„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე ციხიდან წერილს ავრცელებს, სადაც პროდასავლური პოლიტიკური და საზოგადოებრივი ჯგუფების სისტემური გაერთიანების საჭიროებაზე საუბრობს.
მისი თქმით, ამ ერთობის ბირთვი ე.წ. არჩევნებში არ მონაწილე 8 პარტია და „წინააღმდეგობის პლატფორმა“ უნდა იყოს.
„„ქართული ოცნების“ ძალა ჩვენი დაქსაქსულობა და ურთიერთ თავდასხმებია. ის, რაც რეჟიმს დაამარცხებს, არის ძლიერი, მწყობრი გაერთიანება, რომელიც აჩვენებს საზოგადოებას, რომ არსებობს რეალური ალტერნატივა. როცა ეს გაერთიანება გამოჩნდება კვლევებში პირველ ადგილზე, ცვლილების პროცესი დაჩქარდება, მერყევ, გადაუწყვეტელ მოქალაქესაც უფრო მეტი მოტივაცია გაუჩნდება უარი უთხრას „ქართულ ოცნებას“ და დასავლელი პარტნიორებიც უფრო ქმედით ნაბიჯებს გადადგამენ.
გვჭირდება, პროდასავლური პოლიტიკური და საზოგადოებრივი ჯგუფების სისტემური, პარიტეტული გაერთიანება, სადაც ყველა ინარჩუნებს იდენტობას, მაგრამ მოქმედებს ერთიანი სახელით, საერთო ბრენდის ქვეშ. გაერთიანება იღებს პასუხისმგებლობას ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანასა და ეფექტურ მართვაზე. რეკომენდებულია, რომ ამ ერთობის ბირთვი იყოს ე.წ. არჩევნებში არ მონაწილე 8 პარტია და „წინააღმდეგობის პლატფორმა“. გადაწყვეტილებები მიიღება კონსენსუსით, ხოლო კონსენსუსის არქონისას – ხმათა უმრავლესობით. გადაწყვეტილება სავალდებულოა ყველა წევრისთვის.
განსაკუთრებულ საკითხებზე შესაძლებელია სახალხო ჩართულობით – ბლოკჩეინის ტექნოლოგიაზე დაფუძნებული აპლიკაციით, სადაც საქართველოს მოქალაქეები პირდაპირ მონაწილეობენ.
აქტიური კამპანია, ერთიანი ბრენდი და შეთანხმებული მოქმედებები გააძლიერებს ჩვენს მხარდაჭერას. გზა გამარჯვებამდე გადის ნამდვილ ერთიანობაზე. თუ ამას შევძლებთ, რეჟიმი დამარცხდება და ქვეყანა დაუბრუნდება განვითარებას, თავისუფლებას და ევროპულ მომავალს,“- აცხადებს გიორგი ვაშაძე.
ოპოზიციური პარტიების ნაწილი აცხადებს, რომ 4 ოქტომბერს დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მორიგი რუსულ სპეცოპერაციაა და არ გახდებიან რეჟიმის თანამზრახველი საქართველოს მოქალაქეების მოტყუებაში. ამის შესახებ ერთიანი პოზიცია აქვთ: „ნაციონალურ მოძრაობას“ ,„სტრატეგია აღმაშენებელს“, „გირჩი – მეტი თავისუფლებას“, „დროას“, „ახალს“, „ფედერალისტებს“, „თავისუფლების მოედანს“, „ევროპულ საქართველოს“.
ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობაზე განსხვავებული პოზიცია აქვთ „ლელოს“ და გახარიას პარტიას. ეს ორი პარტია ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას აპირებს.
