გიორგი გახარია „ქართულ ოცნებას” ძალიან საეჭვო გარემოებებში ჩამოსცილდა – გადადგა ისეთი ნაბიჯები, რომლებიც პირდაპირ დაკავშირებული იყო ეროვნული უსაფრთხოებისათვის გარკვეული პრობლემების შექმნასთან, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, პარტია “გახარია საქართველოსთვის” ლიდერის, გიორგი გახარიას წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებაზე განაცხადა.
მისი თქმით, დიდი ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც გიორგი გახარია და „ქართული ოცნება” პოზიციებით მნიშვნელოვნად დაშორდნენ ერთმანეთს, თუმცა ვოლსკის განცხადებითვე, ეს მმართველი პარტიის ბრალი არ იყო.
„რასაკვირველია, ეს არ არის პოლიტიკური პროცესი. დიდი ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩვენ პოზიციებით მნიშვნელოვნად დავცილდით ერთმანეთს და ეს არ არის “ქართული ოცნების” გუნდის ბრალი. იგი ჩამოსცილდა “ქართულ ოცნებას” ძალიან საეჭვო გარემოებებში. გადადგა ისეთი ნაბიჯები, რომლებიც პირდაპირ დაკავშირებული იყო ეროვნული უსაფრთხოებისათვის გარკვეული პრობლემების შექმნასთან. სიღრმისეულად რომ გავაანალიზეთ სიტუაცია, საკმაოდ ვრცელი პერიოდი იყო, რასაკვირველია, ძალიან ბევრი რამ იყო სიახლე ჩვენთვის. ახლებურად შევხედეთ, გავაანალიზეთ სიტუაცია. მე არ ვიცი პროკურატურამ და გამოძიებამ რა დასკვნა შეიძლება გააკეთოს, მაგრამ ვფიქრობ, ეს იყო სერიოზული პოლიტიკური დემარში, რომელიც პირდაპირ იყო მიმართული ეროვნული ინტერესების დასაზიანებლად“, – განაცხადა ვოლსკიმ.
ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ განაცხადა.




