საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 31 მარტს, თბილისის მიმართულებით, ცენტრალურ მაგისტრალზე, გადაადგილების შეფერხების მიზეზად მდინარე არაგვის ხიდზე, ერთ სამოძრაო ზოლზე, დაზიანებული კონსტრუქციული ნაწილის აღდგენის სამუშაოები დაასახელა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე პავლე გამყრელიძე 31 მარტს გამოეხმაურა წარმოქმნილ ხერგილს: „მცხეთის მუნიციპალიტეტში, ცენტრალურ გზაზე, მიმდინარეობს დაზიანებული [არაგვის] ხიდის აღდგენითი სამუშაოები. მინდა გამოვეხმაუროთ 31 მარტის მოვლენებს, სადაც აღნიშნულ სამუშაოებთან წარმოქმნილმა საცობმა გამოიწვია თბილისისკენ მიმავალ ზოლზე ავტოტრანსპორტის გადაადგილების მნიშვნელოვანი შეფერხება და მოსახლეობის დიდი უკმაყოფილება”.
გამყრელიძის განცხადებით, ხიდზე, დღეის მდგომარეობით, ასფალტ-ბეტონის საფარის გარდა, ყველა სამუშაო დასრულებულია. „ველოდებით ერთადერთს, საჭიროა, ბეტონმა მიიღოს შესაბამისი სიმტკიცე, რათა მას შემდგომ მოეწყოს ასფალტ-ბეტონის საფარი და აღდგენილი იქნას მოძრაობა აღნიშნულ ხიდზე”, – დაამატა დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ.
31 მარტს ცენტრალურ ავტომაგისტრალზე, თბილისის მიმართულებით, რამდენიმესაათიანი ხერგილი შეიქმნა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 21 მარტს გაავრცელა ცნობა, რომ ხიდზე ათი დღის განმავლობაში ერთ სამოძრაო ზოლზე, მოძრაობა შეიზღუდებოდა.