“გზის გაფართოებამ ნახევარი საათით შეამცირა თუშეთში ამოსვლის დრო” – რა პრობლემები რჩება რეგიონში?

თუშეთის რეგიონის გამოწვევებზე საუბრისას, სასტუმრო “თუშეთის” თანამფლობელი, სოსო ბაბულაიძე აღნიშნავს, რომ, ომალომდე მისასვლელი გზის გაფართოებამ მიმდინარე სეზონზე ტურისტების ნაკადები გაზარდა, თუმცა კურორტზე გამოწვევები მაინც რჩება. მათ შორისაა ელექტრომომარაგების პრობლემა. ამის შესახებ ბაბულაიძემ BMGTV-ის ეთერში ისაუბრა.
“ივლისის შუა რიცხვიდან მოიმატა ტურისტის რაოდენობა, ამინდები გამოსწორდა და ამან შეუწყო ხელი იმას, რომ ტურისტების სიმრავლე შეინიშნება. დადებითია ისიც, რომ გზა გაფართოვდა და მანქანებს აღარ უჭირს ისე გადაადგილება, თვითონ მგზავრიც აღარ არის ისე დაძაბული, როგორც ადრე იყო, ნახევარი საათით შეამცირა თუშეთში ამოსვლის დრო, თვითონ შიდა გზებში რაღაც პრობლემები არის და ალბათ, ამასაც მოაგვარებენ.
პრობლემებს რაც შეეხება, პირველი პრობლემა, რა თქმა უნდა, ეს დენი და წყალია. ჩვენ ავტონომიურ რეჟიმზე ვართ და მზის ენერგიაზე გვაქვს ყველაფერი. მთათუშეთში ეს არის ერთ-ერთი ყველაზე შემაფერხებელი, ელექტროენერგია საჭირო რაოდენობით და სიმძლავრით არ გაგვაჩნია და პატარა ჰესები აუცილებელი იქნებოდა ამ კუთხისთვის”, – აღნიშნა “თუშეთის” თანამფლობელმა.
ადგილობრივებისთვის კიდევ ერთი გამოწვევა სასტუმროების საჭირო პროდუქტით მომარაგებაა, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ სასტუმრო “თუშეთს” განთავსების ღირებულება არ გაუზრდია, პროდუქტები კი წლიდან წლამდე ძვირდება და მარაგების შესაძენად რამდენიმე ათეული კილომეტრის გავლაა საჭირო.