გიორგი გახარიაზე – შესაბამისი სტრუქტურა მიიღებს გადაწყვეტილებას, მოითხოვოს თუ არა ექსტრადიცია

გამოძიებას მტკიცებულებათა ერთობლიობა აქვს გამოსაქვეყნებელი – შეფასებების ერთობლიობა უნდა იყოს გამყარებული ფაქტებით და რასაკვირველია, ამ შემთხვევაში შესაძლოა, შესაბამისმა სტრუქტურებმა ექსტრადირება მოითხოვონ, – ასე უპასუხა პარლამენტის პირველმა სპიკერმა, მ შეკითხვას, მოითხოვს თუ არა ქართული მხარე გიორგი გახარიას ექსტრადიციას.
მისი თქმით, რეალურად, თუ შევხედავთ ვითარებას, „საკმაოდ მძიმე შედეგი დაუდგა საქართველოს და განსაკუთრებით იმ ადამიანებს, ვინც ჩორჩანას საგუშაგოს სიახლოვეს ცხოვრებდა“. რაც შეეხება 20 ივნისის თემას, ვოლსკის განცხადებით, გარდა იმისა, რომ სტრასბურგმა მოითხოვა გამოძიება იმ გადაცდომების, რაც პოლიციამ ჩაიდინა, ისიც გასათვალისწინებელია, თავად პოლიცია რა მდგომარეობაში ჩააყენა ხელმძღვანელობამ, ამ შემთხვევაში გახარიამ.
„გამოძიებას მტკიცებულებათა ერთობლიობა აქვს გამოსაქვეყნებელი. ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას შესაბამისი სტრუქტურა მიიღებს – მოითხოვოს თუ არა ექსტრადიცია, მაგრამ რეალურად, თუ შევხედავთ ვითარებას – საკმაოდ მძიმე შედეგი დაუდგა საქართველოს და განსაკუთრებით იმ ადამიანებს, ვინც ჩორჩანას საგუშაგოს სიახლოვეს ცხოვრებდა. საოცრება ის არის, რომ [გახარიას] ამ ნაბიჯზე არავისთან შეთანხმება არ ჰქონია. ჩნდება არგუმენტირებული ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ ეს განზრახ იქნა ჩადენილი იმისთვის რომ შეტაკება მომხდარიყო ან რუსეთს უფრო მკაცრი და ხისტი ზომები მიეღო საქართველოს მიმართ, რაც შემდეგ პროცესების განვითარებას გამოიწვევდა. პროკურატურისთვის ეს მოსაზრებები საგულისხმოა, მაგრამ ამასთან დაკავშირებით ფაქტი მხოლოდ ის არის, რომ საქართველომ უშველებელი ტერიტორია დაკარგა და კვლავ გაიზარდა საოკუპაციო ზონა.
რაც შეეხება 20 ივნისის თემას. გარდა იმისა, რომ სტრასბურგმა მოითხოვა გამოძიება იმ გადაცდომების, რაც პოლიციამ ჩაიდინა, ისიც გასათვალისწინებელია, თავად პოლიცია რა მდგომარეობაში ჩააყენა ხელმძღვანელობამ, ამ შემთხვევაში გახარიამ. რამდენიმე საათის განმავლობაში იდგნენ ამ გააფთრებული შტურმის წინააღმდეგ, არ ინძრეოდნენ, შეურაცხყოფას აყენებდნენ, გაიტაცეს, რამდენიმე მათგანს წაართვეს ეკიპირება, დაამცირეს და ამის შემდეგ განვითარდა პროცესები, რომლის გამოძიებაც სტრასბურგმა მოითხოვა. ამ შეფასებების ერთობლიობა უნდა იყოს გამყარებული ფაქტებით და რასაკვირველია, ამ შემთხვევაში შესაძლოა შესაბამისმა სტრუქტურებმა ექსტრადირება მოითხოვონ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
კითხვაზე, იმ შემთხვევაში თუ ქართული მხარე გიორგი გახარიას ექსტრადირებას მოითხოვს, აქვთ თუ არა მოლოდინი იმისა, რომ ეს მოთხოვნა დაკმაყოფილდება, ვოლსკიმ უპასუხა, რომ რა მოჰყვება მოთხოვნას ამასთან დაკავშირებით წინასწარ ვერაფერს იტყვის, მიაჩნია, რომ გადაწყვეტილებები, რომელიც დღეს ევროპის ბევრ ქვეყანასა და ბრიუსელის სივრცეში მიიღება, პოლიტიკურად ანგაჟირებულია.
„ჩვენ ყველა შემთხვევაში სწორად უნდა ვიმოქმედოთ. სამართლებრივად და პოლიტიკურად გამართული მოთხოვნა და პოზიცია უნდა იყოს, რომელსაც ხელისუფლება გამოხატავს. საზოგადოებისთვის საგანგებოდ საინტერესოა რეალურად, რა მოხდა ჩვენ თავს, ვინ არის მოღალატე, ვინ არიან ის ადამიანები, ვინც საქართველოს დესტაბილიზაციისთვის იბრძვის და შეფასებები გააკეთოს. რა მოჰყვება მოთხოვნას ამასთან დაკავშირებით წინასწარ ვერ გეტყვით, თუმცა ვფიქრობ, გადაწყვეტილებები, რომელიც დღეს ევროპის ბევრ ქვეყანასა და ბრიუსელის სივრცეში მიიღება, პოლიტიკურად ანგაჟირებულია. მოთხოვნას რა მოჰყვება, ამასთან დაკავშირებით წინასწარ ვერ გეტყვით“, – განაცხადა ვოლსკიმ.
ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ განაცხადა.
მისი თქმით, საქმე ეხება საზოგადოებისათვის კარგად ცნობილ 2019 წლის 20-21 ივნისის და ჩორჩანას ეპიზოდებს, კერძოდ პარლამენტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართული საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას, ორზე მეტი პირის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზების და სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებს.
როგორც გენერალურმა პროკურორმა აღნიშნა, გიორგი გახარიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „მ“ ქვეპუნქტით და 333-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.