საქართველოს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი გზების ნაწილზე ინტენსიური თოვის გამო მოძრაობა შეიზღუდა ან აიკრძალა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს:
· მლეთა-კობის მონაკვეთი
„საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ79-კმ107 მლეთა–კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით იზღუდება ყველა სახის საგზაო მოძრაობა.
საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე, საგზაო მოძრაობა თავისუფალია“.
· სურამის სატრანსპორტო კვანძი
„ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ133-კმ162 (სურამის სატრანსპორტო კვანძი-ბორითი) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია“.
· ვერონა-თელავის მონაკვეთი
ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ36-კმ64 (ვერონა-თელავი) მონაკვეთზე, დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია.
თიანეთი-ზარიძეები-ჟინვალის გზა
ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თიანეთი- ზარიძეები-ჟინვალის საავტომობილო გზაზე დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება შეზღუდულია.




