკებული იყვნენ, მათ შორის საქართველოს ინტერესების გათვალისწინებით. ეს არ ხდება და სამწუხაროდ, ამის წინაპირობები არ არსებობს.
ჯერჯერობით რაიმე პოზიტიური პერსპექტივის საფუძველი არ არსებობს. ეს კარასინმა კარგად იცის და განცხადებასაც იმიტომ აკეთებს, რომ იმ ფრონტზე, რასაც ის ემსახურება, გარკვეული ინტრიგა შეიტანოს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელის, გრიგორი კარასინის განცხადებით, რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში გააქტიურების ტენდენცია შეინიშნება. მისი თქმით, ბოლო წლებში ქართული პოლიტიკური ელიტა მნიშვნელოვნად მომწიფდა.
„ჩვენ დიპლომატიურ ურთიერთობებს სიამოვნებით აღვადგენდით. ამჟამად, ისტორიული მიზეზების გამო, ჩვენ თბილისში შვეიცარიის საელჩოში განყოფილება გვაქვს, რომელიც ჩვენი დიპლომატებისგან შედგება. ისევე როგორც მოსკოვში შვეიცარიის საელჩოში არის განყოფილება, რომელიც საქართველოს ინტერესებს წარმოადგენს. იქ ქართველი დიპლომატები მუშაობენ. მთლიანობაში, ურთიერთობებში გააქტიურების ტენდენცია შეინიშნება. პოლიტიკური ხელმძღვანელობა შესამჩნევად მომწიფდა. საქართველო პასუხისმგებლობის მქონე მიდგომებით მოქმედებს. მას სხვისი ინტერესების გამო ბრძოლა აღარ სურს. ეს რუსეთის საზოგადოებრივ აზრზე დადებით შთაბეჭდილებას ახდენს და ტურიზმი და ქართველი ტურისტების ჩვენთან ვიზიტები ნელ-ნელა უმჯობესდება“, – განაცხადა კარასინმა.
