გვწამს ქართველი ხალხის, რომელიც ქვეყნის ნათელი მომავლისთვის იბრძვის – სენატორები

აშშ-ის 11 სენატორი ქართული ოცნების მიერ უცხოური ძალის გამჭვირვალობის შესახებ რუსული სტილის კანონის მიღებას ეხმაურება.
სენატორების საერთო განცხადებაში კიდევ ერთხელ ხაზგასმულია, რომ აღნიშნული კანონის საბოლოოდ მიღება გამოიწვევს საქართველოს მიმართ -ის პოლიტიკის ცვლილებასა და საქართველოში დემოკრატიის განვითარების შეფერხებაში პასუხისმგებელი პირების დასანქცირებას.
“ეს არის შავი დღე საქართველოს დემოკრატიისთვის. ჩვენ ღრმად იმედგაცრუებულები ვართ საქართველოს პარლამენტის მიერ რუსული სტილის უცხო ქვეყნის აგენტების კანონის მიღებით. ეს კანონი მიიღეს ასობით ათასი ქართველის სურვილის წინააღმდეგ, რომლებიც აგრძელებენ მშვიდობიან პროტესტს იმ კანონმდებლობის წინააღმდეგ, რომელიც არა მხოლოდ სიტყვის თავისუფლების შესაზღუდად გამოიყენება, არამედ ხელს შეუშლის საქართველოში დემოკრატიის განვითარებას. ეს კანონი, რომელიც აიძულებს ყველა ორგანიზაციას, რომლებიც ბიუჯეტის 20%-ზე მეტს საზღვარგარეთიდან იღებენ, დარეგისტრირდნენ უცხო ქვეყნის აგენტებად, შეზღუდავს სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვან საქმეს ისეთ ქვეყანაში, სადაც ისედაც მწირი დაფინანსებებია. ამ კანონის მიღება ფუნდამენტურად შეცვლის საქართველოს ურთიერთობებს აშშ-სთან და დააზიანებს ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებებს.
როგორც ჩვენ პრემიერმინისტრი გავაფრთხილეთ, ამ კანონის მიღება აიძულებს კონგრესს, განიხილოს აშშ-ს პოლიტიკის ცვლილება საქართველოს მიმართ, რათა სწორად ასახოს საქართველოში არსებული ახალი პოლიტიკური ვითარება. როგორც უკვე ვთქვით, ეს ზომები შეიძლება მოიცავდეს სანქციებს იმ პირების მიმართ, ვინც ზიანს აყენებენ დემოკრატიას, როგორიც არის ვიზების შეზღუდვა და აშშ-ის პირდაპირი დახმარების გადახედვა. როგორც კონგრესის წევრები, რომლებიც ღრმად პატივს ვცემთ ქართველ ხალხს და მხარს ვუჭერთ ძლიერ, ორმხრივ ურთიერთობებს, გავაგრძელებთ იმ ხალხის მხარდაჭერასა და გამხნევებას, რომელთა 79% მუდმივად მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას. მიუხედავად იმისა, რომ დღეს შავი დღეა, ჩვენ კვლავ გვწამს ქართველი ხალხის, რომელიც საკუთარი ქვეყნის ნათელი მომავლისთვის იბრძვის” – წერია განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერენ სენატორები: ჯიმ რიში, ჯინ შაჰინი, ბენ კარდინი, კრის ქუნი, დიქ დურბინი, როჯერ უიქერი, ტიმ კეინი, რიჩარდ ბუმენთალი, პიტ რიკეტსი, ლინდსი გრეემი და თომ თილისი.
14 მაისს, რუსული კანონის მესამე მოსმენით მიღების დღეს საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯიმ ო’ბრაიენი, რომელიც პრემიერმინისტრ ს, ოპოზიციასა და სამოქალაქო სექტორს შეხვდა.
თავდაპირველად, იგეგმებოდა ო’ბრაიენის შეხვედრა ბიძინა ივანიშვილთანაც, თუმცა, ქართული ოცნების ლიდერმა ამერიკელ მაღალჩინოსანთან შეხვედრაზე უარი თქვა.
დღის ბოლოს ო’ბრაიენმა ბრიფინგზე აღნიშნა, რომ თუ ქართული ოცნება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ ამ კანონს მაინც ევროკავშირის სტანდარტებისა და დემოკრატიის პრინციპების დარღვევით მიიღებს, აშშ მმართველი გუნდის წევრებსა და მათ ოჯახის წევრებს სანქციებს დაუწესებს.
მკაცრი განცხადება გაკეთდა თეთრ სახლშიც. პრესსპიკერმა კარინ ჟან-პიერმა აღნიშნა, რომ ეს კანონი დემოკრატიული ღირებულებების წინააღმდეგაა მიმართული და მისი საბოლოოდ მიღების შემთხვევაში, აშშ ფუნდამენტურად გადახედავს ურთიერთობას საქართველოსთან.

ასევე დაგაინტერესებთ