აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო სომხეთს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. მილოცვის ტექსტი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
„ამერიკის შეერთებული შტატების სახელით ვულოცავ სომეხ ხალხს დამოუკიდებლობის 34-ე წელს. შეერთებული შტატები სომხეთის, ჩვენი ძვირფასი პარტნიორის გვერდით დგას საერთო მიზნებისკენ მუშაობაში – მშვიდობის, კეთილდღეობისა და სამხრეთ კავკასიის სტაბილურობისთვის. ჩვენი მტკიცე ურთიერთობა დაფუძნებულია ძლიერ კულტურულ კავშირებზე, საერთო პრინციპებსა და რეგიონული უსაფრთხოებისა და ეკონომიკური შესაძლებლობების მიმართ საერთო სწრაფვაზე. პრეზიდენტი ტრამპის ისტორიული სამიტი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის და აშშ-ის მიერ სომხეთისთვის 145 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარების გამოცხადება „საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობის ტრამპის მარშრუტის“ (TRIPP) ფარგლებში უსვამს ხაზს ჩვენი ქვეყნის მტკიცე ერთგულებას სომხეთის მიმართ, ამავე დროს წარმოაჩენს ჩვენს ერთობლივ ძალისხმევას რეგიონული კავშირების, ეკონომიკური ინვესტიციებისა და უსაფრთხოების თანამშრომლობის ხელშეწყობისთვის. ჩვენ გვიხარია სომხეთის მხარდაჭერა ენერგოუსაფრთხოების გაზრდის, ვაჭრობის გაფართოების და საზღვრის უსაფრთხოების გაძლიერების გზაზე, ამასთანავე ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას სომხეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. სტრატეგიული პარტნიორობისა და ორმხრივი ურთიერთგაგების მემორანდუმებს, რომლებიც პრეზიდენტმა ტრამპმა და პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა მოაწერეს ხელი, წარმოადგენს ჩვენს ძალისხმევას საერთო მიზნების მისაღწევად.”
2025 წლის 8 აგვისტოს ვაშინგტონში, თეთრ სახლში, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მედიაციითა და მონაწილეობით, სომხეთმა და აზერბაიჯანმა სამშვიდობო დეკლარაცია მიიღეს, რომელმაც უნდა დაასრულოს მრავალწლიანი კონფლიქტი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. გარდა ამისა, შეთანხმების შესაბამისად, აშშ მიიღებს ექსკლუზიურ უფლებას 99 წლით სამხრეთ კავკასიაში სტრატეგიული სატრანზიტო დერეფნის განვითარებისათვის.
