აქციაზე გზის გადაკეტვის გამო აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე 61 წლის ზურაბ მენთეშაშვილს აღკვეთის ღონისძებად პატიმრობა შეუფარდა მოსამართლე მზია გარშაულიშვილმა. ამ გადაწყვეტილებით თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა.
იმის მიუხედავად, რომ წაყენებული ბრალი პატიმრობის მაქსიმალურ ვადად 1 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, პროკურორი მაია ჟვანია მოსამართლისგან მოითხოვდა აღკვეთის ღონისძიებად არ გამოყენებულიყო, სხვა ნაკლებად მსუბუქი ღონისძიება. მისი მტკიცებით, არსებობდა ახალი დანაშაულის ჩადენის, მტკიცებულებების განადგურებისა და მიმალვის საფრთხე:
„ეს არის ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, მიუხედავად ამისა, ბრალდება განმარტავს, რომ ყველა საქმე არის ინდივიდუალური… ამ შემთხვევაში მხოლოდ პატიმრობა უზრუნველყოფა ზურაბ მენთეშაშვილის სათანადო ქცევას…
ცენტრალურ მაგისტრალზე, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარედ პროტესტი არ წარმოაგდენს აუცილებლობას, რომ ხელოვნურად გადაკეტოს გზა, ადამიანების მცირე ოდენობის გამო საკმარისია თუ ტროტუარზე გააპროტესტებენ… არ უნდა დაარღვიონ სხვისი უფლებები…
პირბადით, როცა კანონი არის და აკრძალულია, რომ აპროტესტებ გააპროტესტე კანონის ჩარჩოში და არა დაფარულად, რომ არ დაარღვიო სხვისი უფლებები…“
მოსამართლე მზია გარშაულიშვილმა ზურაბ მენთეშაშვილს ჰკითხა, იცოდა თუ არა, რომ „იგივე ქმედების ჩადენა სისხლის სამართლის დანაშაული იქნებოდა“?
„მე მჯდომარე პროტესტის მონაწილე ვარ…მეტი არაფერი ჩამიდენია იმის გარდა, რომ ყოველ დღე მივდივარ აქციაზე…
არ მეგონა თუ ასე მწვავედ იქნებოდა. კი, ვიცოდი… ვიცოდი… ვიცოდი…“ – უპასუხა მან.
ზურაბ მენთეშაშვილი 31 ოქტომბერს დააკავეს რუსთაველის გამზირზე გზის გადაკეტვის საფუძვლით. იმის გამო, რომ ის მანამდე ამავე მიზეზით ადმინისტრაციული წესითაც იყო დაკავებული, შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ” 2025 წლის ოქტომბრის მეორე ნახევარში მიიღო და აამოქმედა გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავი საკანონმდებლო ცვლილებები, პოლიციამ თბილისში დააკავა საპროტესტო აქციების ათეულობით მონაწილე.
ახალი კანონით გზის „ხელოვნურად გადაკეტვა“ ან აქციაზე „პირბადით ყოფნა“ 15 დღემდე პატიმრობით ისჯება. თუ პოლიცია ადამიანს იმავე ბრალდებით განმეორებით დააკავებს, მაშინ მას ერთ წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ფორუმი
				
								
								


