გია გორდეზიანი (წახნაგა)
დავამთავრე 57-ე სკოლა. ვიზრდებოდი ჭავჭავაძეზე, ატენის ქუჩის ჩასახვევთან. ჩვენ, ჩვენი სამეგობრო, სიმღერამ შეგვაკავშირა – ცნობილი ექიმი მერაბ თევზაძე, თავგასა – დათო გოგიაშვილი, ერთი წლით უფროსი იყო ჩვენზე. დავამთავრეთ სკოლა და ჩავაბარე აკადემიაში. ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლები სწორედ აკადემიაში მაქვს გატარებული. თავის სიმღერებით, ქეიფებით, მუშაობით, ხატვით… მაშინ თითქმის იქ ვცხოვრობდით.
არანაირი მუსიკალური განათლება არ მაქვს. იყო ჩვენი მეგობრის, ნინო გიორგაძის ბიძა – ჯანიკო გიორგაძე, შესანიშნავი გეოლოგი, უნიკალური ტიპი. ის იყო ჩვენთვის უფროსი, საოცარი ადამიანი რომ შეგხვდება და გზას გაგიკვალავს. ძალიან ვუყვარდით. განსაკუთრებით – მე და მერაბ თევზაძე, იმიტომ, რომ ჩვენ ვმღეროდით. თუკი ვინმე იყო იმ პერიოდში, ყველა ჯანიკოსთან იკრიბებოდა სახლში – ჯანო კახიძით დაწყებული, თემიკო ჩირგაძე იყო თამადა სულ. ცნობილი თამადა იყო. მოკლედ, ისეთი პიროვნებები იყვნენ, რომ დაჯექი და უსმინე, მეტი არაფერი. სწორედ იმ სუფრებზე მოვუსმინე პირველად ზაურ ბოლქვაძეს, იქ იყვნენ: მიშიკო შენგელია, გიზო ბერაძე, ჯემალ ჭკუასელი… მაშინ ავმღერდი მეც.
კარგი პერიოდი იყო… ბოლოს გაუგებარი დაავადება შეეყარა ბატონ ჯანო გიორგაძეს. საფრანგეთში ჰყავდათ და უთხრეს: თუ არ მოწევ, არ დალევ და არ ინერვიულებ, შეიძლება, ორი წელი კიდევ იცოცხლოო. რომ ჩამოვიდა, სულ გვკრებდა და ძალიან ბევრ დროს ატარებდა ჩვენთან. ერთ-ერთი ბოლო ქეიფი იყო ოქროყანაში, მათ აგარაკზე, ძალიან ვიწრო წრეში. რაღაც გამოსათხოვარი სუფრასავით გააკეთა, კი არ დაარქვა ასე, მაგრამ, მაინც… თავის ძმაკაცებს, ჩვენთვის სათაყვანებელ პიროვნებებს უცებ გამოუცხადა: მე მინდა, რომ წახნაგა იყოს თამადაო.
– ანუ – მე. ტკბილი, გემრიელი საღამო ჩავატარეთ. ჩვენი მღერაც უკვე თანდათან, – თავის ქება კიტრად ღირსო, – მაგრამ, ღირდა მოსასმენად.
ჩვენ, შვიდი კაცი დავდიოდით მთელ თბილისში და იმისთანა ქეიფებს ვაწყობდით: მე, დათო გომართელიგიო ხუციშვილი, მერაბ თევზაძე, წიკო, თავგასა და ირაკლი ჭანტურია. შვიდ ხმაში ვმღეროდით – თანამედროვეს, ხალხურებს, ათასნაირ პოპურებს ვაკეთებდით. შეიძლება ითქვას, წარმოდგენებს ვდგამდით. დღემდე ასე ვართ. ყველას უხარია ჩვენთან ერთად სუფრასთან მოხვედრა. ჩვენი განუყრელი მეგობარი იყო ალეკო კვაშალი. ბავშვობის მეგობრები ვართ პრაქტიკულად.
რა დილა თენდება” – რაჭაში ყოფნისას დავწერე. დილას გავიღვიძე – გადასარევი ეზო, სიმწვანე, სიგრილე, სილამაზე და – სიმღერაც დაიწერა. 18-19 წლის ვიქნებოდი მაშინ.
– კი მაგრამ, ნოტები რომ არ იცოდით?
– გიტარაზე დაკვრა ვისწავლე ჩემით. პაკო დე ლუსია არა ვარ, მაგრამ, რაღაცას ჩემით ვპორჭიკობ. თბილისში რომ ჩამოვედი, მოვასმენინე ფიჯეროს – დათო ერისთავს, გაგიჟდა – ეს ჰიტიაო. წავედით მერე ჩვენს ერთ მეგობართან წოდორეთში და, იქ, ქეიფის დროს, დავაწესეთ, რომ ყოველი მეოთხე სიმღერის შემდეგ ეს სიმღერა უნდა გვემღერა, ამიტომ, თავიდან „რა დილა თენდებას” ერქვა „მეხუთე”. მერე ტელევიზიითაც შევასრულეთ. მერე იყო „საახალწლო”, „მოწყენილ სახეებს” რომ ეძახიან და, მერე – „საყვარელო ჩემო თბილის-ქალაქო”. პირველი სამი სიმღერა ეს იყო, დანარჩენების თანმიმდევრობა არ მახსოვს
ავტორი ეკა სალაღაია
ჟურნალი თბილისელები 2014 წ.