ბაზარზე მეორადი ბილეთების პლატფორმა TicTic-ი, 3 დღის წინ, გამოჩნდა. როგორც TicTic-ის თანადამფუძნებელმა დავით შონიამ “ბიზნესპარტნიორთან” განაცხადა, პლატფორმაზე უკვე 20-მდე მომხმარებელი დარეგისტრირდა.
მისივე ინფორმაციით, მომხმარებლების ნაწილი ახალ პლატფორმას დადებითად უყურებენ, ხოლო ნაწილი ფიქრობს, რომ მსგავსი სერვისი ბაზარზე საჭირო არ არის.
“ვფიქრობთ, რომ რაც უფრო გაიზრდება ჩვენი პლატფორმის ცნობადობა, მით უფრო გაიზრდება იმ მომხმარებლების რიცხვი, რომლებიც მეორადი ბილეთების შეძენას ჩვენი პლატფორმის მეშვეობით დაიწყებენ. ჩვენ მომხმარებლებს ბევრად უფრო დიდ კომფორტს და მაღალ სანდოობას ვთავაზობთ. გარდა იმისა, რომ თითოეულმა მომხმარებელმა პლატფორმაზე რეგისტრაციის დროს ვერიფიკაცია უნდა გაიაროს, ამასთან ბილეთის შეძენის დროს თანხა საწყის ეტაპზე ჩვენს ანგარიშზე ირიცხება. მას შემდეგ, რაც ბილეთის მყიდველი დაადასტურებს, რომ აღნიშნულ ღონისძიებას დაესწრო და არანაირი პრობლემა არ შეექმნა, ჩვენ ამ თანხას გამყიდველის ანგარიშზე ვრიცხავთ. აქედან გამომდინარე, აღნიშნული წესი ყოველგვარ თაღლითობას გამორიცხავს. ბილეთის ფასებში ჩვენ არ ვერევით, ამას ბაზარი თავად დაარეგულირებს, თუმცა წესებში გაწერილი გვაქვს, რომ შესაძლებელია გარკვეული რეგულაციებიდან, ან ფაქტორებიდან გამომდინარე ფასის რეგულირება მოგვიწიოს.
ამჟამად, სერვისის ტექნიკურ გამართულობაზე აქტიურად ვმუშაობთ. ჩვენი მოლოდინია, რომ წლის ბოლოსთვის ქართული მეორადი ბილეთების ბაზრის 50% ათვისებული გვქონდეს. ვფიქრობთ, რომ პლატფორმა სოციალურ ქსელში არსებულ ჯგუფებს და “ჩათებს” ჩაანაცვლებს”, – აცხადებს დავით შონია.
ცნობისთვის, სტარტაპი TicTic საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 25 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებულია.
bp.ge
