„გვსურს კომპანიის გაყიდვებში ადგილობრივი ბაზრის წილი 20%-მდე გავზარდოთ“ – მეღვინეობა „შუმი“

„გვსურს კომპანიის გაყიდვებში ადგილობრივი ბაზრის წილი 20%-მდე გავზარდოთ“ – მეღვინეობა „შუმი“
“მიმდინარე წელს, ადგილობრივ ბაზარზე დისტრიბუციის მენეჯმენტის გადახალისებას ვაპირებთ, რადგან სურვილი გვაქვს, რომ ქართულ ბაზარზე უფრო მეტი წილით ვიყოთ წარმოდგენილი. ამ ეტაპზე, ადგილობრივ ბაზარზე ჩვენი პროდუქციის 10-15% იყიდება და გვსურს, აღნიშნული მაჩვენებელი 20%-მდე გავზარდოთ”, – ამის შესახებ “ბიზნესპარტნიორს” მეღვინეობა “შუმის” დამფუძნებელმა აკაკი ცოფურაშვილმა განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, ადგილობრივ ბაზარზე გაყიდვების ზრდა ექსპორტის შემცირების ხარჯზე არ უნდა მოხდეს, რადგან კომპანია პროდუქციის წარმადობის გარკვეულ ზრდას გეგმავს.
„ჩვენი კომპანიის გაყიდვები, წლიდან წლამდე, იზრდება, თუმცა 2019 წლის მაჩვენებლებს ჯერჯერობით ვერ დავუბრუნდით. იანვარ-თებერვალი ზოგადად დაბალი სეზონია ჩვენთვის, თუმცა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, კომპანიის გაყიდვები დაახლოებით, 6-7%-ით არის გაზრდილი. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ მაღალ სეგმენტში ვიმუშაოთ და მაღალფასიანი ღვინო გავყიდოთ, რაც რა თქმა უნდა, უფრო დიდ ძალისხმევას და შრომას მოითხოვს. მოგეხსენებათ, რომ კომპანია „შუმის“ ღვინოები როგორც ადგილობრივ ბაზარზე, თბილისსა და რეგიონებში, ისე უცხოურ ბაზრებზე იყიდება. მიმდინარე წელს გვინდა, რომ ადგილობრივ ბაზარზე გავფართოვდეთ და ჩვენი ღვინო უფრო მეტ ობიექტში იყოს წარმოდგენილი. კერძოდ, გვსურს, რომ გაყიდვები სა და კახეთის მიმართულებით გავააქტიუროთ.
წარმადობის გრანდიოზულ და დიდ მატებას არ ვაპირებთ, თუმცა ვგეგმავთ, გარკვეული რაოდენობის დამატებას, რასაც ყოველწლიურად ვაკეთებთ. გასულ წელს 1.5 მლნ. ბოთლი ჩამოვასხით და წელს, ვფიქრობთ, რომ უკეთესი წელი იქნება“, – აცხადებს აკაკი ცოფურაშვილი.
როგორც კომპანიის დამფუძნებელი აღნიშნავს, კომპლექსის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ღვინის ტურიზმის განვითარებაა, რისთვისაც მიმდინარე წელს როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ ტურისტებთან მუშაობა აქტიურად გაგრძელდება.
„ჩვენ მიმდინარე წელს ვეცდებით უფრო მეტი უცხოელი ტურისტის მოზიდვას და ასევე, ადგილობრივებთან მუშაობის გაგრძელებას. ვხედავთ, რომ ბოლო წლებში საქართველოს მოსახლეობა უფრო და უფრო ინტერესდება ადგილობრივი ტურიზმით. გვინდა, რომ ეს ტენდენცია გამოვიყენოთ და მათ მაღალი ხარისხის მომსახურება შევთავაზოთ. ჩვენ სოციალურ ქსელებში საკმაოდ გავააქტიურეთ მუშაობა. გარდა ამისა, საერთაშორისოდ საკმაოდ დიდ წარმატებებს მივაღწიეთ, მათ შორის, გერმანიაში კონკურსში 10 ოქროს მედალი მოვიპოვეთ, ამასთან, მსოფლიოს საუკეთესო სომელიეების მიერ ჩვენი 2 ღვინო საუკეთესო ღვინოებში დასახელდა – ამ წარმატებების გამოყენებითა და სოციალურ ქსელებში გააქტიურებით ვფიქრობთ, რომ უფრო მეტ მომხმარებელს დავაინტერესებთ.
ტურისტული მაჩვენებლების კუთხით, შარშანდელზე უკეთესი ფინანსური მონაცემები გვაქვს. გარდა ამისა, გაზაფხულისა და ზაფხულის თვეების ჯავშნები უკვე აქტიურად შემოდის. შეკვეთები არის დუბაიდან, პოლონეთიდან, დან, ყაზახეთიდან და ადგილობრივებისგანაც. ჩვენთან მოსულ სტუმრებს სარესტორნე მომსახურებას ეზოში, ვენახებში და ა.შ. ვთავაზობთ. ყველანაირად მომზადებული ვხვდებით სეზონის გააქტიურებას“, – აცხადებს აკაკი ცოფურაშვილი.
რაც შეეხება საექსპორტო ბაზრებს, როგორც კომპანიის დამფუძნებელი აღნიშნავს, „შუმის“ მთავარი ამოცანა ბაზრების დივერსიფიკაციაა. კომპანიის მიერ წარმოებული ღვინოები 33 ქვეყანაში იყიდება და ამასთან, მოლაპარაკებებს ახალ ბაზრებთან, კერძოდ, ბრაზილიასთან, ინდოეთთან და პოლონეთთან აწარმოებს.
„ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ მაღალი სეგმენტი შევინარჩუნოთ. მე დარწმუნებული ვარ, რომ შეერთებულ შტატებში ერთ-ერთ ყველაზე ძვირად ღირებულ ღვინოებს ჩვენ ვყიდით და ვცდილობთ, ეს ფასები რუსეთშიც კი შევინარჩუნოთ. როგორც მოგეხსენებათ, დაახლოებით, 35 ქვეყანაში ვართ წარმოდგენილი და ამჟამად, მოლაპარაკებები ბრაზილიასთან, ნორვეგიასთან და ინდოეთთან მიმდინარეობს. ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ, რომ ერთ ბაზარზე არ ვიყოთ მიბმული და თანაბრად ვიყოთ წარმოდგენილი როგორც ევროპის, ისე ამერიკის და ჩვენი მეზობელი ქვეყნების ბაზრებზე. ჩვენ ვცდილობთ, რომ მაღალი სეგმენტის ნიშა შევინარჩუნოთ“, – აცხადებს აკაკი ცოფურაშვილი.
ცნობისთვის, „შუმის“ ღვინოები ამ ეტაპზე 35-მდე ქვეყანაში გადის და ქართული ბრენდი საშუალო და მაღალ სეგმენტშია წარმოდგენილი.
კომპანია „შუმის“ საქმიანობა 1997 წელს, კახეთში, წინანდალში ვენახების გაშენებით დაიწყო. 2001 წელს გაიხსნა ღვინის საწარმო და იმავე წელს კომპანიამ პირველი მოსავალი მიიღო. კომპანიისთვის ტრიუმფალური გამარჯვება იყო მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ და გავლენიან კონკურსში International Wine Challenge 2023-ზე წარდგენა, სადაც ,,შუმის“ ღვინოებმა 8 ჯილდო მოიპოვეს.