მიმდინარე საკურორტო სეზონი დაბა ბაკურიანისთვის პრობლემური აღმოჩნდა. დამსვენებლები მუდმივ საცობზე, ყინულით დაფარულ და გასაწმენდ გზებზე, შეზღუდულ საპარკინგე სივრცეებსა და ნარჩენების მართვის პრობლემაზე საუბრობდნენ. პრობლემების გამომწვევ მიზეზად ,,ბაკურიანის განვითარების სააგენტოში“ დამსვენებლების დიდ რაოდენობას ასახელებდნენ. დაბა წელს პირველად ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს უმასპინძლებს. სპორტულ ღონისძიებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება.
,,კომერსანტი“ დაინტერესდა რამდენად მომზადებული ხვდება კურორტი მნიშვნელოვან ღონისძიებას და მოგვარდება თუ არა პრობლემები ოლიმპიური ფესტივალის დაწყებამდე? ამ კითხვებით ჩვენ ,,ბაკურიანის განვითარების სააგენტოს“ ხელმძღვანელს მივმართეთ. ეკა ორჯონიკიძე ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ დაბაში წყლის სისტემების მოწესრიგების პროექტი მიმდინარეობს, რის გამოც საგზაო ინფრასტრუქტურა გაუმართავია. რიგ ლოკაციაზე ასფალტის საფარი მოხსნილია. დღის განმავლობაში კი გზის გაწმენდა და ნარჩენების გატანა საცობების გამო ვერ ხერხდებოდა. ეკა ორჯონიკიძე აცხადებს, რომ ოლიმპიური ფესტივალისთვის დაბაში საგზაო ინფრასტრუქტურა შეძლებისდაგვარად მოწესრიგებული იქნება. მისივე თქმით, მიმდინარე სამუშაოების მიუხედავად წყლის პრობლემა ბაკურიანში არ დგას.
,,გზის გაუმართაობა გამოიწვია იმან, რომ ბაკურიანში მიმდინარეობს წყლისა და წყალარინების დიდი პროექტი, რომელიც საბოლოოდ 2026 წლის ბოლოს დასრულდება. აქედან გამომდინარე, ამ პროექტის ფარგლებში ძალიან ბევრი ლოკაცია იყო გადათხრილი და ვერ მოხერხდა მისი საფუძვლიანად გაკეთება. მაგრამ ამ ოლიმპიადის ფარგლებში საგზაო დეპარტამენტმა შეძლებისდაგვარად შეძლო მეტ-ნაკლებად ამ პრობლემის აღმოფხვრა. გზის გაწმენდასთან დაკავშირებით, გზის გაწმენდა და ნარჩენების გატანა იანვარში ხდებოდა მხოლოდ ღამის საათებში. იქიდან გამომდინარე, რომ იმხელა საცობი იყო დღის განმავლობაში, რომ ფიზიკურად ვეღარ გამოდიოდა მძიმე ტექნიკა. ეს დამატებით საცობს წარმოქმნიდა და აქედან გამომდინარე ცოტა შეიზღუდა ამ სერვისების მიწოდება. წყლის დეტები გაზრდილია და არანაირი პრობლემა ამ მხრივ პიკურ სეზონზეც არ ყოფილა. გაზი და დანარჩენი კომუნიკაციების წესრიგშია.’’- აცხადებს ეკა ორჯონიკიძე.
ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს ბაკურიანი წელს პირველად მასპინძლობს. სპორტული ღონისძიება 9-16 თებერვალს გაიმართება. კურორტს 45 ქვეყნის 1000-მდე სპორტსმენი ეწვევა. დაბაში ჯამში 2500-მდე სტუმარს ელოდებიან. ,,ბაკურიანის განვითარების სააგენტოში“ აცხადებენ, რომ სტუმრებისთვის საჭირო სერვისებით მისაწოდებლად მზად არიან.
,,ჩვენ რა სერვისებიც გვეხება ყველა მიმართულებით მზად ვართ. პიკურმა სეზონმა იანვარში რაც იყო გადაიარა და ვფიქრობთ, რომ თებერვალში არ იქნება ამდენი ხალხი, რაც კიდევ დამატებით პრობლემებს არ შექმნის. იმოძრავებს ჩვენი საზოგადოებრივი ტრანსპორტი. 10-12 ერთეული მინიმუმ, რადგან რამდენიმე მონაკვეთში შეიძლება შეიზღუდოს გადაადგილება.’’- აცხადებს ეკა ორჯონიკიძე.
