სასტუმრო “ფალიანის” დამფუძნებლის ეკა გველესიანის თქმით, სვანეთში ტურისტების რაოდენობა გაზრდილია, თუმცა წინა წლებისგან განსხვავებით, რეგიონს მაღალ მხარჯველუნარიანი არც ევროპელი და არც აზიელი ტურისტი აღარ სტუმრობს.
როგორც გველესიანმა “საქმიან დილაში” აღნიშნა, წელს სვანეთში ჩასული დამსვენებლების დიდი ნაწილი ინდოეთიდან, პაკისტანიდან და რუსეთიდან არის, თუმცა მათი დიდი რაოდენობა არც სარესტორნო და არც სხვა გასართობი ტურისტული ობიექტების მომსახურებით არ სარგებლობს, შედეგად, რეგიონში ფასები მნიშვნელოვნად შემცირდა. სასტუმრო „ფალიანის“ მაგალითზე კლება 40%-ია.
„შარშანდელთან შედარებით დატვირთულობა მომატებულია, 75%-ია დაახლოებით, თუმცა ეს არის შემცირებული შემოსავლების ხარჯზე. მაღალ მხარჯველი ევროპელი ტურისტი დაბალ მხარჯველი აზიელი ტურისტით სრულად არის ჩანაცვლებული. წინა წლებში აზიიდან გვსტუმრობდა მხარჯველუნარიანი ტურისტები, იყვნენ სამხრეთ კორეიდან, სინგაპურიდან, იაპონიიდან – ესენი წელს აღარ არიან. ძირითადი მასაა ინდოეთი, პაკისტანი, რუსეთი. მეორე წელია რესტორანი საერთოდ დახურული გვაქვს იმიტომ, რომ ეს სეგმენტი არ იკვებება რესტორნებში. ხშირად თავიანთი საკვებით ჩამოდიან და ნომერში ამზადებენ.
ზოგადად საშუალო სეგმენტის მოგზაურობის ტენდენცია მთელ მსოფლიოში მზარდია, ისინი ახლა დაბალ ბიუჯეტურ მიმართულებებს ირჩევენ და სწორედ აქ ვართ მოხვედრილები, რაც ცხადია არ არის სასურველი. განვითარებული ქვეყნები ცდილობენ ამ ნაკადების მართვას, ამცირებენ რაოდენობას და აქცენტს ხარისხზე აკეთებენ და ასეთ დროს ჩვენ რატომღაც ასეთი ტურისტების მოზიდვაზე ვართ ორიენტირებულები.
ფულს ზოგადად არ ხარჯავენ არაფერში. სვანეთი სულ ევროპელ ტურისტზე იყო ორიენტირებული და აზიელზე გადართვა ახლა ძალიან გვიჭირს, იმიტომ რომ ახალი ბაზარია, განსხვავებული მოთხოვნებით. მაგ. ევროპელი სტუმარი, რომელიც მაღალი პასუხისმგებლობის მქონეა და უფრთხილდება გარემოს, აღიქვამს უშგულს და ამ მემკვიდრეობას, რომლის სანახავადაც ჩამოდის. ეს სეგმენტი კი ვინც ახლა ჩამოდის, ვერ აღიქვამს ვერც ამ როლს, ვერც პასუხისმგებლობას, შეიძლება დაბალი შეფასება დაგვიწერონ იმის გამო, რომ ტელევიზორში არ იყო დიდი რაოდენობის არხები, ან რამე მსგავსი.
ცხადია, ამან გავლენა იქონია ფასებზე, 40%-ით შემცირებული გვაქვს წინა წლებთან შედარებით, მაშინ როცა უნდა იზრდებოდეს. სხვა შემთხვევაში გესთჰაუსებს აირჩევენ, ასევე კონკურენციაა გაზრდილი, ბევრი სასტუმრო გაიხსნა, დემპინგის და მტაცებლური ფასებია ბაზარზე, რის გამოც დათმობებზე წასვლა გვიწევს”, – განაცხადა ეკა გველესიანმა.
