გია ვოლსკის ეჭვი ეპარება, რომ თორნიკე რიჟვაძემ გავრცელებული წერილი დაწერა

„ქართული ოცნების“ ლიდერსა და სადავო პარლამენტის ვიცე-სპიკერს, ს ეჭვი ეპარება, რომ წერილი, რომელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის სახელით გავრცელდა, მანვე დაწერა. პოლიტიკოსმა ჟურნალისტებს პარლამენტში უთხრა, რომ ეს საკითხი გამოძიების დასადგენია.
ჟურნალისტის კითხვას (ეჭვი გეპარებათ, რომ თორნიკე რიჟვაძის დაწერია?) ვოლსკიმ ასე უპასუხა:
„ხო, ეჭვი მეპარება“…
ამის შემდეგ ჟურნალისტმა დამაზუსტებელი კითხვა დასვა – „ვის შეიძლება დაეწერა, ვინც მასთან ერთად იყო?“
„არ ვიცი. სუფრაზე [იყო] და იქვე დაწერა… არავინ არ იცის, ვინ რა წერილი დაწერა. მე არც არაფერს არ უარვყოფ, არც არაფერს არ ვამტკიცებ. საერთოდ, პოლიტიკოსის საქმე არ არის გამოიყენოს ეს ვითარება, ეს უბედურება იმისათვის, რომ დივიდენტი მიიღოს. მე ვერ ვიტყვი, რომ ეს შემდგარი ფაქტია – წერილი არსებობს ისეთი, რომელიც, თქვენ როგორც უწოდებთ, „ჩვენმა მედიამ“ გაავრცელა. გამოძიება მიმდინარეობს და ყველაფერს თავის სახელს დაარქმევს“, – უპასუხა გია ვოლსკიმ.
გუშინ, 7 ივლისს, ცნობილი გახდა, რომ თორნიკე რიჟვაძე, რომელსაც „გულმკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა“, საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალსში“ შეიყვანეს. მალევე ხელისუფლებასთან აფილირებულმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობა სცადა. ამის დასტურად მოჰყავდათ წერილი და ამტკიცებდნენ, რომ ის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილმა თავმჯდომარემ დაწერა.
რიჟვაძის საქმეზე პოლიციამ დააკავა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ალექსი ახვლედიანი. სწორედ მის საცხოვრებელ სახლში, საგარეჯოში იმყოფებოდა რიჟვაძე გასროლის დროს.
პროკურატურამ დღეს, 8 ივლისს ბრალი წაუყენა ახვლედიანს. ამ განცხადებიდან გაირკვა, რომ გამოძიება მუშაობს რიჟვაძის მხრიდან თვითმკვლელობის მცდელობაზე.
რიჟვაძე კვლავ მძიმე მდგომარეობაშია – ის გუშინვე გადაიყვანეს საგარეჯოს „ჯეოჰოსპიტალიდან “ თბილისში, „პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში“.
ფორუმი