ერთ-ერთი წამყვანი ქართული ტექნოლოგიური სტარტაპის, Kernel-ის მენეჯმენტში მნიშვნელოვანი ცვლილებები შედგა. ამიერიდან, Kernel-ის დირექტორის თანამდებობას Startup Grind Tbilisi-ის ყოფილი დირექტორი, კოლინ დონოჰიუ დაიკავებს, ხოლო სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელად ამერიკელი ანტრეპრენიორი, კრის ბერი დაინიშნა. Kernel-ის დირექტორის ცვლილება მას შემდეგ გახდა გარდაუვალი, რაც კომპანიის მმართველი პარტნიორი, გიორგი ტუხაშვილი ტრაგიკულ ვითარებაში გარდაიცვალა.
როგორც Kernel-ის ახალმა გენერალურმა დირექტორმა, კოლინ დონოჰიუმ BMG-სთან განაცხადა, გიორგი ტუხაშვილის ოჯახი კომპანიის მნიშვნელოვან აქციონერად რჩება, ხოლო კომპანია, ისევე, როგორც ქართული სტარტაპ-კომუნა, გიორგი ტუხაშვილის მოსაგონრად სხვადასხვა ღონისძიებებს გეგმავს, მათ შორის სტარტაპებისთვის გიორგი ტუხაშვილის სახელობის ჯილდოს დაწესებას.
“გიორგი ერთ-ერთი საუკეთესო ადამიანი იყო, რომელსაც ოდესმე შევხვედრივარ – ის ნამდვილი მეგობარი იყო. ერთად, საქართველოში Startup Grind-ის კომუნა შევქმენით, მაგრამ არ ჩამოვთვლი ყველაფერს, რაც ერთად გაგვიკეთებია. ბექა დალაქიშვილთან, მიშო ზღულაძესთან და Kernel-ის გუნდთან ერთად, გიორგი ინდოეთის ბაზარზე ზრდისთვის ემზადებოდა – ყველაფერი ეს, ძალიან მაგარი უნდა ყოფილიყო. ახალ სტრატეგიაზე მასთან ერთად ვმუშაობდი. თუმცა სიმართლე რომ გითხრათ, იმ ვითარებაში, რა ვითარებაშიც Kernel-ი აღმოჩნდა, მით უმეტეს, როცა დირექტორი გიორგივით ნიჭიერი იყო, კომპანიების უმეტესობა, უბრალოდ სრულდება… საოცარია, თუ როგორ გაერთიანდნენ გუნდის წევრები, ინვესტორები და მეგობრები.
ერთი, რაც მინდა საქართველოზე ვთქვა ისაა, რომ გიორგის გარდაცვალებასთან დაკავშირებით რამდენიმე პროექტის დაწყება გვინდა. გვსურს, სტარტაპებისთვის მისი სახელობის ჯილდოები დავაწესოთ, რომლებსაც ის ადამიანები მიიღებენ, რომლებიც მის გულითადობას, სიკეთეს და ლიდერის თვისებებს გაითავისებენ. გვინდა, ეს ადამიანები აღმოვაჩინოთ და იმ ღირებულებებს გავუსვათ ხაზი, რომლებსაც გიორგი გულით ატარებდა და ათასობით ადამიანს მისწვდა, როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოში”, – განაცხადა კოლინ დონოჰიუმ BMG-სთან.
ცნობისთვის გეტყვით, რომ Kernel-ი ერთ-ერთი წამყვანი ქართული ფინტექ-კომპანიაა, რომლის მთავარი ფოკუსი ინდოეთის 1.5-მილიარდიან ბაზარზე მიკრო და მცირე საწარმოების მომსახურებაა. კომპანიის კონკურენტული უპირატესობა მისი პროგრამული უზრუნველყოფაა, რომლითაც კომპანიებს სხვადასხვა საბუღალტრო პროცესების განხორციელება და ანგარიშგებების მომზადება შეუძლიათ.